1. ემიტენტი ვალდებულია ჰქონდეს მინიმალური საზედამხედველო კაპიტალი, რომელიც არ უნდა იყოს 500 000 (ხუთასი ათასი) ლარზე ნაკლები.
2. საზედამხედველო კაპიტალი შედგება პირველადი და მეორადი კაპიტალის ელემენტების ჯამისგან, სადაც სულ მცირე 75% უნდა იყოს პირველადი კაპიტალის ელემენტები, ხოლო მეორადი კაპიტალის ელემენტები ნაკლები ან ტოლი უნდა იყოს პირველადი კაპიტალის ელემენტების 1/3-ის.
3. პირველადი კაპიტალის ელემენტებია:
ა) კაპიტალის ინსტრუმენტები ამ მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად;
ბ) დამატებითი სახსრები, რომლებიც დაკავშირებულია ამ პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული კაპიტალის ინსტრუმენტების ემისიასთან;
გ) გაუნაწილებელი მოგება;
დ) კონვერტირებადი ვალი;
ე) სხვა რეზერვები;
ვ) აკუმულირებული სხვა სრული შემოსავალი.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტის „გ“, „ე“ და „ვ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ელემენტების აღიარება პირველადი კაპიტალის ელემენტებად დასაშვებია, თუ მათი გამოყენება შესაძლებელია ზარალის უპირობოდ დასაფარად მისი წარმოქმნისთანავე, ისე რომ ემიტენტმა შეძლოს თავისი საქმიანობის შეფერხების გარეშე გაგრძელება.
5. პირველად კაპიტალში ჩასართავად კაპიტალის ინსტრუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შემდეგ პირობას:
ა) ინსტრუმენტი გამოშვებულია უშუალოდ ემიტენტის მიერ მისი აქციონერთა/პარტნიორთა კრების ან წესდებით განსაზღვრული და უფლებამოსილი მმართველობითი ორგანოს თანხმობით;
ბ) ინსტრუმენტი არის პირდაპირი გზით გამოშვებული და განაღდებული და მისი შეძენა არ არის დაფინანსებული პირდაპირი ან არაპირდაპირი გზით ემიტენტის მიერ;
გ) ინსტრუმენტი კლასიფიცირებულია, როგორც საკუთარი კაპიტალი ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტების“ (ფასს) მიხედვით;
დ) ინსტრუმენტი არის გარკვევით და ცალკე ასახული ემიტენტის საბალანსო უწყისში;
ე) ინსტრუმენტი არის უვადო და ძირი თანხის შემცირება ან გადახდა დაუშვებელია, გარდა ემიტენტის ლიკვიდაციის შემთხვევისა ან როდესაც ხორციელდება ნებაყოფლობითი გამოსყიდვა ან სხვა საშუალებით კაპიტალის ნებაყოფლობითი შემცირება, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში;
ვ) ინსტრუმენტების გამოშვებისას ემიტენტის რაიმე ქმედება არ ქმნის მოლოდინს, რომ მოხდება გამოშვებული ინსტრუმენტების გამოსყიდვა, დაფარვა ან გაუქმება, ასევე, არც კანონით განსაზღვრული ან სახელშეკრულებო პირობები არ უნდა იძლეოდეს ასეთი მოლოდინის შექმნის საფუძველს;
ზ) განაწილება ხდება მხოლოდ ყველა კანონისმიერი და სახელშეკრულებო და უპირატესი კაპიტალის ინსტრუმენტების მიმართ ვალდებულების გადახდის შემდეგ. აღნიშნული ნიშნავს, რომ არ არსებობს პრივილეგირებული განაწილების ვალდებულება, მათ შორის, კაპიტალის იმ ელემენტების მიმართ, რომლებიც კლასიფიცირებულია, როგორც ყველაზე მაღალი ხარისხის კაპიტალი. ასევე, არ არსებობს განაწილების სავალდებულო გარემოებები. შესაბამისად, განაწილებული თანხის გადაუხდელობა არ ითვლება ვალდებულების შეუსრულებლობად ან არაჯეროვნად შესრულებად;
