1.
საერთო კრება უფლებამოსილია თავისი საქმიანობის წარმართვის და მისი ხელშეწყობის მიზნით საკუთარი შემადგენლობიდან აირჩიოს რჩეული.
2.
რჩეულის კანდიდატურის დასახელების უფლება აქვს შესაბამისი საერთო კრების წევრთა არანაკლებ 5%-ს.
3.
რჩეულის კანდიდატურის დასახელება დადასტურებული უნდა იყოს წერილობითი ფორმით.
4.
რჩეულის კანდიდატურის დასახელებისას მისი მხარდამჭერი ჯგუფის მიერ ხელმოწერილ დოკუმენტში უნდა მიეთითოს მხარდამჭერი პირის:

ა) სახელი, გვარი;

ბ) პირადი ნომერი;

გ) მისამართი.

5.
საერთო კრების მოდერატორი, წარმოდგენილი კანდიდატურების დასახელების შემდეგ ითხოვს მათ თანხმობას, კენჭი იყარონ რჩეულის თანამდებობაზე.

6.
რჩეულის კანდიდატად დასახელებულ კრების წევრს უფლება აქვს უარი თქვას კანდიდატად დასახელებაზე.

7.
კანდიდატთა სიის დადგენის შემდეგ კრების მოდერატორი აცხადებს კენჭისყრას. რჩეულის არჩევნები შეიძლება ჩატარდეს ფარული კენჭისყრით, ბიულეტენების საშუალებით.

8.
ბიულეტენებში შეიტანება ყველა ის დასახელებული კანდიდატურა, რომელიც თანხმობას განაცხადებს კენჭი იყაროს რჩეულის თანამდებობაზე. ბიულეტენებში კანდიდატები შეიტანება მათი დასახელების რიგითობის მიხედვით.

9.
ბიულეტენების მომზადების, დარიგებისა და კენჭისყრის პროცესს ხელმძღვანელობს ხმის დამთვლელი კომისია. კომისია შედგება კრებაზე დამსწრე 1 უხუცესი ქალი და 1 უხუცესი კაცი წევრისა და კრების მოდერატორისგან, კომისიას თავმჯდომარეობს კრების მოდერატორი.
10.
კენჭისყრის დამთავრების შემდეგ ხმის დამთვლელი კომისიის თავმჯდომარე კომისიის წევრების თანდასწრებით ხსნის კენჭისყრისთვის გათვალისწინებულ სპეციალურ ყუთს და ითვლის ბიულეტენების რაოდენობას. ბიულეტენი ბათილად იქნება ცნობილი, თუ შემოხაზულია ერთზე მეტი კანდიდატის რიგითი ნომერი ან შეუძლებელია დადგინდეს რომელ კანდიდატს მიეცა ხმა.
11.
ხმის დამთვლელი კომისია განიხილავს ხმების დათვლის შედეგებს, ადგენს ოქმს, რომელშიც აღინიშნება თითოეული კანდიდატის მიერ მიღებული ხმების, აგრეთვე ბათილად ცნობილი ბიულეტენების რაოდენობა. ოქმს ხელს აწერენ კომისიის თავმჯდომარე და წევრები. კომისიის ოქმს საერთო კრებას აცნობს კომისიის თავმჯდომარე. კომისიის ოქმი ნამდვილია, თუ ხელს აწერს კომისიის სამივე წევრი. კომისიის წევრს უფლება აქვს ხელი არ მოაწეროს ოქმს, თუ მიიჩნევს, რომ ოქმი არ ასახავს კენჭისყრის შედეგებს, ხმის მიცემის პროცედურა არ შეესაბამებოდა წინამდებარე დებულებით დადგენილ პროცედურას ან/და არსებობს სხვა მიზეზი, რაც არჩევნების უკანონობაზე მიუთითებდა. ასეთ შემთხევაში კენჭისყრის პროცედურები ხელახლა ტარდება.

12.
რჩეულად აირჩევა კანდიდატი, რომელიც მიიღებს ყველაზე მეტ ხმას.

13.
თუ არჩევნების შედეგების მიხედვით რამდენიმე კანდიდატმა ერთნაირი შედეგები აჩვენა, არჩეულად ცხადდება კანდიდატი, რომელიც უფრო ადრე დარეგისტრირდა.

14.
არჩევნებზე კანდიდატურის არდასახელება ან არჩევნების ჩაშლა არ იწვევს საერთო კრების უფლებამოსილების შეჩერებას ან შეწყვეტას. საერთო კრების შესაბამის სხდომას ბოლომდე უძღვება მოდერატორი.
15.
საერთო კრების, საინიციატივო ჯგუფის მიერ მოწვევის შემთხვევაში, არჩევნებზე კანდიდატურის არდასახელების ან არჩევნების ჩაშლის შემთხვევაში საერთო კრება უფლებამოსილია, დამსწრეთა უმრავლესობით, ღია კენჭისყრით, რჩეულის უფლებამოსილების შესრულება დაავალოს კრების მოდერატორს მისი თანხმობით.თავი IV
მუნიციპალიტეტის ორგანოების ვალდებულებები და უფლებამოსილებები დასახლების საერთო კრებასთან მიმართებაშ