1. ბანკის ანაზღაურების სისტემა ჯანსაღ კორპორაციულ მართვასა და რისკების მართვის წამახალისებელ ქცევას უნდა უწყობდეს ხელს. აღნიშნული სისტემის ფარგლებში უზრუნველყოფილი უნდა იყოს სათანადო რისკის აღების პროცედურები და ბანკის ძლიერი საოპერაციო და რისკის კულტურა და სისტემა შესაბამისობაში უნდა იყოს ბანკის საქმიანობასთან, რისკის სტრატეგიასთან, მიზნებთან, ფასეულობებთან და ბანკის გრძელვადიან ინტერესებთან. ანაზღაურების სისტემა არ უნდა ახალისებდეს გადაჭარბებული რისკების აღებას.
2. ბანკს დოკუმენტურად უნდა ჰქონდეს განსაზღვრული ანაზღაურების პოლიტიკა, რაც სხვა საკითხებთან ერთად უნდა მოიცავდეს საქმიანობის შესაბამისად, ანაზღაურების ფორმებსა და მათ კომბინაციებს, მათ შორის, ფიქსირებული და ცვალებადი ანაზღაურების ფორმებს, ბონუსური სისტემის ელემენტებს და ასევე გადახდების გრაფიკებსა და პერიოდულობის საკითხებს.
3. ანაზღაურების პოლიტიკა უნდა უზრუნველყოფდეს იმას, რომ კონტროლის ფუნქციების თანამშრომლეთა ანაზღაურება, მათ შორის, მათ ფუნქციებსა და საქმიანობაზე დაფუძნებული კომპონენტები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, არ ქმნიდეს ასეთ პირთა დამოუკიდებლობის რისკს. კონტროლის ფუნქციების დამოუკიდებლობის შენარჩუნებისათვის თანამშრომლების ანაზღაურება არ უნდა იყოს დამოკიდებული იმ ბიზნეს ხაზის საქმიანობის ფინანსურ შედეგებზე, რომლებსაც ამოწმებენ ან მონიტორინგს უწევენ აღნიშნული ფუნქციები.
4. დირექტორატის მიერ ანაზღაურების სისტემის ეფექტური ფუნქციონირების მონიტორინგზე პასუხისმგებელი სამეთვალყურეო საბჭოა, რომელიც თავად ან ანაზღაურების კომიტეტის მეშვეობით სულ მცირე, ყოველწლიურად გადახედავს ანაზღაურების გეგმებს, პროცესებსა და შედეგებს.
5. სამეთვალყურეო საბჭო, ანაზღაურების კომიტეტის რეკომენდაციით, ამტკიცებს დირექტორატისა და კონტროლის ფუნქციების ანაზღაურების პოლიტიკას და ამასთან, მონიტორინგს უწევს ანაზღაურების პოლიტიკების, სისტემისა და დაკავშირებული კონტროლის პროცესების ეფექტურ ფუნქციონირებას.
6. ბანკს შემუშავებული უნდა ჰქონდეს ანაზღაურების პოლიტიკა ბანკის მთლიანი პერსონალის მასშტაბით. ამასთან, ბანკში უნდა არსებობდეს დამატებითი/განსხვავებული ანაზღაურების სტანდარტები მატერიალური რისკის ამღები პირებისთვის.
7. ანაზღაურება უნდა ასახავდეს როგორც რისკის აღების საკითხებს, ისე რისკების შედეგებს. ისეთი ანაზღაურების შემთხვევაში, რომელიც მომავალ შემოსავლებზეა დამოკიდებული, უნდა შემუშავდეს შეფასების რაოდენობრივი და ხარისხობრივი ინდიკატორები.
8. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურება უნდა შეესაბამებოდეს მათ ჩართულობას, დაკისრებულ პასუხისმგებლობებს, გაწეულ ძალისხმევასა და დროის რესურსს. მათი ანაზღაურება რისკის ქვეშ არ უნდა აყენებდეს მათ მიუკერძოებლობას. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურება უნდა მოიცავდეს მხოლოდ ფიქსირებულ ანაზღაურებას. სამეთვალყურეო საბჭოს წევრობის გარდა, სამეთვალყურეო საბჭოს წევრი დამატებით ანაზღაურებას შეიძლება იღებდეს იმ შემთხვევაში, თუ წევრი არის საბჭოს თამჯდომარე, თავმჯდომარის მოადგილე, საბჭოს კომიტეტის წევრი ან თამჯდომარე. ამასთან, ჩამოთვლილ პოზიციებზე მყოფი სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა და აღნიშნულ პოზიციებზე არ მყოფი საბჭოს სხვა წევრების მთლიან წლიურ ანაზღაურებას შორის სხვაობა არ უნდა იყოს 30%-ზე მეტი.
