1. ამ კოდექსის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) დამოუკიდებლობა – საქმიანობის განხორციელებისას ობიექტური და დამოუკიდებელი გადაწყვეტილებების მიღების შესაძლებლობა მიკრობანკის ან სხვა გარე მხარის გავლენის/პოტენციური გავლენის გარეშე;
ბ) სამეთვალყურეო საბჭოს დამოუკიდებელი წევრი – წევრი, რომლის არჩევისას და დამოუკიდებლობის განმარტებასთან ამ კოდექსის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული წესით შესაბამისობის დადასტურებისას, მიკრობანკის მიერ მხედველობაში მიღებული უნდა იქნეს ქვემოთ მოცემული თითოეული შემთხვევა. ამასთან, რომელიმე შემთხვევის არსებობა არ გულისხმობს პირის დამოუკიდებლობის ავტომატურ გამორიცხვას. ასეთი გარემოებები მიკრობანკის მიერ მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული და წევრის დამოუკიდებლად მიჩნევის შემთხვევაში, შესაბამისად დასაბუთებული. კერძოდ, გასათვალისწინებელია გარემოებები, როდესაც დასანიშნ პირს:
ბ.ა) უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში აქვს ნათესაური კავშირი მიკრობანკის ან/და ჯგუფში შემავალი საწარმოების ადმინისტრატორებთან, ასევე პირ(ებ)თან, რომელიც მიკრობანკში ან/და ჯგუფში შემავალ რომელიმე საწარმოში პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მნიშვნელოვან წილს;
ბ.ბ) უკანასკნელი ორი წლის განმავლობაში აწარმოებს/აწარმოებდა ბიზნესს ან აქვს/ჰქონია სხვა სახის მატერიალური საქმიანი ურთიერთობა მიკრობანკის ან/და ჯგუფში შემავალი საწარმოების ადმინისტრატორებთან ან პირთან, რომელიც მიკრობანკში ან/და ჯგუფში შემავალ საწარმოში პირდაპირ ან არაპირდაპირ ფლობს მნიშვნელოვან წილს;
ბ.გ) აქვს რაიმე სახის მატერიალური ვალდებულება (მათ შორის, ფინანსური) მიკრობანკის/მისი ადმინისტრატორების/მიკრობანკის მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერის წინაშე ან სხვა მატერიალური/ფინანსური ინტერესი (მათ შორის, საკუთრება, ინვესტიცია) მიკრობანკში ან/და ჯგუფში შემავალ საწარმოებში (გარდა მიკრობანკის ან/და ჯგუფში შემავალი საწარმოების აქციების 2%-ზე ნაკლები წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობისა);
ბ.დ) უკანასკნელი ხუთი წლის განმავლობაში ჰქონდა პროფესიული ან სხვა სახის სამუშაო ურთიერთობა (მათ შორის, საქმიანი მომსახურების გაწევა) მიკრობანკთან ან/და ჯგუფში შემავალ საწარმოებთან/მის ადმინისტრატორებთან/მნიშვნელოვანი წილის მფლობელ აქციონერთან (აღნიშნული კრიტერიუმი არ ზღუდავს იმ შემთხვევებს, როდესაც სახეზეა არააღმასრულებელ პოზიციაზე საქმიანობა/არააღმასრულებელი ფუნქციების შესრულება);
ბ.ე) იღებს რაიმე სახის სხვა დამატებით ანაზღაურებას მიკრობანკისგან, გარდა ფიქსირებული ანაზღაურებისა ან დივიდენდისა, რომელიც უკავშირდება სამეთვალყურეო საბჭოს წევრობას ან აქციების ფლობას (მიკრობანკის აქციების 2%-ზე ნაკლები წილის პირდაპირი ან არაპირდაპირი ფლობა);
ბ.ვ) აქვს სხვა ისეთი სახის ურთიერთობა, პოზიცია ან კავშირი, რომელიც შესაძლოა, გავლენას ახდენდეს პირის დამოუკიდებლობაზე;
გ) რისკის აპეტიტი – მიკრობანკის სტრატეგიის და ბიზნესგეგმის მიზნების მისაღწევად საჭირო წინასწარ შემუშავებული და განსაზღვრული რისკების საერთო დონე რისკის სახეების მიხედვით მაქსიმუმ იმ მოცულობის ფარგლებში, რომლის აღების საშუალებაც აქვს მიკრობანკს არსებული საზედამხედველო კაპიტალის, რისკების მართვისა და კონტროლის მექანიზმებისა და სხვა საზედამხედველო შეზღუდვების გათვალისწინებით;
დ) რისკის კულტურა – მიკრობანკში არსებული ნორმების, მიდგომებისა და სტანდარტების ერთობლიობა რისკის ადეკვატურ აღქმასთან, რისკების აღებასა და მათ მართვასთან, ასევე იმ კონტროლებთან დაკავშირებით, რომელთა საფუძველზეც ხდება რისკების თაობაზე შესაბამისი გადაწყვეტილებების მიღება. მიკრობანკში დამკვიდრებული რისკის კულტურა, თავის მხრივ, მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული დირექტორატისა და თანამშრომელთა ყოველდღიური საქმიანობის, მათ შორის, რისკების შეფასების პროცესში;
