ეს ნაწილი ეხება მხარეების მიერ გატარებულ ზომებს მათ ტერიტორიებზე ძირითადი პერსონალის, სტაჟიორების, ბიზნესის გამყიდველების, საკონტრაქტო მომსახურების მიმწოდებლების და დამოუკიდებელი პროფესიონალების შესვლასთან და დროებით ყოფნასთან დაკავშირებით, წინამდებარე შეთანხმების 76-ე მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად.
ამ ნაწილის მიზნებისათვის:
(a) „ძირითადი პერსონალი“ გულისხმობს ერთი მხარის იურიდიულ პირში, გარდა არამომგებიანი ორგანიზაციისა, დასაქმებულ ფიზიკურ პირებს, რომლებიც პასუხისმგებელნი არიან დაფუძნებაზე ან მეწარმე სუბიექტის კონტროლზე, ადმინისტრირებასა და საქმიანობაზე. „ძირითადი პერსონალი“ მოიცავს „ბიზნეს ვიზიტორებს“ დაფუძნების მიზნებისათვის და „კორპორაციის შიგნით გადაადგილებულ პირებს“.
(i)
„ბიზნესვიზიტორები“ დაფუძნების მიზნებისათვის გულისხმობს ფიზიკურ პირებს, რომლებიც მუშაობენ მაღალ თანამდებობაზე და პასუხისმგებელნი არიან მეწარმე სუბიექტის დაფუძნებაზე. ისინი არ სთავაზობენ ან უწევენ ვინმეს მომსახურებას, აგრეთვე არ ერთვებიან სხვა რაიმე სახის ეკონომიკურ საქმიანობაში, გარდა იმისა, რაც საჭიროა დაფუძნების მიზნებისათვის. ისინი არ იღებენ ანაზღაურებას მიმღებ მხარეში არსებული წყაროდან.
(ii)
„კორპორაციის შიგნით გადაადგილებული პირები“ გულისხმობს ფიზიკურ პირებს, რომლებიც დასაქმებულები არიან იურიდიულ პირში ან იყვნენ მისი პარტნიორები არანაკლებ 1 წლის განმავლობაში და რომლებიც დროებით არიან მივლენილები მეწარმე სუბიექტში, რომელიც შეიძლება იყოს მეორე მხარის ტერიტორიაზე საწარმოს/იურიდიული პირის შვილობილი კომპანია, ფილიალი ან სათავო კომპანია. აღნიშნული ფიზიკური პირი უნდა მიეკუთვნებოდეს ერთ-ერთ შემდეგ კატეგორიას:
(1)
მენეჯერები: იურიდიულ პირში მაღალ თანამდებობაზე მომუშავე პირები, რომლებსაც ზოგად ზედამხედველობას ან მართვას უწევს დირექტორთა საბჭო ან აქციათა მფლობელები ან მათი ეკვივალენტური სტრუქტურა, და ამავე დროს ეს პირები ახორციელებენ მეწარმე სუბიექტის მართვას, რაც მოიცავს:
-
მეწარმე სუბიექტის, დეპარტამენტის ან ქვედანაყოფის
მართვას;
-
სხვა ზედამხედველების, პროფესიონალების ან მაღალი თანამდებობის პირების საქმიანობის ზედამხედველობას ან კონტროლს; და
-
პერსონალურ უფლებამოსილებას სამსახურში აყვანაზე ან გაშვებაზე, ან რეკომენდაციის გაწევას სამსახურში აყვანაზე, გაშვებაზე ან პერსონალთან დაკავშირებულ სხვა ქმედებებზე;
(2)
სპეციალისტები: იურიდიულ პირში მომუშავე პირები, რომლებსაც გააჩნიათ მეწარმე სუბიექტის წარმოების, კვლევებისათვის საჭირო მოწყობილობების, ტექნიკის, პროცესების, პროცედურების ან მართვის შესაბამისი ცოდნა. ამგვარი ცოდნის შეფასებისას, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული არა მხოლოდ მოცემული მეწარმე სუბიექტისთვის აუცილებელი სპეციფიკური ცოდნა, არამედ ის ფაქტიც, აქვს თუ არა პირს კვალიფიკაციის მაღალი დონე გარკვეული ტიპის სამუშაოსთან ან ვაჭრობასთან მიმართებაში, რომელიც მოითხოვს სპეციფიკურ ტექნიკურ განათლებას, მათ შორის აკრედიტებული პროფესიის წევრობას.
