1. 2021 წელს პროფესიულ პროგრამებზე ჩარიცხვის მიზნით:

ა) ამ წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ვადები განისაზღვრება მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით;

ბ) შერჩევა შესაძლებელია განახორციელდეს ასევე რუსულ, აზერბაიჯანულ ან სომხურ ენებზე. დაწესებულება ვალდებულია ამ გზით ჩარიცხული პროფესიული სტუდენტებისთვის პროგრამაზე სწავლება დაიწყოს ქართული ენის მოდულით. ქართული ენის მოდულის დაუძლევლობის შემთხვევაში, პირს უწყდება პროფესიული სტუდენტის სტატუსი. ქართული ენის მოდულის დაძლევის შემთხვევაში, პროფესიული სტუდენტი სარგებლობს გარდამავალი (მომლოდინე) პროფესიული სტუდენტის სტატუსით და უფლებამოსილია:

ბ.ა) სწავლა განაგრძოს იმავე პროგრამაზე, რომელზეც განხორციელდა მისი ჩარიცხვა. ამ შემთხვევაში, მას პროფესიული სტუდენტის სტატუსი გაუაქტიურდება პირადი განცხადების საფუძველზე, შემდგომი მიღების ფარგლებში ამ პროგრამაზე ჩარიცხული პროფესიული სტუდენტების მიერ სწავლის დაწყებისთანავე;

ბ.ბ) ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების შეუძლებლობის შემთხვევაში, დაწესებულების მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად ისარგებლოს შიდა მობილობით კანონდებლობით დადგენილი წესით;

ბ.გ) ისარგებლოს გარე მობილობით, მინისტრის მიერ დადგენილი წესით;

ბ.დ) შეინარჩუნოს მის მიერ მოპოვებული სამართლებრივი მდგომარეობა.

2. 2021 წელს უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ჩარიცხვის მიზნით,  განისაზღვრება შემდეგი ტესტის ტიპები:

ა) ზოგადი უნარები;

ბ) ბიოლოგია;

გ) ქიმია.

3. 2021 წლის ტესტირებიდან გათავისუფლდეს ის პირი, რომელიც დარეგისტრირდა უმაღლეს პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე და ტესტირებისთვის დადგენილ ვადაში ახალი კორონავირუსის (COVID-19) გავრცელების პირობებში ვერ ახერხებს ტესტირებაზე გამოცხადებას შემდეგი მიზეზის გამო, იმყოფება:

ა) „ოკუპირებული ტერიტორიების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ ტერიტორიებზე;

ბ) საკარანტინო სივრცეში/თვითიზოლაციაში;

გ) საკარანტინო ზონაში;

დ) ქვეყნის ფარგლებს გარეთ;

ე) სამკურნალო დაწესებულებაში/იზოლაციაში ახალი კორონავირუსის (COVID-19)-ის დადასტურების გამო.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა დასაბუთებული განცხადებით უნდა მიმართოს სამინისტროს, მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ ვადაში.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ განცხადებას თანდართული უნდა ჰქონდეს მტკიცებულება/დოკუმენტი, რომელიც დაადასტურებს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებულ გარემოებას (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც  აღნიშნულ გარემოებასთან დაკავშირებით პირის შესახებ ინფორმაცია სამინისტროში წარმოდგენილია შესაბამისი უწყების მიერ).

6. ამ მუხლით გათვალისწინებული პირის პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ტესტირებაზე გასვლის გარეშე ჩარიცხვის თაობაზე, შესაბამისი კომისიის რეკომენდაციის საფუძველზე, გადაწყვეტილებას იღებს მინისტრი.

7. ამ მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული კომისიის შემადგენლობას და მუშაობის წესს ამტკიცებს მინისტრი  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.

8. ამ მუხლით გათვალისწინებული მინისტრის  ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით პროფესიულ საგანმანათლებლო პროგრამაზე ტესტირებაზე გასვლის გარეშე ჩარიცხული პირები არ აისახებიან ამ წესის რეიტინგულ სიაში. მათი ჩარიცხვა მოხდება რეიტინგულ სიაზე დამატებით.

9. საგანმანათლებლო დაწესებულებები ვალდებულნი არიან რეგისტრაციის დაწყებამდე უზრუნველყონ შესაბამისობა ამ წესის მოთხოვნებთან და ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე მიაწოდონ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.

