1. წინამდებარე კოდექსის მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია გაატაროს არსებული ვითარებისათვის საჭირო ადმინისტრაციული და მაკორექტირებელი ღონისძიებები, მოსთხოვოს ბანკს, ადმინისტრატორს ან მაკონტროლებელ პირს კორპორაციული მართვის სისტემაში ცვლილებ(ებ)ის შეტანა,  გამოიყენოს ამ დებულებით ან „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის 30-ე მუხლით გათვალისწინებული სანქციები.

2.    ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, რეგულარულად შეაფასოს ბანკებისა და საბანკო ჯგუფის კორპორაციული მართვა, რაც მოიცავს, თუმცა არ შემოიფარგლება ანგარიშგებების, შესაბამისი დოკუმენტაციის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებთან და ბანკის პერსონალთან გასაუბრების, ბანკის თვითშეფასებების, ადგილზე შემოწმებებისა და სხვა საზედამხედველო მეთოდების გამოყენებით შეფასებას.

3.    ეროვნული ბანკი უფლებამოსილია შეაფასოს ბანკის მექანიზმები სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის მიერ პასუხისმგებლობათა შესრულების კუთხით. ეს მათ შორის, გულისხმობს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ბანკის სხვადასხვა ფუნქციებთან თანამშრომლობის, მათ მიერ შიდა კონტროლების ადეკვატურობის შეფასების არსებობის და ზოგადად, ბანკის მთლიან ჯანსაღ მმართველობაში მათი როლის შეფასებებს.

4.    ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ბანკის კორპორაციული მართვის შეფასების ფარგლებში პერიოდულად, შეხვდეს ან დაესწროს ბანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და მათი კომიტეტების სხდომებს, მათ შორის შესაძლებელია სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარესთან, საბჭოს უფროს დამოუკიდებელ წევრთან ან მოადგილესთან (ასეთის არსებობის შემთხვევაში), კომიტეტების თავმჯდომარეებთან ან საბჭოს დამოუკიდებელ წევრებთან უფრო მეტი სიხშირით შეხვედრა.

5.    წინამდებარე კოდექსით განსაზღვრულ მოთხოვნებთან შესაბამისობის საკითხი სხვა საკითხებთან ერთად იქნება გათვალისწინებული ბანკების რისკების შეფასების საერთო პროგრამის (GRAPE) ფარგლებში კორპორაციული მართვის რისკისა და ადმინისტრატორთა კანონმდებლობით განსაზღვრული შესაფერისობის კრიტერიუმებთან შესაბამისობის შეფასებისას. ამასთან, კორპორაციული მართვის მოწინავე პრაქტიკასთან შესაბამისობა, მათ შორის, სამეთვალყურეო საბჭოში წინამდებარე კოდექსით განსაზღვრულ რაოდენობაზე მეტი და ეროვნული ბანკის შეფასებით დამოუკიდებელი წევრების ან საბჭოს თავმჯდომარის პოზიციაზე ეროვნული ბანკის შეფასებით დამოუკიდებელი წევრის არსებობა, პოზიტიურად იქნება გათვალისწინებული GRAPE-ის შეფასებაში. შეფასების შედეგად იდენტიფიცირებული რისკების მიტიგაციის მიზნებისათვის, ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, წინამდებარე კოდექსის ფარგლებში გასცეს წერილობითი მითითება/გაფრთხილება, დააწესოს შეზღუდვები და ინდივიდუალური მოთხოვნები, მათ შორის, რიგ შემთხვევებში, მოსთხოვოს ბანკს სამეთვალყურეო საბჭოს შემადგენლობის შეცვლა, დამოუკიდებელი წევრის დამატება, კონტროლის ფუნქციების რესურსებით გაძლიერება და სხვ