1. სამეთვალყურეო საბჭოსთან შექმნილი რისკების მართვის კომიტეტი (შემდგომში – რისკების კომიტეტი) გარდა სხვა ფუნქციებისა:
ა) განიხილავს რისკის სტრატეგიებს როგორც აგრეგირებული, ისე ინდივიდუალური რისკის ჭრილში და აწვდის შესაბამის რეკომენდაციებს სამეთვალყურეო საბჭოს, მათ შორის, მიკრობანკის მიმდინარე და მომავალ რისკის აპეტიტზე;
ბ) ამზადებს და სამეთვალყურეო საბჭოს წარუდგენს ანგარიშგებას მიკრობანკში არსებული რისკის კულტურის შესახებ და განიხილავს მიკრობანკის რისკის პოლიტიკებს, სულ მცირე, ყოველწლიურად;
გ) მონიტორინგს უწევს დირექტორატს, რამდენად სათანადო პროცედურების დაცვით ხდება დირექტორატის მხრიდან მიკრობანკის საქმიანობის რისკის პოლიტიკებთან შესაბამისობის უზრუნველყოფა;
დ) თანამშრომლობს და მონიტორინგს უწევს რისკების დირექტორის საქმიანობას;
ე) რეკომენდაციას აძლევს სამეთვალყურეო საბჭოს რისკის სტრატეგიებისა და პოლიტიკების ეფექტურობის თაობაზე, მათ შორის, იდენტიფიცირებული რისკებისთვის საკმარისი კაპიტალის შენარჩუნებასა და განაწილებაზე;
ვ) მონიტორინგს უწევს კაპიტალისა და ლიკვიდობის მართვის სტრატეგიებს, ასევე ყველა სახის რისკს, როგორებიცაა საკრედიტო, საბაზრო, საოპერაციო და რეპუტაციული რისკები, იმისთვის, რათა უზრუნველყოფილი იყოს მათი რისკის აპეტიტთან შესაბამისობა;
ზ) რეკომენდაციას გასცემს გარე კონსულტანტის დანიშვნასთან დაკავშირებით, რომელსაც სამეთვალყურეო საბჭომ ან მისმა კომიტეტებმა შესაძლოა მიმართონ კონსულტაციისთვის ან რჩევისთვის;
თ) განიხილავს სხვადასხვა შესაძლო სცენარს, მათ შორის, სტრესსცენარებს, რათა შეაფასოს სხვადასხვა გარე და შიდა მოვლენის გავლენა მიკრობანკის რისკის პროფილზე;
ი) მონიტორინგს უწევს კლიენტებისთვის შეთავაზებული მატერიალური ფინანსური პროდუქტებისა და მომსახურებების, მათ შორის, მათი ფასების შესაბამისობას ორგანიზაციის ბიზნესმოდელთან და რისკის სტრატეგიასთან. რისკების კომიტეტი პასუხისმგებელია შეაფასოს შეთავაზებულ ფინანსურ პროდუქტებთან და მომსახურებებთან დაკავშირებული რისკები და გაითვალისწინოს ამ პროდუქტებისა და სერვისების ფასის შესაბამისობა მათგან მიღებულ მოგებასთან;
კ) აფასებს შიდა და გარე აუდიტორის რეკომენდაციებს და აუდიტის კომიტეტთან თანამშრომლობით მონიტორინგს უწევს შესაბამისი ზომების განხორციელებას;
ლ) მონიტორინგს უწევს პილარ 3-ის ანგარიშგების პროცესს, მათ შორის, ESG საკითხების ანგარიშგებას და ამტკიცებს გამოსაქვეყნებელი წლიური პილარ 3-ის ანგარიშგებას, თუ აღნიშნული, მიკრობანკის შიდა პოლიტიკის შესაბამისად, რისკების კომიტეტის ფუნქციას წარმოადგენს.
2. რისკების კომიტეტი პასუხისმგებელია შესაბამისი რეკომენდაციები და მოსაზრებები წარუდგინოს საბჭოს მიკრობანკის არსებულ და მომავალ რისკის აპეტიტთან დაკავშირებით. ამასთან, მინიმუმ წელიწადში ერთხელ, აწარმოოს შესაბამისი ანგარიშგება საბჭოსთან დაიდენტიფიცირებული მატერიალური რისკებისა და სხვა საკითხების, მათ შორის, რისკების მართვისა და შიდა კონტროლის სისტემების სტრუქტურის, ეფექტური ფუნქციონირების, უწყვეტობისა და ზოგადად, მიკრობანკში არსებული რისკის კულტურის თაობაზე.
3. რისკების კომიტეტი მუდმივად უნდა იღებდეს შესაბამის ანგარიშგებას რისკების დირექტორისგან და სხვა შესაბამისი ფუნქციებისგან მიკრობანკის მიმდინარე რისკის პროფილის, რისკის კულტურის, გაცხადებული რისკის აპეტიტთან დაკავშირებით შესაბამისი აქტივობების, ლიმიტების, ლიმიტების დარღვევებისა და მიტიგაციის გეგმებთან დაკავშირებით.
4. რისკებისა და აუდიტის კომიტეტებს შორის უნდა არსებობდეს ეფექტური კომუნიკაცია და კოორდინაცია, რაც, მათ შორის, მოიცავს ინფორმაციის გაცვლას, ყველა სახის რისკის დაიდენტიფიცირებას, მათ შორის, ახლად გამოვლენილი რისკებისა და ასევე ნებისმიერი სახის საჭირო კორექტირებების შეტანას მიკრობანკის რისკის მართვის ჩარჩოში.
5. რისკების კომიტეტს უნდა შეეძლოს დირექტორატის, რისკებისა და კონტროლის თანამშრომლებთან, ასევე სხვა შიდა თუ გარე მხარეებთან დამოუკიდებლად შეხვედრა კომიტეტის ფუნქციების ეფექტურად შესრულების მიზნებისათვის.
6. რისკების კომიტეტის თავმჯდომარე დამოუკიდებელი უნდა იყოს და იმავდროულად არ უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს ან/და სხვა კომიტეტის თავმჯდომარე. ამასთან, რისკების კომიტეტი მინიმუმ 3 წევრისგან უნდა იყოს დაკომპლექტებული, რომელთა უმრავლესობას სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრები უნდა შეადგენდნენ.
7. რისკების კომიტეტი მუდმივად უნდა თანამშრომლობდეს რისკების დირექტორთან, რათა უზრუნველყოფილი იყოს მიკრობანკის რისკების მართვის სისტემის ეფექტურობა და პროპორციულობა მიკრობანკის რისკების ბუნებასთან, მასშტაბებსა და კომპლექსურობასთან. რისკების კომიტეტი ყველა შეხვედრაზე უნდა იწვევდეს რისკების დირექტორ