1. საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტების კორპორაციული მართვის კოდექსის (შემდგომში – კოდექსი) მიზანია საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტებისთვის (შემდგომში – საწარმო) კორპორაციული მართვის პრინციპებისა და ანგარიშგების მოთხოვნების განსაზღვრა, რომელიც გაზრდის საწარმოების გამჭვირვალობის ხარისხს, აამაღლებს ინვესტორთა ნდობას საწარმოებისა და მათი მმართველი ორგანოს მიმართ, რაც, თავის მხრივ, ხელს შეუწყობს კაპიტალის ბაზრისა და მთლიანი ფინანსური სექტორის მდგრადობასა და ეფექტიან ფუნქციონირებას.

2. ამ კოდექსის მოქმედება არ ვრცელდება:

ა) „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით განმარტებულ კომერციულ ბანკებზე, რომელთა  კორპორაციული მართვის მოთხოვნები რეგულირდება საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის №215/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსით“;

ბ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 7 ოქტომბრის №181/04 ბრძანებით დამტკიცებული „ემიტენტის შესახებ ინფორმაციის გამჭვირვალობისა და ემიტენტისათვის ფასიანი ქაღალდების რეგისტრატორის დანიშვნის წესის“ (შემდგომში – „გამჭვირვალობის წესი“) პირველი მუხლის მე-2 პუნქტის „ა“, „გ“ და „დ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრულ ემიტენტებსა და საწარმოებზე;

გ) საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2020 წლის 7 ოქტომბრის №178/04 ბრძანებით დამტკიცებული „უცხო ქვეყნის აღიარებული საფონდო ბირჟების ნუსხის, მათზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტის, საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის და უცხო სახელმწიფოს წილობრივი მონაწილეობით შექმნილი განვითარების ორგანიზაციის მიერ გამოშვებული ფასიანი ქაღალდების საქართველოში საჯარო შეთავაზებასთან დაკავშირებული წესით“ გათვალისწინებულ უცხო ქვეყნის აღიარებულ საფონდო ბირჟებზე სავაჭროდ დაშვებული ფასიანი ქაღალდების ემიტენტებზე, თუ მათ მიერ ამ კოდექსით განსაზღვრული შესაბამისი ინფორმაციის ეკვივალენტური ინფორმაცია მომზადებული, შესაბამისი პირებისთვის წარდგენილი (მათ შორის, მარეგულირებელი ორგანოსთვის) და საჭიროების შემთხვევაში, გასაჯაროებული იქნება იმ ფორმითა და იმ ვადებში, როგორც ეს განსაზღვრულია იმ უცხო ქვეყნის მარეგულირებელი კანონმდებლობით, რომლის აღიარებულ საფონდო ბირჟაზეც არის განთავსებული შესაბამისი ემიტენტის ფასიანი ქაღალდი.

3. საწარმოებმა უნდა უზრუნველყონ ამ კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობა ან მოთხოვნებთან შესაბამისობის ალტერნატივის წარმოდგენა თავიანთი ორგანიზაციული სტრუქტურისა და ზომითი კატეგორიის გათვალისწინებით, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად.

4. ამ კოდექსის მიზნებისთვის, ინფორმაციის გასაჯაროება (გამოქვეყნება) გულისხმობს ინფორმაციის გამოქვეყნებას საწარმოს, საფონდო ბირჟის, საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური ვებგვერდის, სსიპ – საქართველოს საკანონმდებლო მაცნეს ან სხვა ისეთი საშუალებების გამოყენებით, რომელიც უზრუნველყოფს ინვესტორთათვის ინფორმაციის ხელმისაწვდომობა