1. ყველა მიკრობანკს უნდა ჰყავდეს რისკების დირექტორი, რომელიც უნდა იყოს დირექტორატის წევრი. რისკების დირექტორი მონიტორინგს უწევს მიკრობანკის რისკების მართვის ფუნქციის ეფექტურ განხორციელებას, რომელიც მოიცავს, თუმცა, არ შემოიფარგლება რისკის მართვის სისტემების, პოლიტიკების, პროცესების, რაოდენობრივი მოდელებისა და ანგარიშგების კუთხით თანამშრომელთა უნარებისა და კვალიფიკაციის ამაღლებას, რაც მნიშვნელოვანია ჯანსაღი და ეფექტური რისკების მართვის სისტემის შექმნისთვის, ამასთან, სტრატეგიული მიზნებისა და რისკიანი საქმიანობის ეფექტური განხორციელების მიზნებისათვის.
2. რისკების დირექტორს უნდა ჰქონდეს საკმარისი უფლებამოსილება, წვდომა და პირდაპირი ანგარიშგება სამეთვალყურეო საბჭოსთან და რისკების კომიტეტთან, საკუთარი ფუნქციების ეფექტურად განხორციელების მიზნებისათვის, რაც მათ შორის მოიცავს რისკების დირექტორის უფლებამოსილებას მოითხოვოს სამეთვალყურეო საბჭოსთან, რისკების კომიტეტთან ან საბჭოს დამოუკიდებელ წევრებთან შეხვედრა დირექტორატის წევრების ჩართულობის გარეშე.
3. რისკების დირექტორის დანიშვნა, გათავისუფლება და სხვა ცვლილებები დამტკიცებული უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს ან რისკების კომიტეტის მიერ. რისკების დირექტორის გათავისუფლების შემთხვევაში, აღნიშნულის მიზეზები და საფუძვლები მიკრობანკის მიერ უნდა დადოკუმენტირდეს და მიეწოდოს ეროვნულ ბანკს მის გათავისუფლებაზე გადაწყვეტილების მიღებიდან არა უგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღეში. ეროვნული ბანკი უფლებამოსილია რისკების დირექტორის სამსახურიდან წასვლის მიზეზების დამატებითი შესწავლის მიზნით გაესაუბროს მხარეებს.
4. რისკების დირექტორის საქმიანობას განიხილავს და აფასებს რისკების კომიტეტი.
5. რისკების დირექტორმა და ზოგადად, მიკრობანკის რისკების მართვის ფუნქციამ უნდა მიიღოს ყველა ზომა ჯგუფის წევრობით გამოწვეული მიკრობანკის რისკების გამოვლენისა და შეფასებისათვის. ამ მიზნით რისკების დირექტორი უნდა იღებდეს ყველა ხელმისაწვდომ ინფორმაციას ჯგუფთან დაკავშირებით. ამასთან, რისკების დირექტორი უნდა ახორციელებდეს საბანკო ჯგუფის დონეზე არსებული რისკების იდენტიფიცირებას, შეფასებას, მონიტორინგს, კონტროლსა და ანგარიშგებას.
6. რისკების დირექტორს უნდა შეეძლოს რისკების ინტერპრეტაცია და რისკების მიკრობანკზე გავლენის ნათლად და გასაგებად წარმოდგენა. სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატს შორის უნდა არსებობდეს კონსტრუქციული დიალოგი რისკებთან დაკავშირებულ მნიშვნელოვან საკითხებზე. სამეთვალყურეო საბჭო/რისკების კომიტეტი და რისკების დირექტორი აქტიურად უნდა თანამშრომლობდნენ, რაც, მათ შორის, მოიცავს რისკების დირექტორის რეგულარულ შეხვედრებს სამეთვალყურეო საბჭოსთან, რისკების კომიტეტთან, საბჭოს დამოუკიდებელ წევრებთან როგორც დირექტორატის წევრებთან ერთად, ისე, საჭიროების შემთხვევაში, მათ გარეშე.
7. გადაწყვეტილების მიღების პროცესში, მათ შორის ისეთი საკრედიტო კომიტეტის გადაწყვეტილებების მიღების პროცესში, რომლის წევრიც არის რისკების დირექტორი, რისკების დირექტორს უნდა ჰქონდეს მატერიალური გადაწყვეტილების დაბლოკვის/ვეტოს უფლებამოსილება, როდესაც რისკების დირექტორი დასაბუთებულად თვლის, რომ გადაწყვეტილება საფრთხეს უქმნის/არ არის შესაბამისობაში სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დამტკიცებულ მიკრობანკის რისკის აპეტიტთან/ლიმიტებთან. აღნიშნული შემთხვევა ოფიციალურად უნდა დადოკუმენტირდეს და მიეწოდოს ეროვნულ ბანკს, მიკრობანკის სამეთვალყურეო საბჭოსა და რისკების კომიტეტს.
8. რისკების დირექტორი რეგულარულ ანგარიშგებას უნდა ახორციელებდეს სამეთვალყურეო საბჭოსთან, რისკების კომიტეტთან და დირექტორატთან ისეთი ფორმითა და ფორმატით, რაც მათ შესაძლებლობას მისცემს გაანალიზონ მიკრობანკის რისკები. აღნიშნული ანგარიშგებები მოთხოვნისთანავე ხელმისაწვდომი უნდა იყოს ეროვნული ბანკისთვისაც.
9. რისკების დირექტორი მიკრობანკის ხუთ ყველაზე მაღალანაზღაურებად მატერიალური რისკების ამღებ პირსა (გარდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა) და სხვა თანამშრომელს შორის უნდა იყოს.
10. რისკების დირექტორი არ შეიძლება იმავდროულად იყოს საოპერაციო დირექტორი, ფინანსური დირექტორი, შიდა აუდიტის უფროსი ან სხვა მმართველობით პოზიციაზე დანიშნული პირ