1. ბანკის კორპორაციულ მართვაზე პასუხისმგებელია სამეთვალყურეო საბჭო. ამასთან, დირექტორატს მნიშვნელოვანი ფუნქცია აქვს ეფექტური კორპორაციული მართვის გატარებასა და შენარჩუნებაში, რაც გულისხმობს საბჭოს მიერ დამტკიცებული პოლიტიკების ეფექტიან შესრულებას. ბანკის ადმინისტრატორები უნდა აკმაყოფილებდნენ  წინამდებარე კოდექსითა და კანონმდებლობით, მათ შორის, საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2014 წლის 17 ივნისის №50/04 ბრძანებით დამტკიცებული „კომერციული ბანკების ადმინისტრატორთა შესაფერისობის კრიტერიუმების შესახებ“ დებულებით დადგენილ კრიტერიუმებსა და მოთხოვნებს.

2. ბანკს უნდა ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც უზრუნველყოფს პასუხისმგებლობების განსაზღვრას, რისკების ეფექტიანი იდენტიფიცირების, მართვის, მონიტორინგისა და ანგარიშგების პროცესებს, ადეკვატურ შიდა კონტროლის მექანიზმებს, მათ შორის ჯანსაღ ადმინისტრირებისა და სააღრიცხვო პროცედურებს, რისკების ეფექტიანი მართვის შესაბამის საინფორმაციო სისტემებსა და კონტროლებს, ანაზღაურების პოლიტიკა-პროცედურებს. აღნიშნული უნდა ექვემდებარებოდეს რეგულარულ შიდა გადახედვას და საჭიროებისამებრ განახლებას.

3. თითოეული ბანკის მმართველობის სტრუქტურა უნდა შეესაბამებოდეს ბანკის საქმიანობის ბუნებას, მასშტაბებსა და კომპლექსურობას.

4. ბანკმა უნდა უზრუნველყოს ისეთი ორგანიზაციული და მმართველობის სტრუქტურის ჩამოყალიბება, სადაც გამორიცხულია ინტერესთა კონფლიქტი და არავინ სარგებლობს გადაწყვეტილების მიღების განუსაზღვრელი უფლებამოსილებებით.

5. კორპორაციული მართვის სტრუქტურა და პოლიტიკები ნათლად და გარკვევით უნდა იყოს გაწერილი და მიწოდებული ბანკის შესაბამისი თანამშრომლებისათვის.

6. ბანკის მმართველობის სტრუქტურის ნებისმიერი წევრი უფლებამოსილია, ბანკის კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებულ არსებით პრობლემურ საკითხ(ებ)ზე  მიმართოს სამეთვალყურეო საბჭოს. სამეთვალყურეო საბჭოსთან თავდაპირველი მიმართვის უფლებამოსილება არ ართმევს პირს უფლებას, პრობლემური საკითხის თაობაზე პირდაპირ მიმართოს ეროვნულ ბანკს და აცნობოს პრობლემის არსისა და საკითხის მოგვარების მისეული გზა.

7. გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი სტანდარტებისა (ESG) და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის მნიშვნელობიდან გამომდინარე, რაც აგრეთვე მოიცავს ჯანსაღი და პასუხისმგებლიანი დაკრედიტების პრინციპს,  ბანკმა სტრატეგიული განვითარების გეგმაში უნდა გაითვალისწინოს გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი (ESG) საკითხები.

8. ბანკმა უნდა უზრუნველყოს საკუთარი კორპორაციული მართვის სისტემის წინამდებარე კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობა. ამავე პრინციპით, საბანკო ჯგუფის დონეზე შექმნილი პოლიტიკა-პროცედურები ხელს უნდა უწყობდეს ამ კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნებისა და სტანდარტების ბანკში დანერგვა