1. მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, სხვა ფუნქციებთან ერთად, როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივად, პასუხისმგებელნი არიან:
ა) განსაზღვრონ მიკრობანკის ღირებულებები, ხედვა, მისია, ორგანიზაციული სტრუქტურა და უზრუნველყონ, რომ მიკრობანკი იმართებოდეს სამართლიანობის, კომპეტენტურობის, პროფესიონალიზმისა და ეთიკის პრინციპების სრული დაცვით;
ბ) განსაზღვრონ მიკრობანკის ეთიკის სტანდარტები და ქცევის კოდექსი და მუდმივად აფასებდნენ დირექტორატის როლს ჯანსაღი კორპორაციული და ეთიკური გარემოს დამყარებასა და შენარჩუნებაში, რომელიც არ შემოიფარგლება, თუმცა, მოიცავს არსებულ კანონმდებლობასთან, მათ შორის, ამ კოდექსთან, ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის სტანდარტების, ასევე, ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის შესახებ არსებულ კანონმდებლობასა და მიკრობანკის შიდა სტანდარტებთან მუდმივ შესაბამისობას;
გ) მუდმივი მონიტორინგი გაუწიონ მიკრობანკის ანონიმური მხილების სისტემის (whistleblowing) მიმართულებით მიკრობანკში არსებულ პოლიტიკა-პროცედურების ეფექტურობასა და მიუკერძოებლობას. ამასთან, ისინი უნდა უზრუნველყოფდნენ, რომ დირექტორატის მხრიდან სრული ანგარიშგება ხდებოდეს მათთან იმ მნიშვნელოვანი საკითხებისა, რაც დაისმება მიკრობანკის სხვა რგოლების წარმომადგენელთა მიერ, რომლებიც სრულად დაცული უნდა იყონ პოტენციური ზიანისა და დისკრიმინაციისგან;
დ) განსაზღვრონ მიკრობანკის სტრატეგია და მონიტორინგი გაუწიონ დირექტორატის მიერ სტრატეგიული მიზნების შესრულებას;
ე) უზრუნველყონ მიკრობანკის საქმიანობის კანონმდებლობის, მათ შორის, საზედამხედველო მოთხოვნებთან შესაბამისობა;
ვ) რისკების მართვის დირექტორთან (შემდგომში – რისკების დირექტორი) და დირექტორატის სხვა წევრებთან თანამშრომლობის შედეგად განსაზღვრონ მიკრობანკის რისკის აპეტიტი. რისკის აპეტიტის შემუშავებისას გათვალისწინებული უნდა იყოს კონკურენტული გარემო, საზედამხედველო ხედვები, მიკრობანკის გრძელვადიანი ინტერესები, მიკრობანკის ყველა რისკის პოზიცია. რისკების ეფექტური მართვის, მონიტორინგისა და შიდა კონტროლის ფუნქციები უნდა შეესაბამებოდეს გაცხადებულ რისკის აპეტიტს, რისკის პოლიტიკასა და ლიმიტებს;
ზ) განსაზღვრონ ორგანიზაციული სტრუქტურა, მათ შორის, როლები და პასუხისმგებლობები იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს საბჭოსა და დირექტორატის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების ჯეროვანი შესრულება და ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღების პროცესი;
თ) მონიტორინგი გაუწიონ დირექტორატის საქმიანობას, შეაფასონ დირექტორატის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები და შეფასების შედეგად მიიღონ შესაბამისი ზომები. შეფასებისას გამოვლენილი ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად საბჭომ უნდა დაგეგმოს შესაბამისი ღონისძიებები, რაც შესაძლოა მოიცავდეს დირექტორატის წევრებისთვის კვალიფიკაციის ამაღლებისთვის საჭირო ტრენინგებსა და სწავლებებში მონაწილეობის განსაზღვრას. საბჭომ უნდა უზრუნველყოს შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსების არსებობა ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სწავლებებისა და გადამზადების პროგრამების საჭიროებისამებრ განსახორციელებლად. საბჭომ ასევე უნდა უზრუნველყოს, რომ დირექტორატის მხრიდან იღებდეს საკმარის ინფორმაციას, მათ შორის, განმარტებებსა და რწმუნებას იმის თაობაზე, რომ დირექტორატის საქმიანობა სრულად შეესაბამება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებულ სტრატეგიასა და რისკების აპეტიტს და მიკრობანკის შიდა კონტროლის მექანიზმები ქმედითად მუშაობს;
