1.  საწარმო ვალდებულია სააგენტოში წარადგინოს ინფორმაცია:

ა) ნებისმიერი კომერციული საქმიანობის/ურთიერთობის შესახებ, რომელშიც იგი მონაწილეობს პირდაპირ ან არაპირდაპირ (სხვა საწარმოს მეშვეობით), იმ ორგანიზაციასთან, რომელიც არ წარმოადგენს საჰაერო მოძრაობის მომსახურების საწარმოს  და საიდანაც მოსალოდნელია 1%-ზე მეტი შემოსავლის მიღება;

ბ) აქციონერების ცვლილების შესახებ, იმ შემთხვევაში, თუ მის მფლობელობაში არსებული აქციათა წილი შეადგენს  ან აღემატება 10%-ს.

2. საწარმომ უნდა შეიმუშაოს, დანერგოს და მონიტორინგი გაუწიოს საჰაერო მოძრაობის მართვის მეთვალყურეების (შემდგომ – მეთვალყურე) ცვლ(ებ)ის დაკომპლექტების სისტემას, დასვენებისა და სამუშაო დროის უსაფრთხო მონაცვლეობის გზით, მეთვალყურეების პროფესიული დაღლილობის სამართავად. მეთვალყურეთა ცვლის სისტემის დანერგვისას საწარმომ უნდა განსაზღვროს:

ა) მორიგეობის თანმიმდევრული დღეების მაქსიმალური რაოდენობა;

ბ) სამუშაო დროის მაქსიმალური საათობრივი ხანგრძლივობა;

გ) მუშაობის მაქსიმალური დრო შესვენების გარეშე;

დ) სამუშაო დროისა და დასვენებების თანაფარდობა მოვალეობის შესრულებისას;

ე) დასვენების მინიმალური დრო;

ვ) ღამის მორიგეობების მაქსიმალური თანმიმდევრული დღეების რაოდენობა, საჭიროებისამებრ, საჰაერო მოძრაობის მომსახურების პუნქტის სამუშაო დროების გათვალისწინებით;

ზ) ღამის მორიგეობის შემდეგ მინიმალური დასვენების დრო;

თ) მინიმალური დასვენების დრო ცვლის ციკლებს შორის.

3. საწარმომ ცვლ(ებ)ის დაკომპლექტების სისტემის შემუშავებისა და დანერგვის პროცესში უნდა გაიაროს კონსულტაცია მეთვალყურეებთან, რომლებიც ექვემდებარებიან ცვლის სისტემას, ან, საჭიროებისამებრ, მათ წარმომადგენელს, დაღლილობასთან დაკავშირებული რისკების იდენტიფიცირებისა და შემცირების მიზნით, რომელიც შეიძლება გამომდინარეობდეს თავად ცვლ(ებ)ის დაკომპლექტების სისტემიდან.

4. საწარმომ უნდა შეიმუშაოს და დანერგოს პოლიტიკა და პროცედურები, მეთვალყურეების მიერ ფსიქოაქტიური ნივთიერებების საჭიროების შემთხვევაში გამოყენების შესახებ იმგვარად, რომ აღნიშნულმა ხელი არ შეუშალოს საჰაერო მოძრაობის მომსახურების გაწევას.

5.  საწარმომ საჰაერო მოძრაობის მომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს:

ა) სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2018 წლის 9 მარტის №52 ბრძანებით დამტკიცებული  „საჰაერო მოძრაობის მომსახურების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად;

ბ)  სსიპ – სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს დირექტორის 2016 წლის 26 აგვისტოს №113 ბრძანებით დამტკიცებული  „საქართველოს საჰაერო სივრცეში ფრენის წესების“ მოთხოვნების შესაბამისად;

გ) საქართველოს მთავრობის 2018 წლის 13 დეკემბერის №595  დადგენილებით დამტკიცებული „საავიაციო რადიოკავშირისა და ფრაზეოლოგიის გამოყენების წესის“ მოთხოვნების შესაბამისად.

6. საწარმომ სააეროდრომო საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების გაწევა უნდა განახორციელოს 2011 წლის 28 ივნისის №59 ბრძანებით დამტკიცებული „სააეროდრომო საფრენოსნო-საინფორმაციო მომსახურების სახელმძღვანელოს“ მოთხოვნების შესაბამისად.

7. საწარმომ ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდება, სააერნაოსნო მომსახურების საწარმოს შესაბამისი სამსახურისთვის უნდა განახორციელოს საქართველოს მთავრობის 2016 წლის 11 ოქტომბრის №471 დადგენილებით დამტკიცებული “ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიმწოდებლების, მათი უფლება-მოვალეობების და ჰაერსანაოსნო მონაცემების და ჰაერსანაოსნო ინფორმაციის მიწოდების წესის“ შესაბამისად