1. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, სხვა ფუნქციებთან ერთად, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივად პასუხისმგებელნი არიან:
ა) განსაზღვრონ ბანკის ღირებულებები, ხედვა, მისია, ორგანიზაციული სტრუქტურა და უზრუნველყონ, რომ ბანკი იმართებოდეს სამართლიანობის, კომპეტენტურობის, პროფესიონალიზმისა და ეთიკის პრინციპების სრული დაცვით;
ბ) განსაზღვრონ ბანკის ეთიკის სტანდარტები და ქცევის კოდექსი და მუდმივად აფასებდნენ, დირექტორატის როლს ჯანსაღი კორპორაციული და ეთიკური გარემოს დამყარებასა და შენარჩუნებაში, რომელიც არ შემოიფარგლება, თუმცა, მოიცავს არსებულ კანონმდებლობასთან, მათ შორის, წინამდებარე კოდექსთან, ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების, ასევე, უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციის აღკვეთის შესახებ არსებულ კანონმდებლობასა და ბანკის შიდა სტანდარტებთან მუდმივ შესაბამისობას;
გ) მუდმივი მონიტორინგი გაუწიონ ბანკის ანონიმური მხილების სისტემის (whistleblowing) მიმართულებით ბანკში არსებულ პოლიტიკა-აპროცედურების ეფექტურობასა და მიუკერძოებლობას. ამასთან, ისინი უნდა უზრუნველყოფდნენ, რომ დირექტორატის მხრიდან სრული ანგარიშგება ხდებოდეს მათთან იმ მნიშვნელოვანი საკითხებისა, რაც დაისმება ბანკის სხვა რგოლების წარმომადგენელთა მიერ, რომლებიც სრულად დაცული უნდა იყონ პოტენციური ზიანისა და დისკრიმინაციისგან;
დ) განსაზღვრონ ბანკის სტრატეგია და მონიტორინგი გაუწიონ დირექტორატის მიერ სტრატეგიული მიზნების შესრულებას;
ე) უზრუნველყონ ბანკის საქმიანობის კანონმდებლობის, მათ შორის, საზედამხედველო მოთხოვნებთან შესაბამისობა.
ვ) რისკების მართვის დირექტორთან (შემდგომში –
რისკების დირექტორი) და დირექტორატის სხვა წევრებთან თანამშრომლობის შედეგად განსაზღვრონ ბანკის რისკის აპეტიტი. რისკის აპეტიტის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს კონკურენტული გარემო, საზედამხედველო ხედვები, ბანკის გრძელვადიანი ინტერესები, ბანკის ყველა რისკის პოზიცია. რისკების ეფექტური მართვის, მონიტორინგისა და შიდა კონტროლის ფუნქციები უნდა შეესაბამებოდეს გაცხადებულ რისკის აპეტიტს, რისკის პოლიტიკასა და ლიმიტებს;
ზ) განსაზღვრონ ორგანიზაციული სტრუქტურა, მათ შორის, როლები და პასუხისმგებლობები იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნას საბჭოსა და დირექტორატის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების ჯეროვანი შესრულება და ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღების პროცესი;
თ) მონიტორინგი გაუწიონ დირექტორატის საქმიანობას და შეაფასონ დირექტორატის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შეფასების შედეგად მიიღონ შესაბამისი ზომები. უზრუნველყონ რომ საბჭოს წევრები დირექტორატის მხრიდან იღებდნენ საკმარის ინფორმაციას, მათ შორის განმარტებებსა და რწმუნებას იმის თაობაზე, რომ დირექტორატის საქმიანობა სრულად შეესაბამება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებულ სტრატეგიასა და რისკების აპეტიტს და ბანკის შიდა კონტროლის მექანიზმები ქმედითად მუშაობს;
ი) მონიტორინგი გაუწიონ ბანკის ანაზღაურების სისტემას, რაც მათ შორის გულისხმობს აღმასრულებელ პოზიციაზე მყოფი პირების ანაზღაურების საკითხების განხილვასა და მონიტორინგს, ბანკის რისკის კულტურასა და რისკის აპეტიტთან შესაბამისობას;
კ) უზრუნველყონ კონტროლის ფუნქციების ეფექტურობა და დამოუკიდებლობა, რაც გულისხმობს საქმიანობის განხორციელებისას ობიექტური და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას, სხვა ნებისმიერი მხარის გავლენის/პოტენციური გავლენის გარეშე;
ლ) უზრუნველყონ ეფექტური მართვის პროცესების დანერგვა და შენარჩუნება, რაც მათ შორის, მოიცავს დირექტორატისა და მატერიალური რისკის ამღებ სხვა პირთა ბანკიდან გადინებისას, ბიზნეს უწყვეტობის შენარჩუნებასთან დაკავშირებული შესაბამისი სტრატეგიებისა და პროცედურების შემუშავებას. ეფექტური მართვის პროცესის დანერგვა აგრეთვე მოიცავს ბანკის დასაქმებული პირების მუდმივ შეფასებასა და განვითარებას, ასევე, პოტენციურ კანდიდატთა მოძიებას;
მ) მონიტორინგი გაუწიონ დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციებს და ამ მიზნით, უზრუნველყონ ბანკში შესაბამისი პოლიტიკა-პროცედურების არსებობა.
