2. ცოდნის დონის შემოწმება კომისიის მიერ შესაძლებელია როგორც ტესტირების, ასევე გასაუბრების გზით. განმცხადებელი, განცხადების რეგისტრაციისას, მიუთითებს ცოდნის დონის შემოწმების რომელ ფორმას ირჩევს. გასაუბრება, თუ განცხადება წარმოდგენილია საქართველოს ფარგლებს გარეთ და ელექტრონული კომუნიკაცია იძლევა განმცხადებლის პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებას, შესაძლებელია ჩატარდეს პირდაპირი ვიზუალური კონტაქტის საშუალებით. გასაუბრებაზე შესაძლებელია განხორციელდეს აუდიო ან ვიდეოჩაწერა, რის თაობაზეც წინასწარ უნდა ეცნობოს განმცხადებელს.
3. ტესტირება ტარდება განცხადების მიღების დღიდან 30 დღის განმავლობაში სათანადოდ მოწყობილ საგამოცდო ოთახში ან საქართველოს შესაბამის დიპლომატიურ წარმომადგენლობაში ან საკონსულო დაწესებულებაში განცხადების საქართველოს ფარგლებს გარეთ წარდგენის შემთხვევაში. კომისიის მიერ შეიძლება დადგინდეს ტესტირების ჩატარების სხვა ადგილიც.
4. ტესტირებაზე განმცხადებელი დაიშვება წინასწარ განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით, რომლის თაობაზეც განმცხადებელს ეცნობება შეტყობინების გაგზავნით ან დოკუმენტის სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნების გზით. ტესტირებაზე შეიძლება მიღებულ იქნეს ერთდროულად რამდენიმე განმცხადებელი. განმცხადებელთა რაოდენობა განისაზღვრება შესაბამისი ოთახის ფართობისა და აღჭურვილობის, აგრეთვე განმცხადებლის ქცევისადმი ზედამხედველობის შესაძლებლობის გათვალისწინებით.
5. ტესტირება, როგორც წესი, ტარდება ელექტრონულად, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც ობიექტური გარემოების გამო ტესტირების ელექტრონულად ჩატარება შეუძლებელია, ის შეიძლება ჩატარდეს მატერიალური ფორმით. თითოეული კატეგორიის ტესტირებისათვის დადგენილია 20 წუთი. ტესტების რაოდენობა შეადგენს 10-ს. დადებით შედეგად ითვლება არანაკლებ 7 ტესტზე სწორი პასუხის გაცემა.
6. ტესტირების გავლას არ ექვემდებარება არასრულწლოვანი პირი, ასევე მხარდაჭერის მიმღები ან ისეთი ფიზიკური ნაკლის მქონე პირი, რომელიც შეუძლებელს ხდის შემოწმდეს, აკმაყოფილებს თუ არა იგი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებს. ფიზიკური ნაკლის გამო ტესტირების გავლისგან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილებას იღებს კომისია წარმოდგენილი ჯანმრთელობის შესახებ ცნობის ან/და სხვა უტყუარი მტკიცებულების საფუძველზე.
7. გასაუბრების გზით ცოდნის დონის შემოწმებისას, კომისია წინასწარ შემუშავებული კითხვების საშუალებით არკვევს განმცხადებლის ცოდნის დონეს.
8. საქართველოს მოქალაქეობის ჩვეულებრივი წესით, გამარტივებული წესით, აღდგენის წესით, მათ შორის, საქართველოს მოქალაქეობის აღდგენის მოთხოვნის დროებითი უფლების საფუძველზე და სპეციალური წესით მინიჭების საკითხების განხილვისას, შესაბამისად, სახელმწიფო ენის და/ან საქართველოს ისტორიისა და სამართლის ძირითადი საფუძვლების ცოდნის შეფასებისას, კომისია იღებს ერთ-ერთ გადაწყვეტილებას:
ა) ცოდნის დონე შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს;
ბ) ცოდნის დონე არ შეესაბამება საქართველოს მოქალაქეობის მოსაპოვებლად დადგენილ მოთხოვნებს.
9. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ, აგრეთვე საქმის მასალების გადაგზავნიდან 10 დღეში ამ უწყებებიდან ინფორმაციის მიუღებლობის შემთხვევაში, კომისია აფასებს პირის მიერ სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის საფუძვლების ცოდნის დონესა და სხვა ქვეყნის მოქალაქის მიმართ კანონის მე-17 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობების არსებობის საკითხს და იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:
ა) ადგენს, რომ პირის მიმართ არსებობს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები;
ბ) ადგენს, რომ პირის მიმართ არ არსებობს კანონის მე-17 მუხლით გათვალისწინებული პირობები.
10. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან საქართველოს მოქალაქეობის საგამონაკლისო წესით მინიჭების დამაბრკოლებელი გარემოებების არსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემთხვევაში, კომისია აფასებს პირის მიერ სახელმწიფო ენის, ისტორიისა და სამართლის საფუძვლების ცოდნის დონეს და ამის საფუძველზე იღებს ამ მუხლის მე-8 პუნქტის „ა“ ან „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ერთ-ერთ გადაწყვეტილებას.
11. საქართველოს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურიდან ან/და საქართველოს დაზვერვის სამსახურიდან საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების თაობაზე დამაბრკოლებელი გარემოებების არარსებობის შესახებ ინფორმაციის მიღების შემდეგ კანონის 211 მუხლით განსაზღვრული მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას, კომისია იღებს გადაწყვეტილებას საქართველოსთან პირის სარწმუნო კავშირის არსებობის ან არარსებობის შესახებ.
12. საგამონაკლისო წესით მოქალაქეობის მინიჭებისა და საქართველოს მოქალაქეობის შენარჩუნების საკითხის განხილვისას, პირის მიმართ კანონის მე-17 მუხლის პირველი და 211 მუხლის მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული პირობების არსებობას, საამისოდ მნიშვნელოვანი გარემოებების გათვალისწინებით, კომისია ადგენს შინაგანი რწმენის საფუძველზე.
13. კომისიის გადაწყვეტილება ფორმდება ოქმის სახით, რომელსაც ხელს აწერს კომისიის ყველა დამსწრე წევრი. სხდომაზე დამსწრე წევრის განსხვავებული მოსაზრების არსებობის შემთხვევაში, ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი. განსხვავებული მოსაზრება აისახება წერილობითი ფორმით და დაერთვება კომისიის გადაწყვეტილების ამსახველ ოქმს. ოქმში, კომისიის გადაწყვეტილების შინაარსის გარდა, მიეთითება სააგენტოს მიერ კომისიის გადაწყვეტილების საფუძველზე დადებითი ან უარყოფითი დასკვნის მომზადების შესახებ.
14. კომისია გადაწყვეტილებას იღებს განმცხადებლის მიერ არჩეული საქმის განხილვის ვადების გათვალისწინებით, მაგრამ არაუგვიანეს ამ ვადის ამოწურვამდე 5 დღით ადრ