1. საკრებულოს სხდომაზე განსახილველი პროექტები მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საკრებულოს აპარატში შემოტანილი უნდა იქნეს საკრებულოს პირველი ბიუროს სხდომამდე არანაკლებ სამი დღით ადრე.
2. საკრებულოს სხდომაზე განსახილველ საკითხებთან დაკავშირებით ბიუროს მიერ დამტკიცებულ დღის წესრიგს შენიშვნების არარსებობის შემთხვევაში სხდომის თავმჯდომარე აყენებს კენჭისყრაზე.
3. დღის წესრიგით გათვალისწინებული საკრებულოს დადგენილების და განკარგულების პროექტები განიხილება საკრებულოს სხდომაზე, თუ იგი შეტანილია შესაბამის სხდომის დღის წესრიგში. მიმართვები, განცხადებები განიხილება დღის წესრიგში გათვალისწინებულ „სხვა და სხვა საკითხებში“, რისთვისაც საკრებულოს სხდომის ბოლოს გამოიყოფა 15-20 წუთი.
4. საკრებულოს მორიგ სხდომაზე განიხილება მხოლოდ სხდომის დღის წესრიგით გათვალისწინებული საკითხები.
5. საკრებულოს სხდომაზე დღის წესრიგის დამტკიცების შემდეგ საკითხის (სამართლებრივი აქტის პროექტის) განხილვა იწყება მომხსენებლის გამოსვლით. ისეთ საკითხზე (პროექტზე), რომლის საკრებულოსათვის განსახილველად წარდგენაც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად არის მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარის უფლებამოსილება, მომხსენებელი განისაზღვრება საკრებულოს თავმჯდომარის გადაწყვეტილებით, რაც განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონი „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი”-თა და სხვა ნორმატიული აქტებით.
6. საკრებულოს წევრს უფლება აქვს მოითხოვოს საკითხზე თანამომხსენებლად გამოსვლა.
7. საკრებულოს სხდომაზე განსახილველი საკითხის (პროექტის) მომხსენებელი და თანამომხსენებელი განისაზღვრება საკრებულოს ბიუროს გადაწყვეტილებით, თანამომხსენებელი შეიძლება განისაზღვროს საკრებულოს სხდომაზე სხდომის თავმჯდომარის თანხმობით.
8. საკრებულოს სხდომაზე მომხსენებელს გამოსვლისათვის ეძლევა 15 წუთამდე, თანამომხსენებელს 10 წუთამდე, საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს შეუძლია მომხსენებელს და თანამომხსენებელს მისი მოთხოვნით გაუგრძელოს დრო თავისი შეხედულებისამებრ.
9. მომხსენებლის გამოსვლის შემდეგ, საკრებულოს სხდომის თავმჯდომარის თანხმობით საკრებულოს სხდომას საკითხი შეიძლება მოახსენოს თანამომხსენებელმა. ის შეიძლება იყოს საკრებულოს წევრი, მერიის საჯარო მოსამსახურე, ასევე განსახილველი საკითხით დაინტერესებული წარმომადგენელი, რომელიც ესწრება საკრებულოს სხდომას და აქვს განსახილველ საკითხზე სათანადო კომპეტენცია.
10. მოხსენებისა და თანამოხსენების მოსმენის შემდეგ, საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე საკრებულოს წევრებს საშუალებას აძლევს გამოვიდნენ სიტყვით ან/და კითხვით მიმართონ მომხსენებელს ან/და თანამომხსენებელს. საკრებულოს წევრს, რომელსაც სურს შეკითხვის დასმა ან სიტყვით გამოსვლა ხელის აწევით, თხოვნით მიმართავს სხდომის თავმჯდომარეს. საკრებულოს წევრს უფლება აქვს დასვას შეკითხვა ან გამოვიდეს სიტყვით სხდომის თავმჯდომარის მიერ ამისათვის თანხმობის მიცემის შემდეგ.
11. მუნიციპალიტეტის საკრებულოს საჯარო სხდომებზე დამსწრე პირებს უფლება აქვთ, წინასწარი ნებართვის გარეშე, მაგრამ მხოლოდ სხდომის თავმჯდომარის თანხმობის შემთხვევაში, მუნიციპალიტეტის საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით დაუსვან შეკითხვები მომხსენებელს და თანამომხსენებელს, გააკეთონ განმარტება და განცხადება, წარადგინონ ინფორმაცია.
