1. მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგი სხდომის მოწვევა:

ა) მუნიციპალიტეტის საკრებულოს მორიგ სხდომებს თვეში ერთხელ მაინც იწვევს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე;

ბ) საკრებულოს სხდომა, როგორც წესი, იწყება დღის 12:00 საათზე, თუ სხდომის მოწვევის შესახებ საკრებულოს თავმჯდომარის ბრძანებით სხვა დრო არ იქნა განსაზღვრული;

გ) სხდომის მიმდინარეობის დროს შესვენებას საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე აცხადებს:

გ.ა)  სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა უმრავლესობის მოთხოვნით.

გ.ბ) კომისიათა ან ფრაქციათა წინადადებით;

დ) საკრებულოს სხდომა, როგორც წესი, ტარდება სამუშაო დღეებში. გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია საკრებულოს სხდომა მოიწვიოს არასამუშაო პერიოდში (დასვენებისა და უქმე დღეები, არასამუშაო საათები);

ე) საკრებულოს სხდომას, როგორც წესი, ესწრებიან: საკრებულოს წევრები, საკრებულოს აპარატის უფროსი, საკრებულოს აპარატის სხვა საჯარო მოსამსახურეები და მერიის ხელმძღვანელი პირები. საკრებულოს ღია სხდომებს დადგენილი წესით შეიძლება დაესწროს აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის საშუალებათა წარმომადგენლები და სხვა დაინტერესებული პირები. სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით საკრებულოს სხდომაზე შეიძლება მოწვეულ იქნეს სახელმწიფო და არასახელმწიფო დაწესებულებათა წარმომადგენლები, სხვადასხვა დარგის სპეციალისტები, ექსპერტები და სხვა პირები. სხდომას უნდა ესწრებოდეს ის პირი, რომელმაც უშუალოდ მოამზადა სხდომაზე განსახილველი საკითხის პროექტი.

ვ) საკრებულოს წევრებს საკრებულოს მორიგი სხდომის დაწყებამდე ორი დღით ადრე მაინც ინდივიდუალურად უნდა ეცნობოთ სხდომის ჩატარების ადგილი, თარიღი, დაწყების დრო, დღის წესრიგი და მიეწოდოთ შესაბამისი სამართლებრივი აქტების პროექტები. აღნიშნულს ორგანიზებას უწევს და მასზე პასუხისმგებელია საკრებულოს აპარატი.

2. განცხადება საკრებულოს სხდომის ჩატარების შესახებ სხდომის ადგილისა და დროის მითითებით, სხდომაზე განსახილველი საკითხების დღის წესრიგი, ქვეყნდება სხდომის ჩატარებამდე ხუთი დღით ადრე საკრებულოს ოფიციალურ ვებგვერდზე www.khelvachauri.ge ამ პუნქტით გათვალიწინებული ინფორმაცია და დოკუმენტები შესაძლებელია გამოქვეყნდეს აგრეთვე მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებში.

3. გადაუდებელი აუცილებლობისას, საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია ჩაატაროს სხდომა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული წესის დაუცველად. ამ შემთხვევაში საკრებულოს თავმჯდომარე ვალდებულია დაუყოვნებლივ გამოაცხადოს სხდომის ჩატარების ადგილი, დრო და დღის წესრიგი.

4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომა მოიწვევა:

ა) მუნიციპალიტეტის მერის წინადადებით;

ბ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის ინიციატივით;

გ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს სიითი შემადგენლობის არანაკლებ ერთი მესამედის წერილობითი მოთხოვნით;

დ) მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის წერილობითი მოთხოვნით;

ე) მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტრირებულ ამომრჩეველთა საერთო რაოდენობის არანაკლებ 1 პროცენტის მოთხოვნით.

5. რიგგარეშე სხდომის მოწვევის მოთხოვნა უნდა შეიცავდეს რიგგარეშე სხდომის მოწვევის აუცილებლობის დასაბუთებას, დღის წესრიგს და რიგგარეშე სხდომის ჩატარების თარიღს, რის შესახებაც გამოიცემა საკრებულოს თავმჯდომარის ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი – ბრძანება.

