1. ამ კოდექსის მიზნებისთვის ტექსტში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:

ა) დამოუკიდებლობა –

საქმიანობის განხორციელებისას ობიექტური და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა ბანკის ან სხვა გარე მხარის გავლენის/პოტენციური გავლენის გარეშე;

ბ) სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი –

წევრი, რომლის არჩევისას და დამოუკიდებლობის განმარტებასთან წინამდებარე კოდექსის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით შესაბამისობის დადასტურებისას, ბანკის მიერ მხედველობაში მიღებულ უნდა იქნას ქვემოთ მოცემული თითოეული შემთხვევა. ამასთან, რომელიმე შემთხვევის არსებობა არ გულისხმობს პირის დამოუკიდებლობის ავტომატურ გამორიცხვას. ასეთი გარემოებები ბანკის მიერ მხედველობაში უნდა იქნას მიღებული და წევრის დამოუკიდებლად მიჩნევის შემთხვევაში, შესაბამისად დასაბუთებული. კერძოდ, გასათვალისწინებელია გარემოებები, როდესაც დასანიშნ პირს:

ბ.ა) უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში აქვს ნათესაური კავშირი ბანკის ან ჯგუფში შემავალი საწარმოების ადმინისტრატორებთან, ასევე პირ(ებ)თან, რომელიც ბანკში ან ჯგუფში შემავალ რომელიმე საწარმოში პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მნიშვნელოვან წილს;

ბ.ბ) უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში აწარმოებს/აწარმოებდა ბიზნესს ან აქვს/ჰქონია სხვა სახის მატერიალური საქმიანი ურთიერთობა ბანკის ან ჯგუფში შემავალი საწარმოების ადმინისტრატორებთან ან პირთან, რომელიც ბანკში ან ჯგუფში შემავალ საწარმოში პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მნიშვნელოვან წილს;

ბ.გ) აქვს რაიმე სახის მატერიალური ვალდებულება (მათ შორის, ფინანსური) ბანკის/მისი ადმინისტრატორების/ბანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის წინაშე ან სხვა მატერიალური/ფინანსური ინტერესი (მათ შორის, საკუთრება, ინვესტიცია) ბანკში ან ჯგუფში შემავალ საწარმოებში  (გარდა ბანკის ან ჯგუფში შემავალი საწარმოების აქციების 2%-ზე ნაკლები წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობისა);

ბ.დ) უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ჰქონდა პროფესიული ან სხვა სახის სამუშაო ურთიერთობა (მათ შორის, საქმიანი მომსახურების გაწევა) ბანკთან ან ჯგუფში შემავალ საწარმოებთან/მის ადმინისტრატორებთან/მნიშვნელოვანი წილის მფლობელ აქციონერთან (აღნიშნული კრიტერიუმი არ ზღუდავს იმ შემთხვევებს, როდესაც სახეზეა არააღმასრულებელ პოზიციაზე საქმიანობა/არააღმასრულებელი ფუნქციების შესრულება);

ბ.ე) იღებს რაიმე სახის სხვა დამატებით ანაზღაურებას ბანკისგან, გარდა ფიქსირებული ანაზღაურებისა ან დივიდენდისა, რომელიც უკავშირდება სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას ან აქციების ფლობას (ბანკის აქციების 2%-ზე ნაკლები წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა);

ბ.ვ) აქვს სხვა ისეთი სახის ურთიერთობა, პოზიცია ან კავშირი, რომელიც შესაძლოა, გავლენას ახდენდეს პირის დამოუკიდებლობაზე.

გ) რისკის აპეტიტი –

ბანკის სტრატეგიის და ბიზნეს-გეგმის მიზნების მისაღწევად საჭირო წინასწარ შემუშავებული და განსაზღვრული რისკების საერთო დონე რისკის სახეების მიხედვით მაქსიმუმ იმ მოცულობის ფარგლებში, რომლის აღების საშუალებაც აქვს ბანკს არსებული საზედამხედველო კაპიტალის, რისკების მართვისა და კონტროლის მექანიზმებისა და სხვა საზედამხედველო შეზღუდვების გათვალისწინებით.

დ) რისკის კულტურა –

ბანკში არსებული ნორმების, მიდგომებისა და სტანდარტების ერთობლიობა რისკის ადეკვატურ აღქმასთან, რისკების აღებასა და მათ მართვასთან, ასევე იმ კონტროლებთან დაკავშირებით, რომელთა საფუძველზეც ხდება რისკების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. ბანკში დამკვიდრებული რისკის კულტურა, თავის მხრივ, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დირექტორატისა და თანამშრომელთა ყოველდღიური საქმიანობის, მათ შორის, რისკების შეფასების პროცესში.

ე) რისკის ლიმიტები –

გარკვეული რაოდენობრივი ლიმიტები, რომლებიც დაფუძნებულია მომავალზე ორიენტირებულ დინამიკურ დაშვებებსა და გათვლებზე და რომლებიც ბანკის რისკის აპეტიტს უსადაგებენ შესაბამის ბიზნეს ხაზებს, სტრუქტურულ ერთეულებს, რისკის კატეგორიებსა და სხვა ელემენტებს.