(b) „სტაჟიორები“ გულისხმობს ერთი მხარის იურიდიული პირის ან მისი ფილიალის მიერ არანაკლებ ერთი წლის ვადით დასაქმებულ ფიზიკურ პირებს, რომლებიც ფლობენ უნივერსიტეტის დიპლომს და არიან დროებით მივლენილები მეორე მხარეში ამ იურიდიული პირის მიერ დაფუძნებულ მეწარმე სუბიექტში, კარიერული განვითარების მიზნით ან ბიზნესის ტექნიკაში ან მეთოდებში ტრენინგის მიღების მიზნით[13]
.
(c) „ბიზნესის გამყიდველები“[14]
გულისხმობს ერთი მხარის მომსახურების ან საქონლის მიმწოდებლის წარმომადგენელ ფიზიკურ პირებს, რომელთაც სურთ შესვლა და დროებითი ყოფნა მეორე მხარის ტერიტორიაზე მომსახურების ან საქონლის გაყიდვაზე მოლაპარაკებების წარმოების მიზნით, ან ამ მიმწოდებლისთვის მომსახურების ან საქონლის გაყიდვაზე ხელშეკრულების დადების მიზნით. ისინი არ ერთვებიან საზოგადოებისათვის პირდაპირ მიყიდვაში, არ ღებულობენ ანაზღაურებას მიმღებ მხარეში არსებული წყაროდან და არ წარმოადგენენ კომისიის აგენტებს.
(d) „საკონტრაქტო მომსახურების მიმწოდებლები“ გულისხმობს ფიზიკურ პირებს, დასაქმებულებს ერთი მხარის იურიდიულ პირში, რომელიც თავის მხრივ არ წარმოადგენს პერსონალის დასაქმების ან მომსახურების მიწოდების სააგენტოს და არ მოქმედებს ასეთი სააგენტოს მეშვეობით. ეს იურიდიული პირი არ არის დაფუძნებული მეორე მხარის ტერიტორიაზე და გაფორმებული აქვს რეალური კონტრაქტი მეორე მხარის საბოლოო მომხმარებლისათვის მომსახურების მიწოდებისათვის, რაც მოითხოვს მისი დასაქმებულების მეორე მხარეში დროებით ყოფნას მომსახურების მიწოდებისათვის კონტრაქტის შესრულების მიზნით.
(e) „დამოუკიდებელი პროფესიონალები“ გულისხმობს ისეთ ფიზიკურ პირებს, რომლებიც ჩართულები არიან მომსახურების მიწოდებაში და დაფუძნებულები არიან თვითდასაქმებულის ფორმით ერთ-ერთ მხარეში, არ არიან დაფუძნებულები მეორე მხარეში და გაფორმებული აქვთ რეალური კონტრაქტი (გარდა პერსონალის დასაქმების ან მომსახურების მიწოდების სააგენტოს მეშვეობით გაფორმებული კონტრაქტებისა) მეორე მხარეში საბოლოო მომხმარებლისათვის მომსახურების მიწოდების მიზნით, რომელიც მოითხოვს მათ დროებით ყოფნას ამ მხარეში მომსახურების მიწოდებისათვის კონტრაქტის შესრულების მიზნით.
(f) „კვალიფიკაციები“ გულისხმობს დიპლომებს, სერტიფიკატებს ან (ფორმალური კვალიფიკაციის დამადასტურებელ) სხვა დოკუმენტებს, რომლებიც გაცემულია კანონმდებლობით, მარეგულირებელი ან ადმინისტრაციული წესით განსაზღვრული უწყების მიერ და ადასტურებს პროფესიული ტრენინგის წარმატებით დასრულება