ე) რისკის ლიმიტები – გარკვეული რაოდენობრივი ლიმიტები, რომლებიც დაფუძნებულია მომავალზე ორიენტირებულ დინამიკურ დაშვებებსა და გათვლებზე და რომლებიც მიკრობანკის რისკის აპეტიტს უსადაგებენ შესაბამის ბიზნესხაზებს, სტრუქტურულ ერთეულებს, რისკის კატეგორიებსა და სხვა ელემენტებს;
ვ) რისკის პროფილი – დროის გარკვეულ მომენტში ცალკეულ რისკის კატეგორიაში მიკრობანკის მთლიანი (ნებისმიერი სახის მიტიგაციის გამოყენებამდე) ან წმინდა რისკის პოზიციები (მიტიგაციის გათვალისწინებით), რაც თავის მხრივ მიმდინარე ან მომავალზე ორიენტირებულ დაშვებებს ეფუძნება;
ზ) რისკის აპეტიტის ჩარჩო – იმ მიდგომების, პოლიტიკების, პროცესების, კონტროლებისა და სისტემების ერთობლიობა, რომლის მიხედვითაც ხდება რისკის აპეტიტის განსაზღვრა, გამჟღავნება და მონიტორინგი. ეს მოიცავს გაცხადებულ რისკის აპეტიტს, რისკების ლიმიტებს, წინამდებარე ჩარჩოს ფარგლებში განსაზღვრულ როლებსა და პასუხისმგებლობებს. რისკის აპეტიტის ჩარჩო უნდა ითვალისწინებდეს ყველა არსებით რისკს და უკავშირდებოდეს მიკრობანკის სტრატეგიას;
თ) რისკების მართვის ჩარჩო – ჩარჩო, რომელსაც განსაზღვრავს სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორატი და რომლის მიხედვითაც ხდება გადაწყვეტილების მიღება მიკრობანკის სტრატეგიაზე და რისკებზე. აღნიშნული მოიცავს რისკების იდენტიფიცირების, გაზომვის, მართვის და კონტროლის დადგენილ პროცესებს;
ი) კონტროლის ფუნქციები – ისეთი ფუნქციები, რომლებიც პასუხისმგებელი არის პროცესების ეფექტურობისა და ეფექტიანობის შემოწმებაზე, ობიექტურ შეფასებაზე და შესაბამისი მიმართულებებით ანგარიშგებაზე. აღნიშნული ფუნქციები მოიცავს შიდა აუდიტის, რისკების მართვისა და შესაბამისობის სამსახურის ფუნქციებს;
კ) შესაბამისობის სამსახური – შესაბამისობის ფუნქციის განმახორციელებელი სტრუქტურული ერთეული, რომელიც სხვა სტრუქტურებთან ერთად უზრუნველყოფს საკანონმდებლო მოთხოვნებთან, მიკრობანკის შიდა პოლიტიკებსა და პროცედურებთან შესაბამისობას, გამოავლენს და აფასებს შესაბამისობასთან დაკავშირებულ არსებით/პოტენციურ რისკებს, აძლევს რეკომენდაციებს სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატს შესაბამისობის რისკების მართვასა და კონტროლთან დაკავშირებით, ამასთან, უზრუნველყოფს თანამშრომელთა გათვიცნობიერებას შესაბამისობის საკითხებში;
ლ) ნათესაურ კავშირში მყოფი პირები – ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ.ა“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, პირები, რომლებიც საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად, I რიგის და II რიგის კანონით მემკვიდრეები არიან;
მ) ჯგუფი – იურიდიული პირებისაგან შემდგარი ჯგუფის იმ წევრთა ერთობლიობა, რომელშიც შედის მიკრობანკი, მისი სათავო საწარმო/საწარმოები, მიკრობანკისა და მისი სათავო საწარმოს/საწარმოების შვილობილი, ასოცირებული და ერთობლივი საწარმოები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლების გარეთ. ასევე, სხვა საწარმოები, რომლებშიც მიკრობანკის და მისი სათავო საწარმოს მნიშვნელოვანი წილის მფლობელი აქციონერი, ადმინისტრატორი ან მათი ნათესავი ფლობს მნიშვნელოვან წილს;
ნ) საბანკო ჯგუფი – იურიდიული პირებისაგან შემდგარი ჯგუფის იმ წევრთა ერთობლიობა, რომლებიც არიან კომერციული ბანკი, მიკრობანკი, მათი სათავო საწარმო/საწარმოები, კომერციული ბანკის, მიკრობანკისა და მათი სათავო საწარმოს/საწარმოების შვილობილი, ასოცირებული და ერთობლივი საწარმოები როგორც ქვეყნის შიგნით, ისე მის ფარგლებს გარეთ და, იმავდროულად, არიან ფინანსური ინსტიტუტები ან/და საბანკო საქმიანობასთან დაკავშირებულ საქმიანობაში ჩართული იურიდიული პირები ან/და საბანკო ჰოლდინგები;