ვ) რისკის პროფილი –

დროის გარკვეულ მომენტში ცალკეულ რისკის კატეგორიაში ბანკის მთლიანი (ნებისმიერი სახის მიტიგაციის გამოყენებამდე) ან წმინდა რისკის პოზიციები (მიტიგაციის გათვალისწინებით), რაც თავის მხრივ მიმდინარე ან მომავალზე ორიენტირებულ დაშვებებს ეფუძნება.

ზ) რისკის აპეტიტის ჩარჩო –

იმ მიდგომების, პოლიტიკების, პროცესების, კონტროლებისა და სისტემების ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც ხდება რისკის აპეტიტის განსაზღვრა, გამჟღავნება და მონიტორინგი. ეს მოიცავს გაცხადებულ რისკის აპეტიტს, რისკების ლიმიტებს, წინამდებარე ჩარჩოს ფარგლებში განსაზღვრულ როლებსა და პასუხისმგებლობებს. რისკის აპეტიტის ჩარჩო უნდა ითვალისწინებდეს ყველა არსებით რისკს და უკავშირდებოდეს ბანკის სტრატეგიას.

თ) რისკების მართვის ჩარჩო –

ჩარჩო, რომელსაც განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი და რომლის მიხედვითაც ხდება გადაწყვეტილების მიღება ბანკის სტრატეგიაზე და რისკებზე. აღნიშნული მოიცავს რისკების იდენტიფიცირების, გაზომვის, მართვის და კონტროლის დადგენილ პროცესებს.

ი) კონტროლის ფუნქციები –

ისეთი ფუნქციები, რომლებიც პასუხისმგებელი არის პროცესების ეფექტურობისა და ეფექტიანობის შემოწმებაზე, ობიექტურ შეფასებაზე და შესაბამისი მიმართულებებით ანგარიშგებაზე. აღნიშნული ფუნქციები მოიცავს, შიდა აუდიტის, რისკების მართვისა და შესაბამისობის სამსახურის ფუნქციებს.

კ) შესაბამისობის სამსახური –

შესაბამისობის ფუნქციის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული, რომელიც სხვა სტრუქტურებთან ერთად უზრუნველყოფს საკანონმდებლო მოთხოვნებთან, ბანკის შიდა პოლიტიკებსა და პროცედურებთან შესაბამისობას, გამოავლენს და აფასებს შესაბამისობასთან დაკავშირებულ არსებით/პოტენციურ რისკებს, აძლევს რეკომენდაციებს სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატს შესაბამისობის რისკების მართვასა და კონტროლთან დაკავშირებით, ამასთან, უზრუნველყოფს თანამშრომელთა გათვიცნობიერებას შესაბამისობის საკითხებში.

ლ) შეკავების პერიოდი –

პერიოდი, რომლის განმავლობაშიც პირს, რომელსაც კომერციული ბანკის ანაზღაურების სისტემის ფარგლებში გადაეცა აქციები, აქციებთან დაკავშირებული ან სხვა არაფულადი საშუალებები და არ შეუძლია მათი განკარგვა/გამოყენება აღნიშნული პერიოდის დასრულებამდე.

მ) ნათესაურ კავშირში მყოფი პირები –

ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, პირები, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, კანონისმიერ მემკვიდრეთა წრიდან I და II რიგში ირიცხებიან;

ნ) ჯგუფი –

იურიდიული პირებისაგან შემდგარი ჯგუფის იმ წევრთა ერთობლიობა, რომლებიც არიან ბანკი, მისი სათავო საწარმო/საწარმოები, ბანკისა და მისი სათავო საწარმოს/საწარმოების შვილობილი, ასოცირებული და ერთობლივი საწარმოები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლების გარეთ. ასევე, სხვა საწარმოები, რომლებშიც ბანკის და მისი სათავო საწარმოს მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, ადმინისტრატორი ან მათი ნათესავი  ფლობს მნიშვნელოვან წილს;

ო) საბანკო ჯგუფი – იურიდიული პირებისაგან შემდგარი ჯგუფის იმ წევრთა ერთობლიობა, რომლებიც არიან ბანკი, მისი სათავო საწარმო/საწარმოები, ბანკისა და მისი სათავო საწარმოს/საწარმოების შვილობილი, ასოცირებული და ერთობლივი საწარმოები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ და, იმავდროულად, არიან ფინანსური ინსტიტუტები ან/და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული იურიდიული პირები ან/და საბანკო ჰოლდინგები;

პ) მატერიალური რისკის ამღები პირი –

პირი რომელსაც, მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ბანკის რისკის პროფილზე და რომელიც ასეთად განსაზღვრულია ბანკის მიერ წინასწარ დადგენილი ხარისხობრივი და რაოდენობრივი კრიტერიუმების საფუძველზე.

2.       ამ კოდექსში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მნიშვნელობებ