ი) მონიტორინგი გაუწიონ მიკრობანკის ანაზღაურების სისტემასა და დაკავშირებული კონტროლის პროცესების ეფექტურ ფუნქციონირებას, რაც, მათ შორის, გულისხმობს აღმასრულებელ პოზიციაზე მყოფი პირების ანაზღაურების საკითხების განხილვასა და მონიტორინგს, მიკრობანკის რისკის კულტურასა და რისკის აპეტიტთან შესაბამისობას;
კ) უზრუნველყონ კონტროლის ფუნქციების ეფექტურობა და დამოუკიდებლობა, რაც გულისხმობს საქმიანობის განხორციელებისას ობიექტური და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობას, სხვა ნებისმიერი მხარის გავლენის/პოტენციური გავლენის გარეშე;
ლ) უზრუნველყონ ეფექტური მართვის პროცესების დანერგვა და შენარჩუნება, რაც მათ შორის, მოიცავს მატერიალური რისკის ამღებ პირთა მიკრობანკიდან გადინებისას, ბიზნესუწყვეტობის შენარჩუნებასთან დაკავშირებული შესაბამისი სტრატეგიებისა და პროცედურების შემუშავებას. ეფექტური მართვის პროცესის დანერგვა აგრეთვე მოიცავს მიკრობანკის დასაქმებული პირების მუდმივ შეფასებასა და განვითარებას, ასევე, პოტენციურ კანდიდატთა მოძიებას;
მ) მონიტორინგი გაუწიონ დაკავშირებულ მხარეებთან ტრანზაქციებს და ამ მიზნით, უზრუნველყონ მიკრობანკში შესაბამისი პოლიტიკა-პროცედურების არსებობა;
ნ) მონიტორინგი გაუწიონ და პერიოდულად შეაფასონ ორგანიზაციული და მმართველობის სტრუქტურის ეფექტურობა და მიიღონ შესაბამისი ზომები იდენტიფიცირებული ნაკლოვანებების აღმოსაფხვრელად;
ო) უზრუნველყონ შესაბამისობის სამსახურის დამოუკიდებლობა, უფლებამოსილება და შეუზღუდავი წვდომა სამეთვალყურეო საბჭოსთან;
პ) უზრუნველყონ რისკის კულტურის საუკეთესო პრაქტიკის წახალისება და თანამშრომელთა შორის ეფექტური კომუნიკაციის, კონსტრუქციული დისკუსიისა და ანგარიშვალდებულების ხელშეწყობა;
ჟ) ანაზღაურების კომიტეტის რეკომენდაციით, ასეთის არსებობის შემთხვევაში, დაამტკიცონ დირექტორატისა და კონტროლის ფუნქციების ანაზღაურების პოლიტიკა;
რ) უზრუნველყონ ESG საკითხების სათანადო ასახვა მიკრობანკის სტრატეგიაში და მონიტორინგი გაუწიონ მათ ეფექტიან განხორციელებას. აღნიშნული მოიცავს არა მხოლოდ მიკრობანკის საქმიანობის ფინანსური შედეგების, არამედ მიკრობანკის საქმიანობის პოტენციური გარემოსდაცვითი და სოციალური ეფექტების გათვალისწინებას და შეფასებას. ამ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ფუნქციის განსახორციელებლად, სამეთვალყურეო საბჭო უნდა ფლობდეს სათანადო ცოდნას და იღებდეს შესაბამის ინფორმაციას ESG საკითხების შესახებ. მიკრობანკი ვალდებულია გამოყოს შესაბამისი ადამიანური და ფინანსური რესურსები, რაც, მათ შორის, შესაძლოა მიზნად ისახავდეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრების ისეთ პროგრამებში მონაწილეობის უზრუნველყოფას, რომელიც ხელს შეუწყობს მათ გათვითცნობიერებას გარემოსდაცვითი, სოციალური და მმართველობითი საკითხების მიმართულებით.
2. ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ფუნქციების შესრულების მიზნით სამეთვალყურეო საბჭო მინიმუმ კვარტალში ერთხელ უნდა მართავდეს შეხვედრებს, ხოლო აუცილებლობის შემთხვევებში, ზრდიდეს შეხვედრების სიხშირეს.
