ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმოს მოგება იბეგრება მხოლოდ ამ სახელმწიფოში, თუ ეს საწარმო თავის საქმიანობას მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში არ ახორციელებს იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით. თუ საწარმო ამგვარად ახორციელებს საქმიანობას, მაშინ მისი მოგება შეიძლება დაიბეგროს მეორე სახელმწიფოში, მაგრამ მხოლოდ იმ ნაწილში, რომელიც მიეკუთვნება (a) ამ მუდმივ დაწესებულებას; (b) ამ მუდმივი დაწესებულების მეშვეობით მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში გაყიდული საქონლის ან პროდუქციის იმავე ან მსგავსი საქონლის ან პროდუქციის რეალიზაციას; ან (c) ამ მუდმივი დაწესებულების მეშვეობით მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განხორციელებული სხვა ეკონომიკური საქმიანობის იმავე ან მსგავსი ხასიათის მქონე საქმიანობას.

ამ მუხლის მე-3 პუნქტის დებულებების გათვალისწინებით, იმ შემთხვევაში, როდესაც ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში ახორციელებს საქმიანობას იქ განლაგებული მუდმივი დაწესებულების მეშვეობით, თითოეულ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ამ მუდმივ დაწესებულებას მიეკუთვნება მოგება, რომელიც მას შეიძლებოდა მიეღო, როგორც იმავე ან ანალოგიური საქმიანობით დაკავებულ, იმავე ან ანალოგიურ პირობებში მყოფ ცალკე გამოყოფილ, დამოუკიდებელ საწარმოს, იმ საწარმოს მიმართ სრულიად დამოუკიდებელი მოქმედებით, რომლის მუდმივ დაწესებულებასაც ის წარმოადგენს.

მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას დასაშვებია მუდმივი დაწესებულების ეკონომიკური საქმიანობის მიზნებისთვის გაწეული ხარჯების გამოქვითვა, მმართველობითი და საერთო ადმინისტრაციული ხარჯების ჩათვლით, იმის მიუხედავად, ეს ხარჯები იმ სახელმწიფოშია გაწეული, რომელშიც მდებარეობს მუდმივი დაწესებულება, თუ მის ფარგლებს გარეთ. ამასთან ამგვარი გამოქვითვა არ დაიშვება იმ თანხებთან მიმართებით, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომელსაც მუდმივი დაწესებულება უხდის (რეალურად გაწეული ხარჯების ანაზღაურების გარდა) საწარმოს სათავო ოფისს ან მის ნებისმიერ სხვა ოფისებს როიალტის, საფასაურის ან მსგავსი ხასიათის გადახდების სახით, რომელიც დაკავშირებულია პატენტების ან სხვა უფლებების სარგებლობასთან, ან გაწეულ კონკრეტულ მომსახურებასთან ან მენეჯმენტთან საკომისიოს სახით, ან, საბანკო საქმიანობის გარდა, სავალო მოთხოვნასთან დაკავშირებული შემოსავლის სახით, რომელიც უკავშირდება მუდმივი დაწესებულებისთვის სესხის სახით გაცემულ თანხებს. ანალოგიურად, მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრისას, მხედველობაში არ უნდა იქნეს მიღებული თანხები, რომელსაც მუდმივი დაწესებულება იღებს (რეალურად გაწეული ხარჯების ანაზღაურების გარდა) საწარმოს სათავო ან მისი ნებისმიერი სხვა ოფისებისგან როიალტის, საფასაურის ან მსგავსი ხასიათის გადახდების სახით, რომელიც დაკავშირებულია პატენტების ან სხვა უფლებების სარგებლობასთან, ან გაწეულ კონკრეტულ მომსახურებასთან ან მენეჯმენტთან საკომისიოს სახით, ან, საბანკო საქმიანობის გარდა, სავალო მოთხოვნასთან დაკავშირებული შემოსავლის სახით, რომელიც უკავშირდება საწარმოს სათავო ან მისი ნებისმიერი სხვა ოფისისთვის სესხის სახით გაცემულ თანხებს.

თუ ხელშემკვრელ სახელმწიფოში ჩვეულებრივ მიღებულია მუდმივი დაწესებულების მოგების განსაზღვრა საწარმოს მთლიანი მოგების მის ცალკეულ ნაწილებზე განაწილების საფუძველზე, მაშინ ამ მუხლის მე-2 პუნქტი ვერანაირად შეუშლის ხელს ხელშემკვრელ სახელმწიფოს განსაზღვროს დასაბეგრი მოგების ოდენობა ამგვარი განაწილების წესით; ამასთან განაწილების მეთოდი უნდა იყოს ისეთი, რომ შედეგი შესაბამისობაში მოდიოდეს ამ მუხლის პრინციპებთან.

წინა პუნქტების მიზნებისთვის, მუდმივი დაწესებულებისათვის მისაკუთვნებელი მოგება ყოველწლიურად განისაზღვრება ერთი და იმავე მეთოდით, თუ არ არის სხვაგვარად განსაზღვრის რაიმე საფუძვლიანი და საკმარისი მიზეზი.

ამ მუხლის დებულებები გავლენას ვერ იქონიებს ხელშემკრელ სახელმწიფოში მოქმედ კანონმდებლობაზე, რომელიც არეგულირებს არარეზიდენტების მიერ სადაზღვეო საქმიანობიდან მიღებულ შემოსავალზე გადასახადების დაწესების საკითხს.

იმ შემთხვევაში, როდესაც მოგება შეიცავს შემოსავლის ისეთ სახეობებს, რომლებიც ამ შეთანხმების სხვა მუხლებში ცალკეა განხილული, მაშინ ამ მუხლის დებულებები გავლენას ვერ იქონიებს იმ მუხლების დებულებებზ