1. სამეთვალყურეო საბჭოსთან შექმნილი აუდიტის კომიტეტი სხვა ფუნქციებთან ერთად პასუხისმგებელია:
ა) განსაზღვროს შიდა კონტროლის საკითხებთან მიმართებით მიკრობანკის მიდგომები და ფინანსური ანგარიშგების პოლიტიკა;
ბ) მონიტორინგი გაუწიოს ფინანსური ანგარიშგების პროცესებს და დაამტკიცოს გამოსაქვეყნებელი ფინანსური ანგარიშგებები;
გ) მონიტორინგი გაუწიოს და აქტიურად ითანამშრომლოს მიკრობანკის შიდა და გარე აუდიტორებთან;
დ) შეაფასოს გარე აუდიტორის ეფექტიანობა, გამოთქვას მოსაზრება გარე აუდიტორთა კანდიდატურებთან დაკავშირებით, წარუდგინოს შესაბამისი რეკომენდაციები სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერებს მათ კანდიდატურებთან, დანიშვნასთან, ანაზღაურებასთან ან გათავისუფლებასთან დაკავშირებით;
ე) განიხილოს და დაამტკიცოს ჩასატარებელი შიდა აუდიტის მასშტაბი და ჩატარების სიხშირე;
ვ) მიიღოს შიდა აუდიტის ინდივიდუალური შემოწმების შედეგების ამსახველი ანგარიშები და საქმიანობის პერიოდული საანგარიშგებო ინფორმაცია და უზრუნველყოს დირექტორატის მხრიდან სათანადო ღონისძიებების დროულად გატარება აუდიტის პროცესში ან კონტროლის სხვა ფუნქციების მიერ იდენტიფიცირებული კონტროლის სისუსტეების, კანონმდებლობასთან შეუსაბამობის ან სხვა ნაკლოვანებათა აღმოსაფხვრელად;
ზ) მონიტორინგი გაუწიოს მიკრობანკის სააღრიცხვო პოლიტიკისა და პრაქტიკის ჩამოყალიბებას; უზრუნველყოს ფინანსური ანგარიშგების პოლიტიკის სამართლიანობა, სისრულე და შესაბამის კანონმდებლობასთან და სტანდარტებთან შესაბამისობა;
თ) განიხილოს მესამე პირთა მოსაზრებები მიკრობანკის რისკების მართვის მთლიანი ჩარჩოსა და შიდა კონტროლის სისტემების ეფექტურობისა და სტრუქტურის თაობაზე;
ი) უზრუნველყოს შიდა და გარე აუდიტორების ფუნქციების ადეკვატურობა, დამოუკიდებლობა და მათი ეფექტური ურთიერთთანამშრომლობა;
კ) განიხილოს გარე აუდიტორის მიერ მომზადებული სარეკომენდაციო წერილი და მონიტორინგი გაუწიოს დირექტორების მიერ არსებული ნაკლოვანებების გამოსწორების მიზნით შესაბამისი ზომების გატარებას;
ლ) მონიტორინგი გაუწიოს პილარ 3-ის ანგარიშგების პროცესს, მათ შორის, ESG საკითხების ანგარიშგებას და დაამტკიცოს გამოსაქვეყნებელი წლიური პილარ 3-ის ანგარიშგება, თუ აღნიშნული, მიკრობანკის შიდა პოლიტიკის შესაბამისად, აუდიტის კომიტეტის ფუნქციას წარმოადგენს.
2. აუდიტის კომიტეტის თავმჯდომარე დამოუკიდებელი უნდა იყოს და იმავდროულად არ უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს ან/და სხვა კომიტეტის თავმჯდომარე. ამასთან, აუდიტის კომიტეტი მინიმუმ 3 წევრისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული, რომელთა უმრავლესობას სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრები უნდა შეადგენდნენ.
3. აუდიტის კომიტეტის სულ მცირე ორ წევრს, მათ შორის, კომიტეტის თავმჯდომარეს, უნდა ჰქონდეს ფინანსური ანგარიშგების ანალიზის უნარი ან გამოცდილება ან ფინანსური განათლება.
4. აუდიტის კომიტეტის წევრებს მუდმივად უნდა ჰქონდეთ სრული წვდომა დირექტორატის, შიდა აუდიტისა და რისკების მართვის ფუნქციებთან.
5. აუდიტის კომიტეტი ყოველწლიურად უნდა განიხილავდეს გარე აუდიტორთა დამოუკიდებლობას და ამჟღავნებდეს ინფორმაციას პილარ 3-ის წლიურ ანგარიშგებაში:
ა) გარე აუდიტორებზე მთლიანი ფინანსური წლის განმავლობაში გაცემული ანაზღაურების შესახებ;
ბ) ფინანსური წლის განმავლობაში აუდიტორული და სხვა სახის მომსახურებებზე გაცემული ანაზღაურების ელემენტების შესახებ; ან შესაბამის ნეგატიურ მოსაზრებას მიკრობანკის წლიურ ანგარიშში. იმ შემთხვევაში, თუ გარე აუდიტორები, გარდა აუდიტორული მომსახურებისა, იმავდროულად უზრუნველყოფენ მიკრობანკისთვის სხვა სახის მომსახურების გაწევას, აუდიტის კომიტეტი წინასწარ უნდა განიხილავდეს და ამტკიცებდეს ამ მომსახურებათა შინაარსსა და მასშტაბს და უზრუნველყოფდეს ობიექტურობის შენარჩუნებასა და ინტერესთა კონფლიქტის გამორიცხვას.
6. მიკრობანკის მიმდინარე აუდიტორული ფირმის ისეთი მიმდინარე ან ყოფილი პარტნიორი, რომელიც ჩართული იყო მიკრობანკის აუდიტორული მომსახურების გაწევის პროცესში ან დირექტორი არ შეიძლება იმავდროულად იყოს მიკრობანკის აუდიტის კომიტეტის წევრი:
ა) აუდიტორული ფირმის პარტნიორის ან დირექტორის პოზიციის დატოვებიდან 12 თვის განმავლობაში;
ბ) თუ პოზიციის დატოვების მიუხედავად მას აქვს გარკვეული სახის ფინანსური ინტერესი აუდიტორულ ფირმაში.
7. აუდიტის კომიტეტი უნდა აფასებდეს გარე აუდიტორების დამოუკიდებლობას და საჭიროების შემთხვევაში უნდა გაუწიოს რეკომენდაცია სამეთვალყურეო საბჭოსა და აქციონერთა კრებას აუდიტორული ფირმის შეცვლის თაობაზ