ამ შეთანხმების მიზნებისათვის, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს:
საქართველოს ტერიტორია ნიშნავს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ ტერიტორიას, მათ შორის სახმელეთო სივრცეს, მის წიაღსა და საჰაერო სივრცეს მის ზემოთ, შიდა წყლებსა და ტერიტორიულ ზღვას, მათ ფსკერს, წიაღს და საჰაერო სივრცეს მათ ზემოთ, რომელზეც საქართველო ახორციელებს სუვერენიტეტს; ასევე მის ტერიტორიულ ზღვასთან მიმდებარე ზონას, განსაკუთრებულ ეკონომიკურ ზონასა და კონტინენტურ შელფს, რომელთა მიმართ საქართველოს შეუძლია განახორციელოს თავისი სუვერენული უფლებები და/ან იურისდიქცია საერთაშორისო სამართლის შესაბამისად;
ტერმინი “საუდის არაბეთის სამეფო” ნიშნავს საუდის არაბეთის ტერიტორიას, რომელიც ასევე მოიცავს მის ტერიტორიულ წყლების ფარგლებს გარეთ არსებულ სივრცეს, რომლის მიმართ საუდის არაბეთი ახორციელებს სუვერენულ და იურისდიქციულ უფლებებს მისი წყლების, ზღვის ფსკერის, წიაღისა და ბუნებრივი რესურსების მიმართ, თავიანთი კანონმდებლობის და საერთაშორისო სამართლის ფარგლებში;
ტერმინი “ხელშემკვრელი სახელმწიფო” და “მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფო” ნიშნავს საქართველოს ან საუდის არაბეთის სამეფოს, კონტექსტის შესაბამისად;
ტერმინი “პირი” მოიცავს ფიზიკურ პირს, კომპანიას და პირთა ნებისმიერ სხვა გაერთიანებას, სახელმწიფოს, ადმინისტრაციული ქვედანაყოფებისა და ხელისუფლების ადგილობრივი ორგანოების ჩათვლით;
ტერმინი “კომპანია” ნიშნავს ნებისმიერ კორპორაციულ წარმონაქმნს ან ნებისმიერ სხვა ერთეულს, რომელიც საგადასახადო მიზნებისათვის განიხილება როგორც კორპორაციული ერთეული;
ტერმინი “ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” და “მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს საწარმო” შესაბამისად ნიშნავს საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება ერთი ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ და საწარმოს, რომლის მართვა ხორციელდება მეორე ხელშემკვრელი სახელმწიფოს რეზიდენტის მიერ;
ტერმინი “საერთაშორისო გადაზიდვა” ნიშნავს ნებისმიერ გადაზიდვას საზღვაო ან საჰაერო ხომალდით, რომლის ექსპლუატაცია ხდება ხელშემკვრელ სახელმწიფოში ეფექტური მართვის ადგილის მქონე საწარმოს მიერ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც საზღვაო ან საჰაერო ხომალდის ექსპლუატაცია ხდება მხოლოდ მეორე ხელშემკვრელ სახელმწიფოში განლაგებულ პუნქტებს შორის;
ტერმინი “ნაციონალური პირი” ნიშნავს:
ნებისმიერ ფიზიკურ პირს, რომელსაც აქვს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქალაქეობა ან ეროვნება;
ნებისმიერ იურიდიულ პირს, ამხანაგობას ან ასოციაციას, რომელიც ამ სტატუსს იღებს ხელშემკვრელი სახელმწიფოს მოქმედი შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობის საფუძველზე.
ტერმინი “კომპეტენტური ორგანო” ნიშნავს:
საქართველოს შემთხვევაში: ფინანსთა სამინისტროს ან მის უფლებამოსილ წარმომადგენელს;
საუდის არაბეთის სამეფოს შემთხვევაში: ფინანსთა სამინისტროს, რომელიც წარმოდგენილია ფინანსთა მინისტრის ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ.
ხელშემკვრელი სახელმწიფოს მიერ ამ შეთანხმების გამოყენების მიზნებისთვის ნებისმიერ ტერმინს, რომელიც არ არის მასში განსაზღვრული, თუ კონტექსტიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს, ექნება ის მნიშვნელობა, რაც მას ენიჭება ამ დროს ამ სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობით იმ გადასახადების მიმართ, რომლებზეც ვრცელდება ეს შეთანხმება. ხელშემკვრელი სახელმწიფოს საგადასახადო შიდასახელმწიფოებრივ კანონმდებლობაში არსებული ტერმინების განსაზღვრებებს უპირატესობა ენიჭებათ იმ განსაზღვრებებთან მიმართებაში, რომლებიც მათ გააჩნიათ ამ სახელმწიფოში მოქმედი სხვა სამართლებრივი ნორმები