1.

ამ წესის მიზნებისათვის, გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) ლიზინგის საგნის ღირებულება – მიმწოდებელთან გაფორმებული ლიზინგის საგნის ნასყიდობის ან სხვაგვარად მიწოდების შესახებ ხელშეკრულებით განსაზღვრული ლიზინგის საგნის ღირებულება ან განმეორებითი ლიზინგის შემთხვევაში ლიზინგის გამცემსა და ლიზინგის მიმღებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებით განსაზღვრული ლიზინგის საგნის ღირებულება. ლიზინგის საგნის ღირებულებაში დამატებული ღირებულების გადასახადის გათვალისწინება ხდება იმ შემთხვევაში, თუ ლიზინგის გამცემი საგადასახდო კანონმდებლობის შესაბამისად ვერ ახდენს აღნიშნული გადასახადის ჩათვლას;

ბ) ლიზინგის დაფინანსების თანხა – ლიზინგის საგნის ღირებულება, ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის საგნის სარგებლობაში მიღებასთან დაკავშირებული კაპიტალიზირებადი დანახარჯების გათვალისწინებით, ლიზინგის მიმღების თანამონაწილეობის გარეშე;

გ) კაპიტალიზირებადი დანახარჯები – ლიზინგის საგნის ლიზინგის მიმღების მიერ სარგებლობაში მიღებასთან დაკავშირებული დანახარჯები, რომლის გათვალისწინებაც ხდება ლიზინგის საგნის თვითღირებულებაში

და რომელიც არ იარსებებდა ლიზინგის ხელშეკრულების არარსებობის პირობებში;

დ) ლიზინგის დაფინანსების ნარჩენი თანხა – ლიზინგის დაფინანსების თანხის დარჩენილი ნაწილი მიმდინარე თარიღისათვის ლიზინგის მიმღების მხრიდან ლიზინგის გამცემის მიმართ განხორციელებული გადახდების შემდეგ;

ე) სალიზინგო საზღაური – ლიზინგის მიმღების მიერ ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ფულადი შენატანის ის ნაწილი, რომელიც მოიცავს ლიზინგის დაფინანსების თანხას (მის ნაწილს) და ფინანსურ ხარჯებს. თუ ლიზინგის ხელშეკრულებით ლიზინგის მიმღები ვალდებულია ხელშეკრულებით შეთანხმებული ვადის გასვლის

შემდეგ ლიზინგის საგანი დაუბრუნოს ლიზინგის გამცემს, ამ შემთხვევაში ლიზინგის საგნის ლიზინგის გამცემისთვის დაბრუნების თარიღისთვის სალიზინგო საზღაური გამოითვლება ლიზინგის დაფინანსების ნარჩენი თანხისა და ამავე თარიღისათვის გადასახდელი ფინანსური ხარჯების ჯამით;

ვ) სარგებელი – ლიზინგის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სარგებელი, რომელიც ერიცხება
ლიზინგის დაფინანსების თანხას;

ზ) ფინანსური ხარჯი – ხარჯი, რომელიც გაითვალისწინება ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთის გაანგარიშებაში, ფინანსური ხარჯის გაანგარიშების წესი მოცემულია ამ წესის მე-3 მუხლში;

თ) ლიზინგის წლიური ეფექტური საპროცენტო განაკვეთი – ლიზინგის წლიური საპროცენტო განაკვეთი, რომლის გაანგარიშებაში გაითვალისწინება ყველა ფინანსური ხარჯი, ლიზინგის მიმღების მიერ ამ ხარჯის გაწევის პერიოდის გათვალისწინებით;

ი) პირდაპირი ანგარიშსწორების ფასი – ლიზინგის საგნის ფასი, რომელსაც სხვა თანაბარ პირობებში ლიზინგის მიმღები გადაუხდიდა ლიზინგის საგნის მიმწოდებელს ლიზინგის ხელშეკრულების გარეშე შეძენის შემთხვევაში;

კ) ლიზინგის რესტრუქტურიზაცია – ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით შეთანხმებული სალიზინგო საზღაურების გადახდის გრაფიკის ცვლილება, რომელიც შესაძლოა განხორციელდეს ლიზინგის მიმღებისთვის შექმნილი ფინანსური სირთულეებიდან ან ლიზინგის დაფინანსების თანხის ნაწილობრივ წინსწრებით დაფარვის მიზეზით;

ლ) ლიზინგის ვადის გაგრძელება – ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით შეთანხმებული საზღაურების გადახდის გრაფიკის ვადის გაზრდა;

მ) ლიზინგის რეფინანსირება – ლიზინგის ხელშეკრულების მიხედვით შეთანხმებული ლიზინგის დაფინანსების ნარჩენი თანხის დაფარვა ახალი ლიზინგის ხელშეკრულების დადების გზით.

2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობ