1. თანამშრომელი, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე და 1354 მუხლებით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის გამოვლენის მიზნით, უფლებამოსილია კალენდარული წლის განმავლობაში, ნებისმიერ დროს, შეუზღუდავად განახორციელოს შემოწმება.

2. სააგენტო უფლებამოსილია თანამშრომელი აღჭურვოს შესაბამისი ელექტრონული მოწყობილობით, რომლის მეშვეობით თანამშრომელი  უფლებამოსილია დააფიქსიროს ადმინისტრაციული სამართლადარღვევის ფაქტი (მათ შორის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენის პროცესი). ელექტრონული მოწყობილობით დაფიქსირებული ინფორმაცია (პერსონალური მონაცემები) დაცული უნდა იქნეს მოქმედი სამართლებრივი აქტების შესაბამისად.

3. თანამშრომელი საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ადგენს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებული 135–1352 მუხლებით, 1353 მუხლის პირველი ნაწილით, 1354 და 1355 მუხლებით.  თუ სამართალდამრღვევს არ აქვს პიროვნების დამადასტურებელი საბუთები და არ არიან მოწმეები, რომლებსაც შეუძლიათ მიაწოდონ საჭირო ცნობები მის შესახებ, საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელმა  თანამშრომელმა, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 243-ე მუხლის 21 ნაწილის შესაბამისად, შეიძლება სამართალდამრღვევი მიიყვანოს პოლიციაში სახელის, გვარისა და საცხოვრებელი მისამართის დადგენის მიზნით. აღნიშნული მონაცემების დადგენის შემდეგ თანამშრომელი ადგენს საჯარიმო ქვითარს -ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს. აღნიშნული პროცესი თანამშრომელმა შეიძლება დააფიქსიროს ელექტრონული მოწყობილობით და ამის თაობაზე ვალდებულია აცნობოს სამართალდამრღვევს.

4. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ფორმა შედგება ორი ნაწილისაგან:

ა) ნაწილი I. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი;

ბ) ნაწილი II. საჯარიმო ქვითრის ყუა.

5. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი დგება ორ ეგზემპლარად. პირველი ეგზემპლარი (ორიგინალი) რჩება მის შემდგენელ თანამშრომელთან (რომელიც შედგენიდან პირველივე სამუშაო დღეს ბარდება სააგენტოს შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის თანამშრომელს), ხოლო მეორე ეგზემპლარი გადაეცემა ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს.

6. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენისას ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს განემარტება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლით გათვალისწინებული მისი უფლებები და მოვალეობები.

7. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის (წესის დანართი 1):

ა) I ნაწილს, გარდა მე-10 პუნქტისა, ადგენს თანამშრომელი;

ბ) I ნაწილის:

ბ.ა) პირველ პუნქტში შეიტანება: შედგენის თარიღი (რიცხვი, თვე, წელი);

ბ.ბ) მე-2 პუნქტში შეიტანება: შედგენის ადგილი;

ბ.გ) მე-3 პუნქტში შეიტანება: შემდგენლის თანამდებობა, სახელი და გვარი;

ბ.დ) მე-4 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მონაცემები: ფიზიკური პირის შემთხვევაში მიეთითება მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა); იურიდიული პირის შემთხვევაში – საიდენტიფიკაციო ნომერი;

ბ.ე) მე-5 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ჩადენის: ადგილი, დრო, არსი;

ბ.ვ) მე-6 პუნქტში შეიტანება: პასუხისმგებლობა აღნიშნული ადმინისტრაციული სამართალდარღვევისათვის განსაზღვრულია საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის ------------------------------;

ბ.ზ) მე-7 პუნქტში შეიტანება ჯარიმის ოდენობა ------ ლარი;

ბ.თ) მე-8 პუნქტში შეიტანება: მოწმის (ასეთის არსებობის შემთხვევაში) პირადობის დამადასტურებელი მოწმობის რეკვიზიტები (პირადი ნომერი, სახელი და გვარი), მისამართი (რეგისტრაციის და სხვა);

ბ.ი) მე-9 პუნქტში შეიტანება: ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის ახსნა-განმარტება: ახსნა-განმარტების არსებობისას მიეთითება მისი რეკვიზიტები, ფურცლების რაოდენობა და იმ პირის თანამდებობა, სახელი და გვარი, რომელმაც ჩამოართვა ახსნა-განმარტება.

8. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მეორე გვერდზე დატანილია შემდეგი ტექსტი:

“ადმინისტრაციულ პასუხისგებაში მიცემულ პირს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 252-ე მუხლის მიხედვით აქვს შემდეგი უფლებები და მოვალეობები: გაეცნოს საქმის მასალებს, მისცეს ახსნა-განმარტებანი, წარადგინოს მტკიცებულებანი, განაცხადოს შუამდგომლობანი; საქმის განხილვისას ისარგებლოს ადვოკატის იურიდიული დახმარებით; გამოვიდეს მშობლიურ ენაზე და თუ არ იცის მიმდინარე წარმოების ენა, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით; გაასაჩივროს საქმის გამო მიღებული დადგენილება.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 273-ე მუხლის მიხედვით მოქალაქეს უფლება აქვს ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე მიღებული დადგენილება მისთვის ჩაბარებიდან 10 დღის ვადაში გაასაჩივროს ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში ან თბილისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი №64). ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში გასაჩივრების შემთხვევაში საჩივარი წარედგინება ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის ტრანსპორტის განვითარების სააგენტოს (მისამართი: ქ. თბილისი, ჟ. შარტავას ქუჩა №7).

საჯარიმო ქვითრის − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ნებაყოფლობითი აღსრულებისათვის საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 290-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული 30-დღიანი ვადის გასვლის შემდეგ პირს დაერიცხება საურავი საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე, 1351 და 1355 მუხლებით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის 500 ლარის ოდენობით, ხოლო 1352 მუხლით, 1353 მუხლის პირველი ნაწილით და 1354 მუხლით გათვალისწინებული სამართალდარღვევებისათვის − ჯარიმის ორმაგი ოდენობით. საურავის დარიცხვიდან 30 დღის ვადაში ჯარიმის ან/და საურავის გადაუხდელობის შემთხვევაში ჯარიმისა და საურავის გადახდის უზრუნველყოფა განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 135-ე, 1351 და 1355 მუხლების საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის  გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773259.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1352 მუხლის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის  გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773238.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1353 მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის  გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773240.

საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 1354 მუხლის საფუძველზე შედგენილი საჯარიმო ქვითრით − ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმით განსაზღვრული ჯარიმის გადახდა უნდა განხორციელდეს სახაზინო კოდზე: 300773241.”.

9. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი ივსება ლურჯი ან შავი ბურთულიანი კალმით. საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ყველა ჩანაწერი კეთდება გარკვევით. დაუშვებელია გადახაზვა, გადაფხეკა, გადაშლა და ა.შ. საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის დაზიანების ან მასში არასწორი მონაცემების შეტანის შემთხვევაში ივსება ახალი საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი. ძველი გადაიხაზება ჯვარედინად, რომელსაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი თანამშრომელი მოხსენებითი ბარათით, გაუქმების მიზეზების მითითებით, აბარებს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის გაცემაზე პასუხისმგებელ თანამშრომელს.

10. საჯარიმო ქვითარს – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს ხელს აწერს მისი შემდგენელი  თანამშრომელი და ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი. თუ არიან მოწმე ან  სხვა მონაწილე, საჯარიმო ქვითარზე – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე შეიძლება ხელი მოაწერონ ამ პირებმაც.

11. თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს აცხადებს საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის ხელმოწერაზე ან ჩაბარებაზე, ამის შესახებ საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში კეთდება შესაბამისი ჩანაწერი საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შემდგენელი თანამშრომლის მიერ. ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უფლებამოსილია წარადგინოს საჯარიმო ქვითარზე – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმზე დასართავად ახსნა-განმარტებები და შენიშვნები საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შინაარსთან დაკავშირებით, ასევე ახსნას საჯარიმო ქვითარში – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში ხელმოწერაზე უარის თქმის მოტივები.

12. საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში, სამართალდარღვევის საქმის ადგილზე განხილვისას, თუ ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს სურს საჯარიმო ქვითარს - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმს დაურთოს ახსნა-განმარტება, ივსება სპეციალური ფორმა (წესის დანართი 3).

13. ადმინისტრაციულ სამართალდამრღვევს გადაეცემა საჯარიმო ქვითრის - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მეორე ეგზემპლარი, ხოლო თუ ადმინისტრაციული სამართალდამრღვევი უარს აცხადებს მეორე ეგზემპლარის მიღებაზე, თანამშრომელი ამას აღნიშნავს საჯარიმო ქვითარში - ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმში, რის შემდეგაც საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მეორე ეგზემპლარი ითვლება ჩაბარებულად.

14. II ნაწილი საჯარიმო ქვითრის ყუა ივსება საბანკო დაწესებულების ან საჯარიმო თანხის შემტანის მიერ I ნაწილის საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შესაბამისად.

15. საჯარიმო ქვითარი – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმი, მისი შედგენიდან არა უგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, რეგისტრირებული უნდა იქნეს ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ ჟურნალში, ხოლო ამ მუხლის მე-11 პუნქტის შესაბამისად ადმინისტრაციული სამართალდამრღვევის მიერ საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის მეორე ეგზემპლარის ჩაუბარებლობის შემთხვევაში აღნიშნულის თაობაზე შესაბამისი ჩანაწერი კეთდება ამ წესის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ჟურნალის მე-19 გრაფაში.

16. სააგენტო, საჯარიმო ქვითრის – ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ოქმის შედგენიდან 10 დღის ვადაში, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე აცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სტრუქტურულ ქვედანაყოფს