1. ნებართვის მფლობელი ვალდებულია დაიცვას შემდეგი სანებართვო პირობები:
ა) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში უზრუნველყოს მომსახურების გაწევა დადგენილი მარშრუტებით;
ბ) მარშრუტების შეცვლის (სამარშრუტო სქემის შეცვლის, მარშრუტის გაუქმების, მარშრუტის დამატების) შემთხვევაში, თუ ეს არ იწვევს ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული საერთო რაოდენობის გაზრდას, ცვლილების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან უზრუნველყოს მომსახურების განხორციელება შეცვლილი მარშრუტების შესაბამისად;
გ) წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში, ასევე მარშრუტების შეცვლის გარეშე მარშრუტებისთვის დადგენილი ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული რაოდენობის გაზრდის შემთხვევაში მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან არაუგვიანეს 1 თვის ვადაში, ხოლო მარშრუტების შეცვლის გარეშე მარშრუტებისთვის დადგენილი ავტობუსების საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული რაოდენობის შემცირების შემთხვევაში, მომსახურების განხორციელება უზრუნველყოს ცვლილების შესახებ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ძალაში შესვლის დღიდან;
დ) კონკურსში გამარჯვებულმა მომსახურების განხორციელება დაიწყოს და ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში განაგრძოს მხოლოდ მისი საკონკურსო განცხადებით განსაზღვრული ტექნიკური მონაცემების ავტობუსებით. ნებართვის მფლობელს უფლება აქვს ავტობუსის შეცვლის დროს შეცვალოს ის უკეთესი ხნოვანების ავტობუსით, ვიდრე იყო შესაცვლელი ავტობუსი კონკურსის ჩატარების დღისთვის;
ე) ნებართვის მოქმედების მთელი ვადის განმავლობაში საკუთრებაში ან ოფიციალურად დამოწმებული წერილობითი ხელშეკრულების საფუძველზე სარგებლობაში იყოლიოს საკონკურსო განცხადებით დადგენილი ავტობუსების რაოდენობა;
ვ) უზრუნველყოს ხაზზე გაშვებისას თითოეული ავტობუსის სანიტარიულ-ჰიგიენური მდგომარეობა;
ზ) დაიცვას მგზავრთა გადაყვანის და ბარგის გადაზიდვის საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესები;
თ) თანამშრომელთა (მძღოლების) სამუშაოზე მიღებისას დაიცვას მათი პროფესიული შესატყვისობის მოთხოვნები;
ი) უზრუნველყოს ნებართვის გამცემთან შეთანხმებული უნიფორმით მომსახურების განმახორციელებელი ყველა მძღოლის შემოსვა;
კ) არ დაუშვას უშუალოდ მარშრუტზე მოძრაობისას მძღოლის მიერ თამბაქოს მოხმარება;
ლ) აანაზღაუროს მომსახურების განხორციელებისას მგზავრისთვის მიყენებული ზიანი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ზიანი გამოწვეულია მგზავრის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით;
მ) უზრუნველყოს მარშრუტზე მომუშავე ავტობუსების აღჭურვა დადგენილი ნიმუშების სვლაგეზის მაჩვენებელი ფირნიშნებით (ან ელექტრონული ტაბლოებით). მაგალითად: ნიმუში N1 ავტობუსის საქარე მინაზე, ნიმუში N2 ავტობუსის სალონში თვალსაჩინო ადგილას:
ნიმუში №1
ნიმუში №2
ნ) მგზავრისთვის თვალსაჩინო ადგილას განათავსოს ინფორმაცია, სადაც მძღოლის სახელი, გვარი, ფოტოსურათი, ნებართვის მფლობელის დასახელება, ცხელი ხაზის სატელეფონო ნომრები და მგზავრობის ღირებულებაა აღნიშნული, აგრეთვე იმ მგზავრთა ჩამონათვალის გამოკვრა, რომლის უფასოდ გადაყვანაც სავალდებულოა ამ წესის შესაბამისად, კერძოდ: 1941-1945წწ. ომის ვეტერანები, 10 წლამდე ასაკის ბავშვები და შშმ პირები;
ო) აწარმოოს ავტობუსების ყოველდღიური სადისპეტჩერო აღრიცხვა-რეგულირება;
პ) დაიცვას მარშრუტის საწყის, საბოლოო და მგზავრთა ჩასხდომა-გადმოსხდომის ადგილებში დგომის წესები, სისუფთავის და ჰიგიენური ნორმები, ნებართვის გამცემის მოთხოვნით, ასევე საჭიროების შემთხვევაში ნებართვის გამცემთან შეთანხმებით საქართველოს ნორმატიული აქტებით დადგენილი წესით განათავსოს ბიოტუალეტები;
ჟ) უზრუნველყოს მარშრუტის მუშაობის დაწყება-დამთავრების დროისა და ინტერვალის დაცვა;
რ) არ დაუშვას ავტოსატრანსპორტო საშუალების დამამზადებლის მიერ დადგენილ მგზავრთტევადობაზე მეტი მგზავრის გადაყვანა;
ს) გადამზიდავი (M2 და M3 კატეგორიის ავტობუსის მძღოლი) ვალდებულია მგზავრთა ჩასხდომა–გადმოსხდომა აწარმოოს გაჩერებისათვის სპეციალურად მონიშნულ ადგილებში;
ტ) მომსახურების გაწევა განახორციელოს დადგენილი ტარიფის შესაბამისად;