3. სამეთვალყურეო საბჭო, საკუთარი ფუნქციების შესრულებისას, პირველ რიგში უნდა ითვალისწინებდეს მიკრობანკის, დეპოზიტარების, აქციონერებისა და სხვა დაინტერესებული მხარეების ინტერესებს. სამეთვალყურეო საბჭომ უნდა უზრუნველყოს ზედამხედველთან ეფექტური კომუნიკაციისა და თანამშრომლობის ჩამოყალიბება და შენარჩუნება.
4. სამეთვალყურეო საბჭოს მიერ ისეთი საკითხ(ებ)ის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღებისას, როდესაც სამეთვალყურეო საბჭოს რომელიმე წევრს აქვს პირდაპირი კავშირი განსახილველ საკითხთან, რამაც შესაძლოა წარმოშვას ინტერესთა კონფლიქტი, აღნიშნულმა წევრმა არ უნდა მიიღოს მონაწილეობა საკითხის განხილვასა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებაში. ამასთან, განსახილველ საკითხთან არაპირდაპირი კავშირის შემთხვევებში, მიკრობანკმა უნდა შეაფასოს ინტერესთა კონფლიქტის რისკები და გაითვალისწინოს აღნიშნული გადაწყვეტილების მიღების პროცესებში. მსგავსი შემთხვევები, მათ შორის, უნდა მოიცავდეს აქციონერთან დაკავშირებული გადაწყვეტილების მიღების პროცესებში ისეთი არადამოუკიდებელი წევრების გამორიცხვას, რომლებიც არიან ასეთი აქციონერების წარმომადგენლები და მიკრობანკის შეფასებით სახეზეა ინტერესთა კონფლიქტის რისკი.
5. მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოს ან მის წევრებს არ შეუძლიათ სხვებისათვის თავიანთი უფლებების დელეგირება. აღნიშნული არ ეხება სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საკუთარი უფლებამოსილებების საბჭოს დონეზე შექმნილ კომიტეტებზე დელეგირებას, ასევე „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ ნებადართული დელეგირების შემთხვევებს, რომლებიც უნდა ეცნობოს ეროვნულ ბანკს.
6. სამეთვალყურეო საბჭო რეგულარულად უნდა ხვდებოდეს დირექტორატსა და კონტროლის ფუნქციებს პოლიტიკებისა და კონტროლების განსახილველად მნიშვნელოვანი რისკებისა და იმ საკითხებისა და სფეროების გამოსავლენად, რომლებიც გაუმჯობესებას საჭიროებენ. დირექტორატთან დიალოგის ფარგლებში, სამეთვალყურეო საბჭო კონსტრუქციული კრიტიციზმით უნდა აფასებდეს დირექტორატის მიერ წარმოდგენილ ახსნებსა და ინფორმაციას.
7. სამეთვალყურეო საბჭოს და ამავე საბჭოს კომიტეტების გადაწყვეტილებებზე უნდა იწარმოებოდეს შესაბამისი ოქმები, რასაც მიკრობანკის ორგანიზაციული მოწყობის გათვალისწინებით შესაძლოა ითავსებდეს კორპორაციული მდივანი. როგორც სამეთვალყურეო საბჭოს, ასევე საბჭოს დონეზე შექმნილი კომიტეტების სხდომის ოქმები, გარდა მიღებული გადაწყვეტილებებისა, ასევე უნდა ასახავდნენ საბჭოს/კომიტეტის წევრების მიერ მიღებული გადაწყვეტილების როგორც სასარგებლო, ასევე საწინააღმდეგოდ გამოხატულ პოზიციებსა და არგუმენტებს. საბჭოს და კომიტეტების სხდომის ოქმები და სხდომებზე გამოყენებული სხვა დამატებითი დოკუმენტაცია ხელმისაწვდომობისთანავე, თუმცა, არაუგვიანეს 10 სამუშაო დღისა უნდა მიეწოდოს ეროვნულ ბანკს, რომელიც უფლებამოსილია, გამოითხოვოს დამატებითი ინფორმაცია.
8. სამეთვალყურეო საბჭო ყოველწლიურად უნდა აფასებდეს საბჭოსა და საბჭოსთან არსებული კომიტეტების მუშაობის ეფექტიანობას, მათ შორის, მინიმუმ 3 წელიწადში ერთხელ დამოუკიდებელ გარე კონსულტანტთა ჩართულობით, რაც პოლიტიკის დოკუმენტის სახით დამტკიცებული უნდა იქნეს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ, როგორც ეს განსაზღვრულია ამ კოდექსის მე-12 მუხლი