ო) მატერიალური რისკის ამღები პირი – ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებული მატერიალური რისკის ამღებ პირთა იდენტიფიცირების ინსტრუქციის მიხედვით მიკრობანკის მიერ წინასწარ შემუშავებული რაოდენობრივი და ხარისხობრივი კრიტერიუმების საფუძველზე განსაზღვრული მიკრობანკის თანამშრომელი, რომლის პროფესიულ საქმიანობასაც მნიშვნელოვანი გავლენა აქვს მიკრობანკის რისკის პროფილზე. მატერიალური რისკის ამღებ პირებს, სულ მცირე, უნდა მიეკუთვნებოდეს:
ო.ა) სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორატის ყველა წევრი;
ო.ბ) თანამშრომელი, რომელსაც აქვს მმართველობითი პასუხისმგებლობა მიკრობანკის კონტროლის ფუნქციებზე ან მნიშვნელოვან ბიზნესერთეულზე;
ო.გ) თანამშრომელი, რომლის წინა წლის მთლიანი წლიური ანაზღაურება აღემატება 200,000 ლარს და შეადგენს არანაკლებ დირექტორატისა და სამეთვალყურეო საბჭოს წევრთათვის მინიჭებულ საშუალო წლიურ ანაზღაურებას და ამავდროულად, იგი საქმიანობს მიკრობანკის მნიშვნელოვან ბიზნესერთეულში და მის საქმიანობას მნიშვნელოვანი გავლენა აქვს ამ ბიზნესერთეულის რისკის პროფილზე;
პ) ცვალებადი ანაზღაურების გამომუშავების პერიოდი (accrual period) – პერიოდი, რომლის განმავლობაშიც ფასდება ანაზღაურების მიმღები პირის მიერ შესრულებული სამუშაო შესაბამისი რაოდენობრივი და ხარისხობრივი მახასიათებლების საფუძველზე, რათა განისაზღვროს მისთვის მისანიჭებელი ცვალებადი ანაზღაურების ოდენობა. მატერიალური რისკის ამღებ პირთათვის (გარდა სამეთვალყურეო საბჭოს წევრებისა) ცვალებადი ანაზღაურების გამომუშავების პერიოდი უნდა მოიცავდეს მთლიანი წლის შედეგებს;
ჟ) ცვალებადი ანაზღაურების მინიჭება (award) – ცვალებადი ანაზღაურების გამომუშავების პერიოდის შედეგების შესაბამისად ანაზღაურების მიმღები პირისთვის ცვალებადი ანაზღაურების მინიჭება, მიუხედავად იმისა, როდის მოხდება მინიჭებული ცვალებადი ანაზღაურების გადახდა ან/და მიკუთვნება;
რ) ცვალებადი ანაზღაურების მიკუთვნება (vesting) – მომენტი, როდესაც ანაზღაურების მიმღები პირი ხდება მინიჭებული ცვალებადი ანაზღაურების მესაკუთრე, მიუხედავად იმისა, მინიჭებულ ცვალებად ანაზღაურებას ეხება თუ არა უკან დაბრუნების პირობა;
ს) გადავადების პერიოდი (deferral period) – პერიოდი ანაზღაურების მიმღები პირისთვის ცვალებადი ანაზღაურების მინიჭებასა და მის მიკუთვნებას შორის, როდესაც ანაზღაურების მიმღები პირი ჯერ კიდევ არ არის მისთვის მინიჭებული ანაზღაურების მესაკუთრე;
ტ) ცვალებადი ანაზღაურების შემცირება (malus) – მიკრობანკის მიერ რისკების რეალიზებისას, ამ კოდექსის მე-19 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე, გადავადებული ცვალებადი ანაზღაურების მიკუთვნებამდე მისი სრული ან ნაწილობრივი შემცირება;
უ) ცვალებადი ანაზღაურების დაბრუნება (clawback) – მიკრობანკის მიერ ანაზღაურების მიმღები პირისგან ცვალებადი ანაზღაურების უკან დაბრუნება მისი გადახდის ან/და მიკუთვნების შემდეგ, ამ კოდექსის მე-19 მუხლის მე-15 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული კრიტერიუმების საფუძველზე;
ფ) დისკრეციული საპენსიო სარგებელი –
დამატებითი საპენსიო სარგებელი, რომელიც მიკრობანკის მიერ დისკრეციულ საფუძველზეა გაცემული მატერიალური რისკის ამღები პირის ან სხვა თანამშრომლის მიმართ, როგორც ცვალებადი ანაზღაურების ერთ-ერთი ფორმა. საპენსიო გადახდები და შენატანები, რომელებიც არ არის დამოკიდებული მისი მიმღების საქმიანობის შედეგებზე, არ მიიჩნევა დისკრეციულ საპენსიო სარგებლად.
2. ამ კოდექსში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვთ საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი მნიშვნელობებ