1. ამ მუხლის გათვალისწინებით იმპორტის გადასახადისაგან გათავისუფლებულია საქონელი, რომელიც ექვემდებარება გამოცდას, ანალიზს ან ტესტირებას, მისი შემადგენლობის, ხარისხის ან სხვა ტექნიკური მახასიათებლების დასადგენად, თუ აღნიშნული ოპერაციები ხორციელდება ინფორმაციის მიღების მიზნით ან სამრეწველო ან სავაჭრო კვლევის მიზნისათვის.

2. ამ მუხლის მე-5 ნაწილის გათვალისწინებით, ამ მუხლის პირველი ნაწილით შესაბამისად იმპორტის გადასახადისაგან თავისუფლდება საქონელი, თუ ცდას, ანალიზს ან ტესტირებას დაქვემდებარებული საქონელი მთლიანად იქნება გამოყენებული ან განადგურებული ცდის, ანალიზის ან ტესტირების პროცესში.

3. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი არ ვრცელდება იმ საქონელზე, რომლის ცდის, ანალიზის ან ტესტირების პროცესი თავის თავში მოიცავს ამ საქონლის გაყიდვების ხელშეწყობის ოპერაციებს.

4. ამ მუხლით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება საქონლის მხოლოდ იმ ოდენობაზე, რაც საჭიროა იმ მიზნისათვის, რომლისთვისაც ხორციელდება მისი შემოტანა.

5. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შეღავათი ვრცელდება საქონელზე, რომელიც სრულად არ გამოიყენება ან არ ნადგურდება ცდის, ანალიზის ან ტესტირების პროცესში, თუ დარჩენილი პროდუქტი:

ა) სრულად განადგურდება ან დაკარგავს კომერციულ ღირებულებას ცდის, ანალიზის ან ტესტირების დასრულების შემდეგ;

ბ) საქართველოს საბაჟო კანონმდებლობის შესაბამისად გადაეცემა სახელმწიფოს საკუთრებაში;

გ) განსაკუთრებული გარემოებების გამო გაიტანება საქართველოს საბაჟო ტერიტორიის ფარგლებს გარეთ.

6. ამ მუხლის მე-5 ნაწილის მიზნისათვის, „დარჩენილი პროდუქტი“ არის ცდის, ანალიზის ან ტესტირების შედეგად მიღებული პროდუქტი ან საქონელი, რომელიც ფაქტობრივად არ იქნა გამოყენებული ცდის, ანალიზის ან ტესტირების დროს.

7. თუ ამ მუხლის მე-5 ნაწილით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული ცდის, ანალიზის ან ტესტირების დასრულების შემდეგ დარჩენილი პროდუქტი ექვემდებარება დაბეგვრას იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს ცდის, ანალიზის ან ტესტირების დასრულების მომენტში, გამომდინარე საქონლის სახეობიდან და ამავე მომენტისთვის საბაჟო ორგანოს მიერ განსაზღვრული საბაჟო ღირებულებიდან. დაინტერესებულ მხარეს შეუძლია, დარჩენილი პროდუქტი აქციოს ნარჩენად ან/და ჯართად. ამ შემთხვევაში, დაბეგვრა მოხდება იმპორტის გადასახადის იმ განაკვეთით, რომელიც მოქმედებს ასეთ ნარჩენზე ან/და ჯართზე, ნარჩენად ან/და ჯართად ქცევის მომენტში.

8. კომპეტენტური ორგანო განსაზღვრავს ვადას, რომლის ფარგლებშიც უნდა ჩატარდეს ცდა, ანალიზი ან ტესტირება, ასევე განსაზღვრავს ადმინისტრაციულ ფორმალობებს, რომლებიც უნდა შესრულდეს იმისათვის, რომ უზრუნველყოფილი იქნეს საქონლის წინასწარ განსაზღვრული მიზნით გამოყენებ