9. დირექტორატისა და მატერიალურ რისკის ამღებ სხვა პირთა ანაზღაურების სისტემა, მინიმუმ, უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს:
ა) ფიქსირებულ ანაზღაურებას, რომელიც უნდა ასახავდეს შესაბამის პროფესიულ გამოცდილებასა და ორგანიზაციულ პასუხისმგებლობას, რაც, თავის მხრივ, განსაზღვრული უნდა იყოს პირის სამუშაო აღწერილობაში, როგორც დასაქმების ნაწილი;
ბ) ცვალებად ანაზღაურებას, რომელიც გარდა პირის სამუშაო აღწერილობაში მითითებულისა, უნდა ეფუძნებოდეს რისკებზე მიბმულ საქმიანობის შედეგებს. ამასთან, მთლიანი ცვალებადი ანაზღაურების პოლიტიკა ხელს არ უნდა უშლიდეს ბანკის მიერ კაპიტალის ადეკვატურობის დადგენილი კოეფიციენტების დაცვასა და სხვა ნორმატივების შესრულებას. ბანკს შესაძლებლობა უნდა ჰქონდეს ცვალებადი ანაზღაურების არ გაცემის გზით, არ დაუშვას საზედამხედველო კაპიტალის შემცირება.
10. დირექტორატის წევრების და მატერიალური რისკების ამღებ სხვა პირთათვის შემუშავებული ანაზღაურების გადახდის გრაფიკები დამოკიდებული უნდა იყოს მთლიანი წლის შედეგებზე, რაც მათ შორის, გულისხმობს დირექტორატის წევრებისთვისა და მატერიალური რისკის ამღები სხვა პირებისთვის ცვალებად ანაზღაურებასთან მიმართებით, პოლიტიკაში, მინიმუმ, შემდეგი ელემენტების გათვალისწინებას:
ა) ცვალებადი ანაზღაურების გადავადებისა და შეკავების პრინციპი და მისი გადახდის ფორმები:
ა.ა) გადავადების პრინციპი - წლიური ანაზღაურების ცვალებადი ნაწილის არანაკლებ 40%-ის, ხოლო ისეთი პირების შემთხვევაში, რომელთა მთლიან წლიურ ანაზღაურებაში ცვალებადი ანაზღაურების მოცულობა 50%-ს აღემატება ცვალებადი ანაზღაურების არანაკლებ 60%-ის, გადახდა გადავადებული უნდა იყოს, სულ მცირე, 3-დან 5 წლამდე პერიოდით.
ა.ა.ა) ცვალებადი ანაზღაურების გადავადების ხანგრძლივობა დამოკიდებული უნდა იყოს პირის საქმიანობასთან დაკავშირებული რისკების რეალიზების პერიოდზე. სისტემურად მნიშვნელოვანი ბანკების ცვალებადი ანაზღაურების გადავადების ხანგრძლივობა დირექტორატისთვის არ უნდა იყოს 5 წელზე ნაკლები.
ა.ა.ბ) გადავადებული ცვალებადი ანაზღაურების გაცემა შესაძლებელია ერთბაშად გადავადების პერიოდის დასრულებისთანავე ან გადავადების პერიოდის მანძილზე თანაბარი პროპორციულობით. ამასთან, პროპორციულად გადახდის შემთხვევაში, გადავადებული ცვალებადი ანაზღაურების გადახდები არ უნდა გაიცეს 12 თვეზე უფრო მეტი სიხშირით.
ა.ბ) შეკავების პრინციპი - ცვალებადი ანაზღაურების გადაუვადებელი ნაწილი, რომლის გაცემა ხდება ბანკის ან საბანკო ჰოლდინგის აქციების, აქციებთან დაკავშირებული ან სხვა საშუალებების სახით, დირექტორების შემთხვევაში მინიმუმ 1 (ერთი) წლიან, ხოლო მატერიალური რისკის ამღები სხვა პირების შემთხვევაში, სულ მცირე, 6 (ექვსი) თვიანი შეკავების პერიოდს უნდა დაექვემდებაროს.
