1. ამ კოდექსის მე-7 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების გათვალისწინებით, მიკრობანკში შესაძლოა, შეიქმნას სხვა კომიტეტებიც, მათ შორის, რეკომენდებულია ყველა მიკრობანკში შეიქმნას:
ა) ნომინაციის კომიტეტი;
ბ) კორპორაციული მართვის კომიტეტი.
2. ნომინაციის კომიტეტი სხვა ფუნქციებთან ერთად:
ა) წარუდგენს რეკომენდაციებს სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატს ახალ კანდიდატურებთან დაკავშირებით. ამასთან, ნომინაციის კომიტეტი აქტიურად უნდა იყოს ჩართული სამეთვალყურეო საბჭოს სტრუქტურული დაგეგმარების პროცესში, მათ შორის, საბჭოს წევრთა გადარჩევის საკითხების მიმართულებით, რა დროსაც გათვალისწინებული უნდა იყოს მიკრობანკისა და მისი ბიზნესსტრატეგიის მოთხოვნები, საჭიროებები, საბჭოში არსებული უნარები და ექსპერტული ცოდნა;
ბ) რეგულარულად განიხილავს სამეთვალყურეო საბჭოს ფუნქციონირების ეფექტურობასა და ეფექტიანობას. ამასთან, ნომინაციის კომიტეტი რეგულარულად გადახედავს ისეთ კანდიდატურებს, როგორებიცაა გენერალური დირექტორი, გენერალური დირექტორის მოადგილეები, მათ შორის, ფინანსური დირექტორი, რისკების დირექტორი და სხვა პირთა დანიშვნის საფუძვლებს;
გ) უზრუნველყოფს, რომ მიკრობანკში არსებობდეს ადეკვატური პოლიტიკა-პროცედურები დირექტორატის წევრების დანიშვნის, გათავისუფლებისა და გადარჩევის კუთხით. აღნიშნული ასევე უნდა მოიცავდეს მრავალფეროვნების პოლიტიკას, რომელიც უნდა ეფუძნებოდეს სულ მცირე განათლებას, პროფესიულ გამოცდილებას, ასაკსა და სქესს. ნომინაციის კომიტეტი აქტიურად უნდა იყოს ჩართული ამ მიმართულებებით მიკრობანკში მიმდინარე პროცესებში;
დ) უნდა უზრუნველყოს, რომ სამეთვალყურეო საბჭოში ან/და დირექტორატში რომელიმე წევრი ან/და წევრთა ჯგუფი არ წარმოადგენდეს დომინანტ ნაწილს იმგვარად, რომ ეს საზიანო იყოს მიკრობანკის საერთო მიზნებისათვის;
ე) ჩართული უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის საქმიანობის ეფექტურობის შეფასების პროცესში ისევე, როგორც მიკრობანკის შიდა პერსონალისა და ადამიანური რესურსების პოლიტიკების შესრულების მონიტორინგის პროცესებში.
3. ნომინაციის კომიტეტის თავმჯდომარე უნდა იყოს საბჭოს დამოუკიდებელი წევრი. ამასთან, კომიტეტი დაკომპლექტებული უნდა იყოს მინიმუმ 3 წევრისგან და კომიტეტში წარმოდგენილი უნდა იყოს დამოუკიდებელი წევრების საკმარისი რაოდენობა.
4. კორპორაციული მართვის კომიტეტი სხვა ფუნქციებთან ერთად:
ა) უზრუნველყოფს მიკრობანკის შიდა მმართველობითი სტრუქტურის შესაბამისობას კორპორაციული მართვის საკითხების მომწესრიგებელ კანონმდებლობის მოთხოვნებთან და მიკრობანკის შიდა წესებთან/დოკუმენტებთან;
ბ) უზრუნველყოფს მიკრობანკის შიგნით ისეთი გადაწყვეტილებების მიღების სისტემის არსებობას, რომელიც, თავის მხრივ, უზრუნველყოფს გადაწყვეტილებების მიღებისას მიკრობანკის რეპუტაციული რისკების შეფასებას და, ამასთან, სრულ შესაბამისობას კანონმდებლობასთან და მიკრობანკის შიდა სტანდარტებთან;
გ) ასრულებს საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით დამტკიცებული „საბანკო და ფასიანი ქაღალდების ბაზრის მონაწილეების ეთიკის პრინციპებისა და პროფესიული ქცევის კოდექსით“ გათვალისწინებულ შესაბამის ფუნქციებსა და მოვალეობებს.
5. კორპორაციული მართვის მდივანი ანგარიშვალდებულია კორპორაციული მართვის კომიტეტის წინაშ