1. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი – თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული არის ადგილობრივი თვითმმართველობის პროფესიული საჯარო მოხელე, რომელსაც თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს გამგებელი.

2. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული თავის უფლებამოსილებას ახორციელებს თვითმმართველი ერთეულის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.

3. თვითმმართველი ერთეულის კომპეტენციის ფარგლებში თვითმმართველი ერთეულის რწმუნებული საქართველოს კანონმდებლობით, ამ დებულებით  დადგენილი წესით:

ა) წარმართავს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობას, რომლის უზრუნველსაყოფად:

ა.ა) გამგებელს დასამტკიცებლად წარუდგენს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს სამუშაო გეგმებს;

ა.ბ) ანაწილებს დავალებებს მოხელეებს შორის, უზრუნველყოფს სამუშაო გეგმებით და გამგებლის დავალებებით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელებას;

ა.გ) ამზადებს და გამგებელს წარუდგენს ანგარიშებს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მიერ სამუშაო გეგმებით და გამგებლის ცალკეული დავალებებით განსაზღვრული სამუშაოების შესრულების შესახებ;

ა.დ) უზრუნველყოფს დადგენილი წესით თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმისწარმოებას;

ა.ე) უზრუნველყოფს თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს მოსამსახურეთა მიერ გამგეობის შინაგანაწესის დაცვას, შრომის დისციპლინას.

ბ) უზრუნველყოფს მოსახლეობის კავშირს საკრებულოსთან, გამგეობასთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;

გ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და გამგებელს წარუდგენს ინფორმაციას საკრებულოს და გამგებლის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;

დ) გამგებელს წარუდგენს წინადადებებს  არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;

ე) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;

ვ) ორგანიზებას უწევს მოსახლეობის გამოკითხვის ჩატარებას;

ზ) მოქალაქეებზე გასცემს საქონლის ადგილწარმოშობის და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;

თ) ორგანიზებას უწევს მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და გამგებლისთვის მათ მიწოდებას;

ი) აკონტროლებს ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს გამგებელს და საკრებულოს;

კ)   ასრულებს „ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს;

ლ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა და ამ დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.

4. ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელი ვალდებულია პერიოდულად წარუდგინოს გამგებელს ინფორმაცია თვითმმართველი ერთეულის ადმინისტრაციულ ერთეულში:

ა) მოსახლეობის რაოდენობის შესახებ;

ბ) პირების დაბადებისა და გარდაცვალების და ამ სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის მდგომარეობის შესახებ;

გ) დასაქმებისა და მიგრაციის შესახებ;

დ)  ეკომიგრანტებისა და დევნილების რაოდენობის და მათი საყოფაცხოვრებო და სამეურნეო პირობებით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

ე) მოსახლეობის ელექტროენერგიით, გაზით, შეშით, სასმელი და სარწყავი წყლით უზრუნველყოფის მდგომარეობის შესახებ;

ვ) სოციალური ჯანდაცვის, განათლების, კულტურის, დასვენების, კეთილმოწყობის და სხვა, აგრეთვე ინფრასტრუქტურის ობიექტების (გზები, ხიდები, სტიქიისაგან დამცავი ნაგებობები და სხვა) მდგომარეობისა და მათ სარეაბილიტაციოდ პირველ რიგში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ.

5. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელს-  რწმუნებულს აქვს ბეჭედი.

6. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს რწმუნებული ანგარიშვალდებულია გამგებლის წინაშე.

7. თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოს საქმიანობაზე სამსახურებრივ ზედამხედველობას ახორციელებს გამგებელი.

8. თვითმმართველი ერთეულის რწმუნებულის მიერ თანამდებობრივ უფლებამოსილებათა შესრულების შეუძლებლობის შემთხვევაში, მის მოვალეობას,  გამგებლის გადაწყვეტილებით ასრულებს ერთ-ერთი პროფესიული საჯარო მოხელე.
თავი III
გამგეობის სტრუქტურული ერთეულები და თვითმმართველი ერთეულის ტერიტორიული ორგანოე