ა.გ) გადახდის ფორმები - ცვალებადი ანაზღაურების, როგორც გადავადებული, ასევე გადაუვადებელი ნაწილის მაქსიმუმ 50% შეიძლება იყოს გაცემული ფულადი თანხის სახით, ხოლო დანარჩენი - გადახდილი უნდა იყოს ბანკის ან საბანკო ჰოლდინგის აქციების, აქციებთან დაკავშირებული ან სხვა საშუალებების სახით:
ა.გ.ა) თუ ბანკის ან საბანკო ჯგუფის სტრუქტურის არსებობის შემთხვევაში — საბანკო ჰოლდინგის აქციები ივაჭრება საფონდო ბირჟაზე, ანაზღაურების ნაწილის გაცემა უნდა მოხდეს ბანკის ან საბანკო ჰოლდინგის აქციების სახით, იმ შემთხვევაში თუ ბანკი აღნიშნული საბანკო ჯგუფისთვის მატერიალურ წევრს (ბანკის აქტივების წილი საბანკო ჯგუფში აქტივების აღემატება 50%-ს) წარმოადგენს. აღნიშნულ შემთხვევებში გასაცემი აქციის ფასის განსაზღვრის მეთოდოლოგია უნდა შეესაბამებოდეს აღიარებულ საერთაშორისო პრაქტიკას და დამტკიცებული უნდა იყოს აქციონერთა საერთო კრების მიერ.
ა.გ.ბ) იმ შემთხვევაში, თუ ბანკის ან საბანკო ჰოლდინგის აქციების არ ივაჭრება საფონდო ბირჟაზე, ბანკმა უნდა შეიმუშავოს აქციებთან დაკავშირებული ან სხვა საშუალებებით ანაზღაურების სისტემა. აქციებთან დაკავშირებული ან სხვა საშუალებების ფასი უნდა განისაზღვროს ბანკის აქციების სამართლიან ღირებულებაზე მოქმედი ფაქტორებით. იმ შემთხვევაში თუ სამართლიან ღირებულებაზე მოქმედი ფაქტორების განსაზღვრა მატერიალურ ხარჯებთანა არის დაკავშირებული, აღნიშნული საშუალებების ფასი უნდა განისაზღვროს ბანკის ისეთი აგრეგირებული მაჩვენებლებით, როგორიცაა კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნები, კაპიტალის მაჩვენებლები, აქტივების ხარისხის მაჩვენებლები და სხვა. აღნიშნული მაჩვენებლები ბანკმა უნდა განსაზღვროს ანაზღაურების პოლიტიკის შემუშავების ფარგლებში და შეუთანხმოს ეროვნულ ბანკს.
ბ) წლიური ცვალებადი ანაზღაურების მაქსიმალური კოეფიციენტი - მატერიალურ რისკის ამღებ პირთა ანაზღაურების წლიური ცვალებადი კომპონენტი არ უნდა აჭარბებდეს მათი წლიური ანაზღაურების ფიქსირებული კომპონენტის 100%-ს. გამონაკლის შემთხვევაში, შესაძლებელია, საკმარისი საფუძვლების არსებობისას აქციონერთა უმრავლესობის გადაწყვეტილებით უფრო მაღალი კოეფიციენტის დადგენაც იმ პირობით, რომ წლიური ცვალებადი ანაზღაურება არ გადააჭარბებს წლიური ფიქსირებული კომპონენტის 200%-ს. აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, ინფორმაცია შესაბამისი დასაბუთებით დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს ეროვნულ ბანკს.
გ) კომპენსაციების ადრეული და შემდგომი საქმიანობის შედეგებზე/რისკზე დაფუძნებული კორექტირებები, რომელიც მათ შორის მოიცავს ისეთი რისკის კორექტირებებს, რომელიც პირის, სტრუქტურული ერთეულის და მთლიანად ბანკის საქმიანობის შეფასებასა და ბანკის მიერ განსაზღვრულ კრიტერიუმებზეა დაფუძნებული. აღნიშნულ კორექტირებებს შესაძლოა, დაექვემდებაროს წლიური ცვალებადი ანაზღაურების მთლიანი ოდენობა და ისინი შესაძლოა, იყოს შემდეგი სახის:
გ.ა) კორექტირება, როდესაც ანაზღაურება მცირდება ან უქმდება რეალიზებული რისკების ან სხვა გარემოებების გათვალისწინებით პირისთვის ანაზღაურების გამოყოფის მომენტში ან უფრო ადრეულ ეტაპზე;
გ.ბ) გადახდილი ანაზღაურების დაბრუნება, როდესაც ანაზღაურება მცირდება ან უქმდება არასწორი ანგარიშგების, შიდა პოლიტიკებთან ან კანონმდებლობის სხვა მოთხოვნებთან შეუსაბამობის, მათ შორის, ეთიკის ნორმების დარღვევის ან სხვა ბანკის მიერ განსაზღვრულ დარღვევის სხვა შემთხვევებში.
