ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტისათვის გადახდილი შემოსავალი სავალო მოთხოვნიდან, შეიძლება დაიბეგროს ამ მეორე სახელმწიფოში.

ამასთან, ამგვარი შემოსავალი სავალო მოთხოვნიდან ასევე შეიძლება დაიბეგროს იმ ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც ის წარმოიშობა ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, მაგრამ თუ ამგვარი შემოსავლის ბენეფიციური მფლობელი არის მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, მაშინ ასეთი სახით გადახდილი გადასახადი არ უნდა აღემატებოდეს ამგვარი შემოსავლის საერთო რაოდენობის 5 პროცენტს.

ხელშემკვრელი სახელმწიფოების კომპეტენტური უწყებები ურთიერთშეთანხმების საფუძველზე წყვეტენ ამ შეზღუდვის გამოყენების საკითს.

ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილი და მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს მთავრობისთვის გადახდილი შემოსავალი სავალო მოთხოვნიდან დაიბეგრება მხოლოდ ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში. ამ პუნქტის მიზნებისთვის, ტერმინი „მთავრობა“ მოიცავს:

საქართველოს შემთხვევაში:

მთავრობას, ადმინისტრაციულ ქვედანაყოფებს ან ხელისუფლების ადგილობრივ ორგანოებს;

საქართველოს ეროვნულ ბანკს; და

ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელსაც სრულიად ფლობს მთავრობა;

საუდის არაბეთის სამეფოს შემთხვევაში:

საუდის არაბეთის მონეტარულ სააგენტოს (SAMA);

საუდის განვითარების ფონდს;

საჯარო საინვესტიციო ფონდს;

საჯარო საპენსიო სააგენტოს;

სოციალური დაზღვევის გენერალურ ორგანიზაციას; და

ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელსაც სრულიად ფლობს მთავრობა.

ტერმინი „შემოსავალი სავალო მოთხოვნიდან” ამ მუხლის მიზნებისთვის ნიშნავს შემოსავალს ნებისმიერი სახის სავალო მოთხოვნიდან, მისი იპოთეკური უზრუნველყოფისა და მოვალის მოგებაში მონაწილეობის უფლების არსებობის მიუხედავად. კერძოდ, შემოსავალს სახელმწიფო ფასიანი ქაღალდებიდან და შემოსავალს ობლიგაციებიდან ან სავალო ვალდებულებებიდან მათზე დარიცხული პრემიებისა და მოგებების ჩათვლით. ამ მუხლის მიზნებისთვის, ჯარიმები დაგვიანებულ გადახდაზე სავალო მოთხოვნიდან მიღებულ შემოსავლად არ განიხილება.

ამ მუხლის პირველი და მეორე პუნქტების დებულებები არ გამოიყენება, თუ სავალო მოთხოვნიდან მიღებული შემოსავლის ბენეფიციური მფლობელი არის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, რომელიც თავის საქმიანობას ახორციელებს მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში, სადაც წარმოიშობა შემოსავალი სავალო მოთხოვნიდან იქ არსებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, ან ამ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს დამოუკიდებელ პირად მომსახურებას იქ არსებული ფიქსირებული ადგილის მეშვეობით, ან სავალო მოთხოვნა, რომლის საფუძველზეც ხდება სავალო მოთხოვნიდან მიღებული შემოსავლის გადახდა, უშუალოდ უკავშირდება ასეთ მუდმივ დაწესებულებას ან ფიქსირებულ ადგილს. ასეთ შემთხვევაში შესაბამისად გამოიყენება მე-7 ან მე-14 მუხლის დებულებები.

სავალო მოთხოვნიდან მიღებული შემოსავალი ითვლება ხელშემკვრელ სახელმწიფოში წარმოშობილად, თუ გადამხდელი არის ამ სახელმწიფოს რეზიდენტი. თუ ამგვარი შემოსავლის გადამხდელ პირს, მიუხედავად იმისა, არის თუ არა ის ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტი, ხელშემკვრელ სახელმწიფოში გააჩნია მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ადგილი, რომელთან დაკავშირებული ვალდებულებიდანაც წარმოიშვა გადახდილი ამგვარი შემოსავალი და ამგვარი შემოსავლის ხარჯის მატარებელია ასეთი მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ადგილი, მაშინ ამგვარი შემოსავალი ჩაითვლება იმ სახელმწიფოში წარმოშობილად, რომელშიც მდებარეობს ასეთი მუდმივი დაწესებულება ან ფიქსირებული ადგილი.

თუ სავალო მოთხოვნიდან მიღებული შემოსავლის გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის, ან ორივე მათგანსა და რომელიმე მესამე პირს შორის განსაკუთრებულ ურთიერთობათა არსებობის გამო, სავალო მოთხოვნიდან მიღებული შემოსავლის თანხა, იმ სავალო ვალდებულების გათვალისწინებით, რომლის საფუძველზეც ხდება მისი გადახდა, აჭარბებს თანხას, რომელიც შეთანხმებული იქნებოდა გადამხდელსა და ბენეფიციურ მფლობელს შორის ასეთი ურთიერთობების არარსებობისას, მაშინ ამ მუხლის დებულებები გამოიყენება მხოლოდ უკანასკნელად ხსენებული თანხის მიმართ. ასეთ შემთხვევაში, გადასახდელი თანხის ნამეტი კვლავაც ექვემდებარება დაბეგვრას თითოეული ხელშემკვრელი სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის შესაბამისად, ამ შეთანხმების სხვა დებულებების გათვალისწინები