1. ემიტენტი ვალდებულია დროულად და შეუფერხებლად უზრუნველყოს სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელის (ემიტენტის კლიენტის და ემიტენტის არაკლიენტის) უფლება, ნებისმიერ დროს გამოისყიდოს სტაბილური ვირტუალური აქტივი.
2. ამ მუხლის მიზნებისთვის სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელი (ემიტენტის კლიენტი და ემიტენტის არაკლიენტი) უფლებამოსილია გადაცვალოს სტაბილური ვირტუალური აქტივი შესაბამის აქტივში.
3. ემიტენტი, როგორც ანგარიშვალდებული პირი „ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ვალდებულია უზრუნველყოს სტაბილური ვირტუალური აქტივის გამოსყიდვა მისი არაკლიენტი პირებისთვის, მხოლოდ მას შემდეგ, რაც განახორციელებს გაძლიერებულ პრევენციულ ღონისძიებებს და სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელი დააკმაყოფილებს ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით, მათ შორის, „საქართველოს ეროვნული ბანკის ზედამხედველობას დაქვემდებარებული ანგარიშვალდებული პირების მიერ სანქციათა რეჟიმების შესრულების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის 2023 წლის 4 აგვისტოს №208/04 ბრძანებით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და თანხმობას განაცხადებს მომსახურების პირობებზე.
4. სტაბილური ვირტუალური აქტივის ნომინალური ღირებულებით გამოსყიდვის დეტალური პირობები და წესები, მათ შორის, გამოსყიდვის პერიოდი, საკომისიო, ასევე შეძენის და გამოსყიდვის მინიმალური მოცულობები (ასეთების არსებობის შემთხვევაში), უნდა იყოს წინასწარ გაცხადებული და საჯაროდ ხელმისაწვდომი.
5. ემიტენტი ვალდებულია სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელი კლიენტის მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოს სტაბილური ვირტუალური აქტივის გადაცვლა ნომინალური ღირებულებით მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში, ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით განსაზღვრული პირობების დაცვით, ხოლო იმ შემთხვევაში, თუ სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელი ერთი კლიენტის ჯამური მოთხოვნა აღემატება 300 000 (სამასი ათასი) ლარს ან მის ეკვივალენტს უცხოურ ვალუტაში, ემიტენტი უფლებამოსილია გამოსყიდვა უზრუნველყოს მოთხოვნის მიღებიდან არაუგვიანეს 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში.
6. თუ ემიტენტი ვერ ახერხებს რეზერვების მართვას მისგან დამოუკიდებელი მიზეზების, მათ შორის, ფორსმაჟორის გამო, გამოსყიდვა უნდა შესრულდეს 3 (სამი) სამუშაო დღის ვადაში იმ თარიღიდან, როდესაც აღნიშნული გარემოებები აღმოიფხვრება.
7. ფიატურ ვალუტაში სტაბილური ვირტუალური აქტივის გადაცვლის შემთხვევაში გამოსყიდვა ითვლება შესრულებულად „საგადახდო სისტემისა და საგადახდო მომსახურების შესახებ“ საქართველოს კანონის 27-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად ფულადი სახსრების გადარიცხვის ოპერაციის შესრულების მომენტიდან.
8. სხვა აქტივში გადაცვლის შემთხვევაში, გამოსყიდვა ითვლება შესრულებულად ემიტენტის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელისთვის შესაბამისი აქტივის საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან, თუ კანონმდებლობით სხვა რამ არ არის განსაზღვრული.
9. ამ მუხლის მე-5 პუნქტის მიზნებისთვის მოთხოვნა მიღებულად ითვლება სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელი კლიენტის მიერ სტაბილური ვირტუალური აქტივის შესაბამის აქტივში გადაცვლის დავალების გაცემის მომენტიდან.
10. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული ვადები მოქმედებს ემიტენტის არაკლიენტი პირების შემთხვევაშიც. ამ ვადების ათვლა ემიტენტის არაკლიენტი პირის შემთხვევაში იწყება მას შემდეგ, რაც შესრულდება ამ მუხლის მე-3 და მე-4 პუნქტებით გათვალისწინებული მოთხოვნები. ამასთან, ემიტენტის არაკლიენტი პირის შემთხვევაშიც დაცული უნდა იყოს ამ მუხლის მე-9 პუნქტის მოთხოვნები.
11. ემიტენტი უფლებამოსილია დააწესოს გონივრული და პროპორციული საკომისიო სტაბილური ვირტუალური აქტივის გამოსყიდვაზე და სტაბილური ვირტუალური აქტივის შეძენისა და გამოსყიდვის მინიმალური მოცულობები. სტაბილური ვირტუალური აქტივის გამოსყიდვის საკომისიო, ასევე სტაბილური ვირტუალური აქტივის შეძენისა და გამოსყიდვის მინიმალური მოცულობები უნდა იყოს მომხმარებლისთვის წინასწარ და მკაფიოდ გამჟღავნებულ