დ) წინამდებარე პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ანაზღაურების კორექტირებისა და დაბრუნების პრინციპის გამოსაყენებლად, ბანკი ვალდებულია, წინასწარ განსაზღვროს ის კრიტერიუმები, რომლებზე დაყრდნობითაც მიიღებს გადაწყვეტილებას ცვალებადი ანაზღაურების/მისი ნაწილის კორექტირების/დაბრუნების თაობაზე. ეს კრიტერიუმები, მინიმუმ, უნდა მოიცავდეს, შემდეგ ელემენტებს:
დ.ა) ანაზღაურების სუბიექტი პირის მიერ ისეთი ქმედების ჩადენა, რამაც მნიშვნელოვანი ზარალი მიაყენა ბანკს;
დ.ბ) ანაზღაურების სუბიექტი პირი ვეღარ აკმაყოფილებს დადგენილ შესაფერისობის სტანდარტებს;
დ.გ) ანაზღაურების სუბიექტი პირის მიერ არამართლზომიერი ქცევა ან არსებითი გადაცდომა, მათ შორის ეთიკის/ქცევის კოდექსის ან სხვა შიდა წესების მატერიალური დარღვევა;
დ.დ) ბანკის/სტრუქტურული ერთეულის ფინანსური მაჩვენებლების (მაგალითად, კონკრეტული ბიზნეს ინდიკატორების) გაუარესება, გადახდილი ანაზღაურების დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, აღნიშნული გაურესება გამოწვეული უნდა იყოს პირის მონაწილეობით;
დ.ე) ბანკის/სტრუქტურული ერთეულის არსებითი გადაცდომები/პრობლემები რისკების მართვის კუთხით, გადახდილი ანაზღაურების დაბრუნების მოთხოვნის შემთხვევაში, აღნიშნული გადაცდომები/პრობლემები გამოწვეული უნდა იყოს პირის მონაწილეობით;
დ.ვ) ანაზღაურების კორექტირების შემთხვევაში, ბანკის/სტრუქტურული ერთეულის ეკონომიკური/საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნების მნიშვნელოვანი ზრდა;
დ.ზ) ანაზღაურების სუბიექტის პირის ქმედება, რომელმაც გარკვეული გავლენა მოახდინა ბანკისთვის კანონმდებლობით დადგენილი/საზედამხედველო სანქციის დაწესებაზე.
11. ბანკის დირექტორატის ან მატერიალური რისკის ამღები სხვა პირის მიერ ბანკში დაკავებული პოზიციის დატოვება არ უნდა იყოს ამ მუხლის მე-10 პუნქტით განსაზღვრული ცვალებადი ანაზღაურების გადავადების განსაზღვრულ დროზე ადრე შეწყვეტის ან მისი კორექტირების საფუძველი, თუ არ არსებობს კორექტირების სხვა მიზეზები.
12. ბანკმა უნდა გაამჟღავნოს ანაზღაურების კონსულტანტთა ვინაობა/კომპანიის დასახელება (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პილარ 3-ის წლიურ ანგარიშში „კომერციული ბანკების მიერ პილარ 3-ის ფარგლებში ინფორმაციის გამჟღავნების წესის“ მე-7 მუხლით განსაზღვრული წესით.
13. ეროვნულ ბანკი უფლებამოსილია, მოითხოვოს ბანკისგან შესაბამისი დასაბუთება იმის თაობაზე, რომ ანაზღაურების სისტემიდან მომდინარე წახალისებები სათანადოდ ითვალისწინებს ბანკის რისკებს, საზედამხედველო კაპიტალისა და ლიკვიდობის მოთხოვნებს და შემოსავლების მიღების ალბათობებ