10. იურიდიული პირები, რომელთა მიმართაც დაწყებულია ავტორიზაციის მოპოვების/პროფესიული საგანმანათლებლო პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვების შესახებ ადმინისტრაციული წარმოება და ავტორიზაცია/პროგრამის განხორციელების უფლება მიენიჭებათ ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული ვადის შემდეგ, ვალდებულნი არიან უფლების მოპოვებიდან ერთი თვის ვადაში უზრუნველყონ შესაბამისობა ამ წესის მოთხოვნებთან და ინფორმაცია აღნიშნულის თაობაზე მიაწოდონ სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულ ცენტრს.

11. 2021 წელს, პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩარიცხვა განხოციელდეს ამ წესის მე-4 მუხლით გათვალისწინებული ეტაპების  დაცვით, აღნიშნული ეტაპებისთვის განსაზღვრულ ვადებში. ამასთან, პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა შერჩევა წარიმართოს დაწესებულებების მიერ დადგენილი წესით, პრაქტიკული მოსინჯვის საფუძველზე. პრაქტიკული მოსინჯვა გულისხმობს პირის მიერ პროგრამისთვის ყველაზე დამახასიათებელი აქტივობის/აქტივობების პრაქტიკულ შესრულებას მის ინდივიდუალურ საჭიროებებსა და შესაძლებლობებზე მორგებულ პირობებში, რომელსაც თან ახლავს რეფლექსიის პროცესი და რომელიც ემსახურება აპლიკანტის მიერ საკუთარ შესაძლებლობებსა და პროფესიულ ინტერესებში უკეთ გარკვევას, ისევე, როგორც პრაქტიკულ მოსინჯვაზე დამკვირვებლების მიერ კონკრეტულ პროფესიასთან/პროგრამასთან მიმართებით პირის ძლიერი და სუსტი მხარეების განსაზღვრას.

12. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტების პრაქტიკული მოსინჯვის ვადების განსაზღვრისას შესაძლებელია გათვალისწინებულ იქნეს რეგისტრაციის დასრულებამდე პერიოდიც, იმ დათქმით, რომ ყველა აპლიკანტს ექნება პრაქტიკული მოსინჯვის გავლის შესაძლებლობა.

13. 2021 წელს, პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირთა ჩარიცხვის მიზნით, მულტიდისციპლინური გუნდი, მიმართვიდან არაუგვიანეს 5 სამუშაო დღის ვადაში, უზრუნველყოფს სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე პირის სტატუსით რეგისტრირებული აპლიკანტის შეფასებას, ამ აპლიკანტის შეფასების დასკვნის მომზადებას და სარეგისტრაციო სისტემაში დასკვნის განთავსებას, რომლითაც დასტურდება აპლიკანტის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროება,  მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების დასკვნა ასევე მიეწოდება შეფასებულ პირს/მის კანონიერ წარმომადგენელს.

14. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული შეფასების შედეგი (სტატუსის მინიჭება ან მინიჭებაზე უარი) აისახება სარეგისტრაციო სისტემაში.

15. პირის სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების დადასტურების მიზნით შეფასება არ ხორციელდება იმ შემთხვევაში, თუ უკვე არსებობს მულტიდისციპლინური გუნდის შეფასების დასკვნა, რომლის მომზადებიდან არ გასულა 3 წელი, გარდა იმ შემთხვევისა, როცა აპლიკანტი/აპლიკანტის კანონიერი წარმომადგენელი ითხოვს განმეორებით შეფასებას ან მულტიდისციპლინური გუნდი საჭიროდ მიიჩნევს განმეორებით შეფასებას.  თუ ამ პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში არ ხდება აპლიკანტის განმეორებითი შეფასება, გამოყენებულ უნდა იქნას მულტიდისციპლინური გუნდის შეფასებისთვის განსაზღვრული წესით შედგენილი ბოლო დასკვნა.

16. 2021 წელს, პროგრამაზე სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე აპლიკანტთა ჩარიცხვის დასრულების შემდეგ, დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსების მიზნით,  თავისუფალი ადგილების გამოცხადება ხორციელდება  ამ წესის 26-ე მუხლის პირველი, მე-2 და მე-3 პუნქტების შესაბამისად. აპლიკანტი, რომელიც ვერ ჩაირიცხა მის მიერ არჩეულ პროგრამაზე, უფლებამოსილია მინისტრის მიერ განსაზღვრულ ვადაში აირჩიოს არაუმეტეს 3 პროგრამა. დაწესებულება ვალდებულია უზრუნველყოს აპლიკანტთა შერჩევა პრაქტიკული მოსინჯვის გზით, თუ მითითებულ პროგრამაზე/პროგრამებზე აპლიკანტს შერჩევის ეტაპი არ გაუვლია. დარჩენილი თავისუფალი ადგილების შევსებისთვის განსახორციელებელი ღონისძიებები უნდა დასრულდეს სწავლის დაწყების თარიღის დადგომამდ