12. საკრებულოს წევრმა სიტყვა უნდა წარმოთქვას ადგილიდან ან ტრიბუნიდან. მომხსენებლისადმი კითხვა მან შეიძლება დასვას ადგილიდან. შეკითხვის დასმის მიზნით წევრმა უნდა მიმართოს საკრებულოს სხდომის თავმჯდომარეს, რომელიც საკრებულოს წევრს აძლევს თანხმობას შეკითხვისათვის. დასმული შეკითხვა უნდა შეეხებოდეს მხოლოდ განსახილველ საკითხს.
13. საკრებულოს სხდომის თავმჯდომარე განსაზღვრავს სიტყვით გამოსვლის ან შეკითხვის დასმის რიგითობას.
14. ერთი და იგივე განსახილველ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წევრს უფლება აქვს სიტყვით გამოვიდეს მხოლოდ ერთჯერ და დასვას შეკითხვები.
15. საკრებულოს წევრის მიერ სიტყვით გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 10 წუთს.
16. საკრებულოს წევრი რომელიც სიტყვით გამოსვლისას არ აღმოჩდება სდომათა დარბაზში კარგავს ამ საკითხზე რიგით გამოსვლის უფლებას.
17. პროცედურულ საკითხთან დაკავშირებით საკრებულოს წევრს სიტყვა მიეცემა რიგგარეშე, წინადადება უნდა შეეხებოდეს მხოლოდ დღის წესრიგს, ან ამ დღის წესრიგით გათვალისწინებულ განსახილველ საკითხს.
18. თუ გამომსვლელი სიტყვით გამოსვლისას მისთვის განკუთვნილ დროს გადააცილებს, სხდომის თავმჯდომარე ჯერ აფრთხილებს, ხოლო შემდეგ ჩამოართმევს სიტყვას. თუ გადაუხვია განსახილველ საკითხს, მას აფრთხილებს ამის შესახებ. თუ ხმარობს შეურაცხმყოფელ სიტყვებს, მოუწოდებს წესრიგისაკენ. თუ გამომსვლელი ორჯერ გააფრთხილეს დაბრუნებოდა განსახილველ საკითხს, ან ორჯერ მოუწოდეს წესრიგისაკენ, მოთხოვნის დაუკმაყოფილების შემთხვევაში, სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია ჩამოართვას მას სიტყვა და ამავე დროს არ მისცეს უფლება ამ საკითხზე მეორედ გამოვიდეს.
19. საკრებულოს წევრს უფლება აქვს მიიღოს მონაწილეობა დღის წესრიგით გათვალისწინებულ საკითხზე გამართულ დებატებში სხდომის თავმჯდომარის თანხმობის შემდეგ, დებატებში გამოსვლა არ უნდა აღემატებოდეს 15 წუთს.
20. დებატები სხდომის თავმჯდომარის გადაწყვეტილებით შეიძლება შეწყდეს, თუ ის ცდება განსახილველ საკითხს და ამ რეგლამენტით დადგენილ დროს, ასევე გონივრულ ზღვარს.
21. სხდომის თავმჯდომარის მიერ დებატების დამთავრებულად გამოცხადების შემდეგ, მომხსენებელსა და თანამომხსენებელს აქვთ დასკვნითი სიტყვით გამოსვლის უფლება. თითოეულ მათგანს დასკვნითი სიტყვისათვის ეძლევათ დრო 7 წუთამდე.
22. საკრებულოს გადაწყვეტილებები (დადგენილებები და განკარგულებები) მიიღება სხდომაზე დამსწრეთა წევრთა ხმების უმრავლესობით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ სხვა რამ არ არის დადგენილი.
23. საკრებულოს სხდომაზე განხილულ საკითხებზე კენჭისყრაში მონაწილეობის უფლება აქვს მხოლოდ საკრებულოს წევრებს.
24. საკრებულოს წევრი ხმას აძლევს პირადად. დაუშვებელია ხმის მიცემის უფლების სხვისთვის გადაცემა.
25. საკითხის (პროექტის) განხილვის შემდეგ საკრებულოს სხდომა:
ა) პროექტს ღებულობს შენიშვნების გარეშე;
ბ) პროექტს ღებულობს სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების (მთლიანად ან ნაწილობრივ) გათვალისწინებით და ამ შემთხვევაში პროექტის წარმომდგენი სუბიექტი ვალდებულია წარმოადგინოს პროექტი საკრებულოს აპარატში საკრებულოს სხდომაზე გამოთქმული შენიშვნების გათვალისწინებით;
გ) პროექტს დამატებითი შესწავლისა და მომზადებისათვის უბრუნებს მის წარმომდგენ სუბიექტს;
დ) უარყოფს პროექტს და უარს ამბობს მის მიღებაზ