უ) უზრუნველყოს მარშრუტზე მომუშავე M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების GPS მონიტორინგის სისტემით აღჭურვა. GPS მონიტორინგის სისტემის პროგრამული გამოყენება საშუალებას აძლევს მაკონტროლებელ უწყებას და კომპანიების სადისპეტჩერო სამსახურებს აკონტროლოს გადაზიდვების სრული პროცესი რეალურ დროში შემდეგი პარამეტრებით: M2 და M3 კატეგორიის ავტობუსების მიმდინარე ადგილმდებარეობა, მოძრაობის არეალი და გაჩერებები, გადაადგილების სიჩქარე;
ფ) უზრუნველყოს მარშრუტზე მომუშავე M2 და M3 კატეგორიის ავტობუსებში (მგზავრობის საფასურის გადახდის უნივერსალური საშუალება) გადახდის ელექტრონული აღმრიცხველი საშუალებების დამონტაჟება საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად, რომელიც მგზავრისთვის უნდა იძლეოდეს დადგენილი შეღავათიანი ტარიფით/ფასით სარგებლობის შესაძლებლობას და ახდენდეს მათ აღრიცხვას;
ქ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „ნ“ ქვეპუნტით დადგენილი მოთხოვნის შესრულების შემდგომ მომსახურების გაწევა განახორციელოს ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი შეღავათების გათვალისწინებით;
ღ) აწარმოოს მგზავრის საჩივრების აღრიცხვა, მოაწყოს ცხელი ხაზი;
ყ) M2 და M3 კატეგორიის ავტობუსზე რეკლამა განათავსოს მხოლოდ ნებართვის გამცემის წერილობითი თანხმობის შემთხვევაში, საქართველოს ნორმატიული აქტების შესაბამისად;
შ) გადაიხადოს ნებართვის გაცემის ფასი;
ჩ) ნებართვის მფლობელის (მძღოლების) ან სხვა ტექნიკური პერსონალის გაფიცვის ან ადმინისტრაციის ლოკაუტის შემთხვევაში არ დაუშვას მომსახურების სრული შეწყვეტა რომელიმე მარშრუტზე 3 კალენდარულ დღეზე მეტ ხანს, ხოლო მომსახურების შეზღუდვა 5 დღეზე მეტ ხანს, მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ნებართვის გამცემს წინასწარ 2 დღით ადრე წერილობით შეატყობინებს მოსალოდნელი გაფიცვის ან ლოკაუტის შესახებ;
ც) ნებართვის გამცემს ნებართვის გაუქმების შესახებ მოთხოვნა წარუდგინოს მინიმუმ სამი თვით ადრე;
ძ) არ დაუშვას ნებართვის გამცემის წინასწარი წერილობითი თანხმობისა და ნებართვის გამცემის მიერ დადგენილი პირობების გარეშე ნებართვის სხვა პირისათვის ნებისმიერი ფორმით გადაცემა;
წ) ხელი შეუწყოს უფლებამოსილ შემმოწმებელს მუშაობაში;
ჭ) სრულად შეასრულოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები.
2. ნებართვის მფლობელს უფლება აქვს:
ა) ფორსმაჟორის ან სხვა შემთხვევაში, როდესაც შეუძლებელია მარშრუტის დაცვა, ნებართვის გამცემის თანხმობით და მის მიერ დადგენილი სქემით, დროებით შეცვალოს მუშაობის რეჟიმი, მოძრაობის განრიგი, შეწყვიტოს ან გარკვეულ მონაკვეთზე შეცვალოს დადგენილი მარშრუტი; თუ შეუძლებელია ნებართვის გამცემის თანხმობის მიღება, მომსახურებაში განხორციელებული ცვლილების შესახებ აცნობოს ნებართვის გამცემს დაუყოვნებლივ;
ბ) ნებართვის გამცემს წარუდგინოს წინადადებები ადგილობრივი საქალაქო რეგულარული სამგზავრო გადაყვანის უკეთესად ორგანიზების შესახებ;
გ) ისარგებლოს საქართველოს ნორმატიული აქტებით გათვალისწინებული სხვა უფლებამოსილებებით.
3. ნებართვის მფლობელი ვალდებულია:
ა) მძღოლად დასაქმება შესთავაზოს ნებართვის გაცემამდე მომსახურების განმახორციელებელ მძღოლებს იმავე პირობებით, რასაც შესთავაზებს მესამე პირებს. მათი თანხმობის შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი ვალდებულია უპირატესად დაასაქმოს ისინი;
ბ) იმ შემთხვევაში თუ მძღოლი მის მიერ მართული ავტობუსით მოხვდება ავარიაში (ავტოსაგზაო შემთხვევა) და არ იკვეთება ამ ავარიაში მისი ბრალეულობა მას შეუძლია წარმოადგინოს სხვა ავტობუსი, რომელიც აკმაყოფილებს ამ წესით მოთხოვნილ სავალდებულო ტექნიკურ კრიტერიუმებს და კომისიის დასკვნის შემდგომ მიეცემა უფლება მომსახურების გაგრძელების შესახებ;
გ) ნებართვის მიღებისთანავე და შემდგომში პერიოდულად ავტობუსების შეცვლის შემთხვევაში თუ ნებართვის მფლობელს გააჩნია საკმარისი რაოდენობის რეზერვი, ავტობუსების ჩანაცვლება არ მოხდება, ხოლო თუკი ავტობუსების რეზერვი არაა საკმარისი, გამოთავისუფლებულ ადგილზე ნებართვის მფლობელმა უნდა წარმოადგინოს არანაკლებ 3 (სამი) ავტობუსი, რომლიდანაც საკონკურსო კომისია შეარჩევს საუკეთესოს;
დ) სარეგისტრაციო მონაცემების ცვლილების შემთხვევაში, ნებართვის მფლობელი ვალდებულია ნებართვის გამცემს წერილობით აცნობოს ამის თაობაზე და წარუდგინოს სათანადო დოკუმენტები შესაბამისი ცვლილების განხორციელებიდან შვიდი დღის განმავლობაში