1.
სააგენტო დავას განიხილავს დაჩქარებული წესით. დავის არსებითი განხილვა იწყება სააგენტოს მიერ საქმეზე მოხსენებით, რომელიც უნდა შეეხებოდეს სადავო ფაქტობრივ გარემოებებს. საქმეზე მოხსენების შემდეგ სააგენტოს უფლება აქვს, მხარეებს დაუსვას შეკითხვები, რომლებიც ხელს შეუწყობს საქმისათვის მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებათა დადგენას და ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების გამოკვლევას. მხარეებს უფლება აქვთ, სააგენტოს წინასწარი ნებართვის გარეშე დაუსვან მოწინააღმდეგე მხარეს და მის წარმომადგენელს შეკითხვები სადავო ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით. სააგენტო ნებართვას იძლევა მხოლოდ შეკითხვების დასმის პროცედურის დაწყების თაობაზე. მტკიცებულებათა გამოქვეყნება სავალდებულო არ არის. დავის განხილვა მთავრდება მხარეთა პაექრობითა და რეპლიკით.
2.
დაჩქარებული წესით დავის განხილვისას სააგენტო უფლებამოსილია:
ა) შეამოკლოს მხარეების მიერ თავისი განცხადების, მოთხოვნის და პასუხის წარდგენის ვადა;
ბ) მესამე პირს არ განუსაზღვროს ვადა განცხადებაზე საკუთარი მოსაზრების წარდგენისათვის;
გ) არ დაადგინოს მხარეების მიერ ექსპერტის დანიშვნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადა;
დ) შეუმოკლოს მხარეებს ექსპერტის დასკვნასთან დაკავშირებით საკუთარი მოსაზრების წარდგენის ვადა.
3.
სააგენტო განცხადების განხილვისას შებოჭილი არ არის განცხადების მოთხოვნის ფორმულირებით და დავის დროულად დაჩქარებული წესით გადაწყვეტის მიზნით, შეუძლია, განმცხადებელს განუმარტოს მისი უფლებები, მიუთითოს განცხადებაში დაშვებული შეცდომების შესახებ და დაეხმაროს მოთხოვნის ჩამოყალიბებაში.
4.
სააგენტო უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება დავასთან დაკავშირებით დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოდგენის ან გამოთხოვის, ცნობების შეგროვების, ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