6. საკრებულოს რიგგარეშე სხდომაზე განიხილება მხოლოდ რიგგარეშე სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები, სხდომა იხურება დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხების ამოწურვისთანავე.

7. მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ მოთხოვნის/წინადადების წარდგენიდან ერთი კვირის ვადაში მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე იწვევს რიგგარეშე სხდომას. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარე ერთი კვირის ვადაში არ მოიწვევს რიგგარეშე სხდომას, მუნიციპალიტეტის საკრებულო უფლებამოსილია შეიკრიბოს.

8. მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრთა ინფორმირებას მუნიციპალიტეტის საკრებულოს რიგგარეშე სხდომის მოწვევის შესახებ უზრუნველყოფს მუნიციპალიტეტის საკრებულოს აპარატი მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით. რიგგარეშე სხდომაზე მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის გამოუცხადებლობის შემთხვევაში სხდომას თავმჯდომარეობს მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე, ხოლო მისი არყოფნისას – სხდომაზე დამსწრე უხუცესი მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი.

9. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომა უფლებამოსილია, თუ მას ესწრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სრული შემადგენლობის ნახევარზე მეტი.

10. მუნიციპალიტეტის საკრებულო გადაწყვეტილებებს იღებს ღია კენჭისყრით. ფარული კენჭისყრა იმართება მხოლოდ პირის თანამდებობაზე არჩევის, თანამდებობიდან გადაყენების და უნდობლობის გამოცხადების საკითხების გადაწყვეტისას.

11. საკრებულოს სხდომა იმართება საკრებულოს სხდომათა დარბაზში. საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება ჩატარდეს გასვლითი სხდომებიც.

12. საკრებულოს სხდომაზე დასწრების წესი:

ა) საკრებულოს ღია სხდომებზე დასწრების უფლება აქვს ნებისმიერ პირს.

ბ) საკრებულოს დახურულ სხდომაზე დასწრების უფლება აქვს საქართველოს პრეზიდენტს, საქართველოს პარლამენტის წევრს, მერს, საკრებულოში რეგისტრირებულ ლობისტს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ შემთხვევებში, აგრეთვე ამ სხდომაზე სპეციალურად მოწვეულ პირებს. საკრებულოს დახურულ სხდომაზე საკითხის განხილვისას სხდომათა დარბაზის კარი იკეტება.

გ) საკრებულოს სხდომაზე დამსწრე პირებს უფლება არ აქვთ დაიკავონ საკრებულოს წევრისათვის გამოყოფილი ადგილები.

დ) საკრებულოს სხდომის დროს საკრებულოს წევრები და მოწვეული პირები ვალდებულნი არიან დაიცვან ამ რეგლამენტით დადგენილი წესრიგის დაცვის წესი.

13.  თუ საკრებულოს ღია სხდომაზე მოსულ დასწრების მსურველთა რაოდენობა მეტია, ვიდრე საკრებულოს სხდომათა დარბაზში დამსწრე პირებისათვის გამოყოფილ ადგილების რაოდენობა, შესაძლებლობის ფარგლებში სხდომის ტრანსლაცია, ან ტექნიკური საშუალებების გამოყენებით სხდომაზე დასწრების მსურველთათვის სხდომის მიმდინარეობის მოსმენის და ხილვადობის უზრუნველყოფა, ამის შეუძლებლობის შემთხვევაში შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს სხვა დარბაზი. საკრებულოს სხდომის ტრანსლაციას და მის საჯაროობას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი.

14. საკრებულოს დარბაზში ღონისძიებების ჩატარების წესი:

ა) საკრებულოს თავმჯდომარის, საკრებულოს ბიუროს, საკრებულოს კომისიის ან საკრებულოს ფრაქციისა და საკრებულოს წევრის ინიციატივით საკრებულოს დარბაზში შეიძლება მოეწყოს თათბირები, სემინარები, კონფერენციები და საკრებულოს კომპეტენციას მიკუთვნებულ საკითხებთან დაკავშირებული სხვა ღონისძიებები.

ბ) საკრებულოს დარბაზში ღონისძიების ჩატარების ორგანიზებას უზრუნველყოფს საკრებულოს აპარატი საკრებულოს თავმჯდომარის შეთანხმების საფუძველზ