1. ემიტენტი ვალდებულია, ჰქონდეს მკაფიოდ განსაზღვრული ორგანიზაციული სტრუქტურა, რომელიც უნდა უზრუნველყოფდეს პასუხისმგებლობების განსაზღვრას, რისკების ეფექტიანი იდენტიფიცირების, მართვის, მონიტორინგისა და ანგარიშგების პროცესებს, ადეკვატურ შიდა კონტროლის მექანიზმებს, მათ შორის, ჯანსაღ სააღრიცხვო და ადმინისტრირების პროცედურებს.

2. ემიტენტის მმართველობის სტრუქტურა უნდა შეესაბამებოდეს მისი საქმიანობის ბუნებას, მასშტაბებსა და კომპლექსურობას.

3. თუ ემიტენტის სარეზერვო აქტივების ჯამური ღირებულება აღემატება 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) ლარს (უცხოურ ვალუტაში განთავსებული რეზერვების მოცულობა დაიანგარიშება საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად ეკვივალენტი ლარში), მაშინ ემიტენტი ვალდებულია, დააკმაყოფილოს ამ მუხლის მე-4-მე-14  პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

4. ემიტენტის უმაღლესი მმართველი ორგანოა პარტნიორთა/აქციონერთა საერთო კრება (შემდგომში – საერთო კრება), რომელიც მოქმედებს საქართველოს კანონმდებლობისა და ემიტენტის წესდების შესაბამისად.

5. ემიტენტი ვალდებულია წესდებაში ცვლილების შეტანის შესახებ დაუყოვნებლივ, მაგრამ ცვლილებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა, წერილობით მიაწოდოს ინფორმაცია ეროვნულ ბანკს. ემიტენტი ასევე ვალდებულია, ეროვნულ ბანკს მიაწოდოს ინფორმაცია საერთო კრების ჩატარების შესახებ (ჩატარების ადგილის, თარიღის, დროის, დღის წესრიგისა და სხვა მონაცემების მითითებით) კრების ოქმებთან ერთად ხელმისაწვდომობისთანავე, მაგრამ საერთო კრების ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა.

6. ემიტენტის კორპორაციულ მართვაზე პასუხისმგებელია სამეთვალყურეო საბჭო. საერთო კრება ირჩევს სამეთვალყურეო საბჭოს წევრს არაუმეტეს 3 (სამი) წლის ვადით და მისი განმეორებით არჩევა შეუზღუდავია. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნებს, მათ შორის, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრულ მინიმალურ ოდენობას, ასევე, ემიტენტის საქმიანობის მასშტაბებსა და კომპლექსურობას. ამასთან, სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა კომპეტენცია და უნარები უნდა უზრუნველყოფდეს ემიტენტის საქმიანობისა და რისკების მართვის სათანადოდ წარმართვის შესაძლებლობას.

7. სამეთვალყურეო საბჭოს წევრი არ უნდა ასრულებდეს აღმასრულებელ ფუნქციებს.

8. სამეთვალყურეო საბჭოს წევრები, სხვა ფუნქციებთან ერთად როგორც ინდივიდუალურად, ასევე ერთობლივად პასუხისმგებელი არიან:

ა) განსაზღვრონ ემიტენტის მისია, ხედვა, გრძელვადიანი სტრატეგიის ძირითადი მიმართულებები და მონიტორინგი გაუწიონ მის შესრულებას;

ბ) უზრუნველყონ ემიტენტის ორგანიზაციის მართვა სამართლიანობის, კომპეტენტურობის, პროფესიონალიზმისა და ეთიკის პრინციპების დაცვით, მათ შორის, ამ მიზნით ხელი შეუწყონ თანამშრომლების კვალიფიკაციის ამაღლებას;

გ) განსაზღვრონ ემიტენტის ორგანიზაციული სტრუქტურა, მათ შორის, როლები და პასუხისმგებლობები იმგვარად, რომ უზრუნველყოფილ იქნეს სამეთვალყურეო საბჭოსა და ადმინისტრატორის მიერ საკუთარი უფლებამოსილებების ჯეროვანი შესრულება და ეფექტიანი გადაწყვეტილების მიღების პროცესი. დირექტორების ერთობლივ და დირექტორების ინდივიდუალურ როლებსა და პასუხისმგებლობებს სამეთვალყურეო საბჭო ოფიციალური დოკუმენტით განსაზღვრავს;

დ) მონიტორინგი გაუწიონ დირექტორის/დირექტორატის საქმიანობას და შეაფასონ მათ მიერ მიღებული გადაწყვეტილებები. შეფასების შედეგების გათვალისწინებით დაგეგმონ შესაბამისი ღონისძიებები, რაც, მათ შორის, შესაძლოა მოიცავდეს დირექტორის/დირექტორატის წევრების კვალიფიკაციის ამაღლებას;

ე) დაამტკიცონ ბიუჯეტი და ზედამხედველობა გაუწიონ მის შესრულებას;