2. წინამდებარე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით სამეთვალყურეო საბჭო მინიმუმ კვარტალში ერთხელ უნდა მართავდეს შეხვედრებს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევებში, ზრდიდეს შეხვედრების სიხშირეს.
3. საბჭო, საკუთარი ფუნქციების შესრულებისას, პირველ რიგში უნდა ითვალისწინებდეს ბანკის, დეპოზიტარების, აქციონერებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ინტერესებს. სამეთვალყურეო საბჭომ უნდა უზრუნველყოს ზედამხედველთან ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება.
4. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ისეთი საკითხ(ებ)ის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისას, როდესაც საბჭოს რომელიმე წევრს აქვს პირდაპირი კავშირი განსახილველ საკითხთან, რამაც შესაძლოა წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი, აღნიშნულმა წევრმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა საკითხის განხილვასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში. ამასთან, განსახილველ საკითხთან არაპირდაპირი კავშირის შემთხვევებში, ბანკმა უნდა შეაფასოს ინტერესთა კონფლიქტის რისკები და გაითვალისწინოს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. მსგავსი შემთხვევები, მათ შორის, უნდა მოიცავდეს აქციონერთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ისეთი არადამოუკიდებელი წევრების გამორიცხვას, რომლებიც არიან ასეთი აქციონერების წარმომადგენლები და ბანკის შეფასებით სახეზეა ინტერესთა კონფლიქტის რისკი.
5. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ან მის წევრებს არ შეუძლიათ სხვებისათვის თავიანთი უფლებების დელეგირება. აღნიშნული არ ეხება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საკუთარი უფლებამოსილებების საბჭოს დონეზე შექმნილ კომიტეტებზე დელეგირებას. ასევე „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნებადართული დელეგირების შემთხვევებს.
6. სამეთვალყურეო საბჭო რეგულარულად უნდა ხვდებოდეს დირექტორატსა და კონტროლის ფუნქციებს პოლიტიკებისა და კონტროლების განსახილველად მნიშვნელოვანი რისკებისა და იმ საკითხებისა და სფეროების გამოსავლენად, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებენ. დირექტორატთან დიალოგის ფარგლებში, სამეთვალყურეო საბჭო კონსტრუქციული კრიტიციზმით უნდა აფასებდეს დირექტორატის მიერ წარმოდგენილ ახსნებსა და ინფორმაციას.
7. სამეთვალყურეო საბჭოს და ამავე საბჭოს კომიტეტების გადაწყვეტილებებზე უნდა იწარმოებოდეს შესაბამისი ოქმები, რასაც ბანკის ორგანიზაციული მოწყობის გათვალისწინებით შესაძლოა ითავსებდეს კორპორაციული მდივანი. როგორც სამეთვალყურეო საბჭოს, ასევე საბჭოს დონეზე შექმნილი კომიტეტების სხდომის ოქმები გარდა მიღებული გადაწყვეტილებებისა, ასევე უნდა ასახავდნენ საბჭოს/კომიტეტის წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების როგორც სასარგებლო, ასევე საწინააღმდეგოდ გამოხატულ პოზიციებსა და არგუმენტებს. საბჭოს და კომიტეტების სხდომის ოქმები ხელმისაწვდომობისთანავე, თუმცა, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა უნდა მიეწოდოს ეროვნულ ბანკს, რომელიც უფლებამოსილია, გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია.
8. სამეთვალყურეო საბჭო ყოველწლიურად უნდა აფასებდეს საბჭოსა და საბჭოსთან არსებული კომიტეტების მუშაობის ეფექტიანობას, მათ შორის, მინიმუმ 3 წელიწადში ერთხელ დამოუკიდებელ გარე კონსულტანტთა ჩართულობით, რაც პოლიტიკის დოკუმენტის სახით დამტკიცებულ უნდა იქნას სამეთვალყურეო საბჭოს მიერ, როგორც ეს განსაზღვრულია კოდექსის მე-12 მუხლშ