1. კორპორაციული მართვა წარმოადგენს საწარმოს მართვისა და კონტროლის ერთიან სისტემას, რომელიც განსაზღვრავს უფლებებისა და პასუხისმგებლობების გადანაწილებას საწარმოს მმართველ ორგანოებს, აქციონერებსა/პარტნიორებსა და საწარმოთი დაინტერესებულ სხვა მხარეებს შორის. კორპორაციული მართვა, ასევე, მოიცავს გადაწყვეტილებების მიღებასა და საწარმოს საქმიანობის განხორციელების ეფექტიანობაზე მონიტორინგთან დაკავშირებულ წესებსა და პროცედურებს.
2. გამართული კორპორაციული მართვის ჩარჩო უზრუნველყოფს აქციონერების/პარტნიორების და ინვესტორების უფლებების დაცულობას და ეხმარება საწარმოებს გრძელვადიანი მიზნების მიღწევაში. ეფექტიანი კორპორაციული მართვა ზრდის ინვესტორების ნდობას საწარმოსადმი, შესაბამისად, მნიშვნელოვან როლს თამაშობს ადგილობრივი და უცხოური ინვესტიციების მოზიდვაში.
3. ამ კოდექსთან ერთად საქართველოში კორპორაციული მართვის საბაზისო სტანდარტებს ადგენს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონი, „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონი, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2018 წლის 26 სექტემბრის №215/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების კორპორაციული მართვის კოდექსი“ და გამჭვირვალობის წესი. საწარმოებს ვალდებულება აქვთ შესაბამისობაში იყვნენ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებთან.
4. კოდექსი ეფუძნება მიდგომას: „შეასრულე ან განმარტე და წარმოადგინე ალტერნატივა“, რომლის მიზანია ხელი შეუწყოს კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკის ფართოდ გამოყენებას.
5. „შეასრულე ან განმარტე და წარმოადგინე ალტერნატივა“ მიდგომა მოითხოვს ამ კოდექსში წარმოდგენილი პრინციპების გააზრებულ შესრულებას, ხარვეზების იდენტიფიცირებას, ასევე, ამ ხარვეზების აღმოფხვრის ვადების განსაზღვრასა და ხარვეზების აღმოფხვრისთვის გამოყენებული მეთოდების დასაბუთებას.
6. თუ საწარმოს მმართველი ორგანო აღმოაჩენს, რომ მას არ შეუძლია შეასრულოს კოდექსის რომელიმე მოთხოვნა, გარდა იმ მოთხოვნებისა, რომელთა შესრულება სავალდებულოა სხვა ნორმატიული აქტებით, სასურველი შედეგის მისაღებად უნდა მიმართოს მოთხოვნებთან შესაბამისობის ალტერნატიულ მეთოდს. სამეთვალყურეო საბჭო ვალდებულია აღწეროს ის ღონისძიებები, რომლებიც მან გაატარა ან აპირებს გაატაროს კორპორაციული მართვის საუკეთესო პრაქტიკის დასანერგად.
7. ამ კოდექსითა და „ბუღალტრული აღრიცხვის, ანგარიშგებისა და აუდიტის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრული ინფორმაცია წარმოდგენილი უნდა იყოს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „გამჭვირვალობის წესის“ მე-3 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად მომზადებულ საწარმოს წლიური ანგარიშის მმართველობით ანგარიშში.
8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ საწარმოს წლიური ანგარიშის მმართველობით ანგარიშგებაში ნათლად და სრულად უნდა იყოს ასახული საწარმოს კორპორაციული მართვის კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობის აღწერა.
9. ამ მუხლის მე-7 პუნქტით განსაზღვრულ საწარმოს წლიური ანგარიშის მმართველობით ანგარიშთან ერთად, საწარმომ, ასევე, უნდა შეავსოს და საქართველოს ეროვნულ ბანკს წარუდგინოს დანართი №1-№3-ით განსაზღვრული კორპორაციული მართვის კოდექსთან შესაბამისობის ანგარიში შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: cm.corporate@nbg.gov.ge.
10. თუ საწარმო საჯარო ფასიანი ქაღალდების ემიტენტი გახდა წლიური ანგარიშის საანგარიშგებო თარიღის (15 მაისი) შემდგომ, ამ მუხლის მე-7, მე-8 და მე-9 პუნქტებით განსაზღვრული ინფორმაცია ასახული უნდა იქნეს „გამჭვირვალობის წესის“ მე-3 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად.
11. საწარმომ უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის მე-8 და მე-9 პუნქტებით განსაზღვრული ანგარიშგების გასაჯაროება „გამჭვირვალობის წესის“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად.
12. საწარმომ უნდა უზრუნველყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტით განსაზღვრული დანართი №1-№3-ის ამ კოდექსის პირველი მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად გასაჯაროება.
13. ამ მუხლის მე-7-მე-10 პუნქტებით განსაზღვრული კორპორაციული მართვის კოდექსის ანგარიშგების წარდგენისა და შევსების წესი განისაზღვრება ამ კოდექსის 24-ე მუხლის შესაბამისად.