ვ) შექმნან აუდიტის კომიტეტი „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, რეგულარულად გაუწიონ ზედამხედველობა მის საქმიანობას და არანაკლებ კვარტალში ერთხელ განიხილონ მის მიერ მომზადებული ანგარიშები;

ზ) ყოველწლიურად მოიწვიონ გარე აუდიტი და მის მიერ მომზადებული ფინანსური ანგარიში საერთო კრებას დასამტკიცებლად წარუდგინონ;

თ) დაამტკიცონ ორგანიზაციის საქმიანობასა და რისკების მართვასთან დაკავშირებული პოლიტიკა-პროცედურები მოქმედი კანონმდებლობისა და საზედამხედველო მოთხოვნების შესაბამისად და ზედამხედველობა გაუწიონ მათ შესრულებას.

9. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთაგან აირჩევა თავმჯდომარე, რომელიც პასუხისმგებელია სამეთვალყურეო საბჭოს ეფექტურ ფუნქციონირებაზე, მათ შორის, სამეთვალყურეო საბჭოს წევრებს შორის ნდობისა და კოლეგიალური ურთიერთობების ჩამოყალიბებაზე, დირექტორს/დირექტორატსა და სამეთვალყურეო საბჭოს შორის ურთიერთობის კოორდინაციაზე, ანგარიშვალდებულებასა და ეფექტურ თანამშრომლობაზე.

10. ემიტენტი ვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოს კრების ოქმები სამეთვალყურეო საბჭოს კრების ჩატარებიდან არაუგვიანეს 10 (ათი) სამუშაო დღისა წარუდგინოს ეროვნულ ბანკს. სხდომის ოქმი, სულ მცირე, უნდა ასახავდეს სამეთვალყურეო საბჭოს წევრების მიერ გადაწყვეტილების მიღების პროცესში დაფიქსირებულ პოზიციებსა და არგუმენტებს.

11. სამეთვალყურეო საბჭო, მისი წევრი არ არის უფლებამოსილი, საერთო კრების თანხმობის გარეშე განახორციელოს თავისი უფლებების სხვისთვის დელეგირება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა და სამეთვალყურეო საბჭოს მიერ საკუთარი უფლებამოსილებების სამეთვალყურეო საბჭოს დონეზე შექმნილ კომიტეტ(ებ)ზე დელეგირებისა, რომლებიც უნდა ეცნობოს ეროვნულ ბანკს.

12. ემიტენტს, მისი ზომის, კომპლექსურობისა და ინდივიდუალური ინტერესების გათვალისწინებით, შესაძლოა ჰყავდეს დირექტორი ან დირექტორატი, რომელსაც ამტკიცებს სამეთვალყურეო საბჭო. ემიტენტის ხელმძღვანელობა და წარმომადგენლობა ევალება მის დირექტორს/დირექტორატს.

13. დირექტორატის სტრუქტურაში უნდა იყოს სამეთვალყურეო საბჭოს მიერ დანიშნული გენერალური დირექტორი/აღმასრულებელი დირექტორი. დირექტორატში შესაძლოა ასევე შედიოდნენ რამდენიმე მიმართულების, მათ შორის, ფინანსური, საოპერაციო, რისკების და სხვა მიმართულების დირექტორები.

14. დირექტორი/დირექტორატი პასუხისმგებელია:

ა) ემიტენტის ყოველდღიურ საქმიანობაზე და ანგარიშვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე. დირექტორი/დირექტორატი აწვდის სამეთვალყურეო საბჭოს მისი ფუნქციების შესრულებისთვის საჭირო ინფორმაციას, სულ მცირე, იმ ფორმატითა და სიხშირით, რასაც დაადგენს სამეთვალყურეო საბჭო და მასთან არსებული კომიტეტ(ებ)ი;

ბ) ემიტენტის სტრატეგიისა და პოლიტიკის განხორციელებაზე, ოპერაციებზე, აქტივების ხარისხზე და სამომავლო საქმიანობის დაგეგმვაზე;

გ) რისკების მართვისა და მათი ნეგატიური გავლენის შემცირების მიზნით ჯანსაღი შიდა კონტროლის სისტემების შექმნაზე;

დ) თანამშრომელთა კვალიფიკაციაზე, თანამშრომელთა ფუნქცია-მოვალეობების გადანაწილებასა და კომპანიის შიგნით ანგარიშვალდებულებისა და გამჭვირვალობის უზრუნველყოფაზე.

15. ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში ეროვნული ბანკი უფლებამოსილია, ემიტენტს მოსთხოვოს კორპორაციული მართვის სისტემაში ცვლილების შეტანა, ისევე როგორც რისკის პროფილის, საქმიანობის მასშტაბების, მფლობელობის სტრუქტურისა თუ სხვა მახასიათებლების გათვალისწინებით, დაუდგინოს კორპორაციული მართვის დამატებითი ინდივიდუალური მოთხოვნებ