საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
გამომცემი ორგანო
ნომერი
№6839-რს
სარეგისტრაციო კოდი
060000000.05.001.019988
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 28/07/2020
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს კანონი

 

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსში ცვლილების შეტანის შესახებ
მუხლი  1.  საქართველოს  სამოქალაქო  საპროცესო  კოდექსში (პარლამენტის უწყებანი, №47-48, 31.12.1997, გვ. 21) შეტანილ იქნეს შემდეგი ცვლილება:

1. მე-5 მუხლი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 5. მართლმსაჯულების განხორციელება მხოლოდ სასამართლოს მიერ მოქალაქეთა თანასწორობის საწყისებზე

1.  მართლმსაჯულებას  სამოქალაქო  საქმეებზე  ახორციელებს  მხოლოდ სასამართლო კანონისა და სასამართლოს წინაშე ყველა პირის თანასწორობის საწყისებზე.

2. მართლმსაჯულების განხორციელებისას სხვებთან თანასწორად მონაწილეობის მიზნით, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მხარეები და მონაწილეები სარგებლობენ „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით მინიჭებული უფლებებით და შესაძლებლობებით, მათ შორის, სპეციალური მოსარჩელის სტატუსით მონაწილეობის გზით.“.

2. 94-ე მუხლის პირველ ნაწილს დაემატოს შემდეგი შინაარსის „ბ 1“ ქვეპუნქტი:

„ბ1)   სპეციალური   მოსარჩელის   სტატუსის   მქონე   ორგანიზაციები  −  შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა საქმეებზე;“.

3. 129-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) ისეთი პირისაგან, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება;“.

4. 141-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„ა) პირი, რომელსაც შესაძლებლობის შეზღუდვის გამო არ შეუძლია სწორად აღიქვას ფაქტები და მისცეს მათ შესახებ სწორი ჩვენება;“.

5. 148-ე მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის მე-7 ნაწილი:

„7. შეზღუდული შესაძლებლობის მქონე მოწმე უნდა დაიკითხოს „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული პირობების დაცვით.“.

6. 178-ე მუხლის მე-5 ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„5. სარჩელს ხელს აწერს მოსარჩელე ან მისი უფლებამოსილი წარმომადგენელი, ხოლო ამ კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში − აგრეთვე სპეციალური მოსარჩელე.“.

7. 213-ე მუხლის პირველი ნაწილი ჩამოყალიბდეს შემდეგი რედაქციით:

„1. სასამართლო განუმარტავს თარჯიმანს მის მოვალეობას, თარგმნოს იმ პირთა განმარტებები, ჩვენებები, განცხადებები, რომლებიც არ ფლობენ სამართალწარმოების ენას ან აქვთ შესაძლებლობის იმგვარი შეზღუდვა, რაც ჟესტური ენის გარეშე მათთან კომუნიკაციას გამორიცხავს, ხოლო ამ პირებს უთარგმნოს განმარტებათა, ჩვენებათა, განცხადებათა, სასამართლოში გამოქვეყნებულ დოკუმენტთა შინაარსი, აგრეთვე სასამართლოს განკარგულებები, განჩინებები და გადაწყვეტილებები.“.

8. 3632  მუხლს დაემატოს შემდეგი შინაარსის 12 ნაწილი:

„12. სპეციალური მოსარჩელე უფლებამოსილია „შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში სარჩელით მიმართოს სასამართლოს, თუ საქმე ეხება შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა მიმართ დისკრიმინაციის აღმოფხვრას ან/და მნიშვნელოვანია ამ სფეროში სამართლებრივი პრაქტიკის განვითარებისათვის, აგრეთვე თუ ადგილი აქვს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კოლექტიურ დარღვევას ან სავარაუდო დარღვევას.“.

მუხლი 2. ეს კანონი ამოქმედდეს 2021 წლის 1 იანვრიდან.


საქართველოს პრეზიდენტისალომე ზურაბიშვილი

 

 

თბილისი,

14 ივლისი 2020 წ.

N6839-რს