თ) განაწილება ხდება განაწილებადი ელემენტებიდან (გაუნაწილებელი მოგების ჩათვლით). განაწილების ოდენობა არ არის დამოკიდებული გამოშვების დროს გადახდილ თანხაზე და ხელშეკრულებით დადგენილ ზღვარზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ემიტენტი ვერ იხდის გასანაწილებელ ოდენობას, რადგან იგი მეტია გასანაწილებელი ელემენტების დონეზე);
ი) არის კაპიტალი, რომელიც პირველ რიგში და პროპორციულად ფარავს ზარალს. ყველაზე მაღალი ხარისხის კაპიტალის ელემენტებს შორის თითოეული ინსტრუმენტი მიმდინარე დანაკარგებს ფარავს ფუნქციონირებადი საწარმოს პრინციპის მიხედვით პროპორციულად და ერთდროულად;
კ) ემიტენტის გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში ინსტრუმენტი სხვა ყველა მოთხოვნასთან შედარებით ბოლო ადგილს იკავებს;
ლ) მასზე ვრცელდება მოთხოვნის უფლება ლიკვიდაციის დროს უპირატესი ვალდებულებების დაფარვის შემდეგ დარჩენილ აქტივებზე გამოშვებულ კაპიტალში წილის პროპორციულად;
მ) ინსტრუმენტი არ არის უზრუნველყოფილი, ან მასზე არ ვრცელდება ინსტრუმენტის გამომშვების ან მასთან დაკავშირებული პირის მიერ გაცემული გარანტია, რომელიც აღნიშნულ მოთხოვნას უპირატესობას ანიჭებს;
ნ) ინსტრუმენტი არ არის რაიმე მოლაპარაკების, ხელშეკრულების ან სხვა ტიპის შეთანხმების საგანი, რომელიც აღნიშნულ ინსტრუმენტზე მოთხოვნის უპირატესობას ანიჭებს გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში.
6. პირველად კაპიტალში ჩართული კონვერტირებადი ვალის ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება წინასწარ შეთანხმებული უნდა იყოს ეროვნულ ბანკთან. ემიტენტს ეკრძალება კონვერტირებადი ვალის მოზიდვა ფიზიკური პირისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან), გარდა ემიტენტის პარტნიორისა/აქციონერისა/ბენეფიციარი მესაკუთრისა.
7. მეორად კაპიტალში ჩასართავად კაპიტალის ინსტრუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს ყველა შემდეგ კრიტერიუმს:
ა) არის გამოშვებული და განაღდებული ან მიღებული სუბორდინირებული ვალი;
ბ) ემიტენტს ან მასთან დაკავშირებულ პირს, რომელზეც ემიტენტს აქვს კონტროლი ან მნიშვნელოვანი გავლენა, არ უნდა ჰქონდეს შესყიდული მოცემული მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტი ან არ უნდა იყოს მიღებული სუბორდინირებული ვალი აღნიშნული პირისგან, ასევე პირდაპირ ან/და არაპირდაპირ, ემიტენტს არ უნდა ჰქონდეს დაფინანსებული მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტის ყიდვის ან სუბორდინირებული ვალის მიღების ოპერაცია;
გ) არ არის უზრუნველყოფილი და მასზე არ ვრცელდება მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტის გამომშვების/სუბორდინირებული ვალის მიმღების ან მასთან დაკავშირებული პირის მიერ გაცემული გარანტია. ასევე, მასზე არ ვრცელდება რაიმე სახის იურიდიული ან ეკონომიკური პირობები, რომლებიც აღნიშნულ მოთხოვნას უპირატესობას ანიჭებს ემიტენტის არაუზრუნველყოფილ კრედიტორებთან მიმართებაში;
დ) თავდაპირველი ვადიანობა უნდა იყოს სულ მცირე 5 (ხუთი) წელი;
ე) საპროცენტო განაკვეთი არ იზრდება და არ არსებობს წინასწარ დაფარვის სხვა წამახალისებელი მოტივაცია;
ვ) სუბორდინირებული ვალი შეიძლება გამოთხოვილ იქნეს ან წინასწარ დაიფაროს სულ მცირე 5 (ხუთი) წლის შემდეგ მხოლოდ გამომშვების მიერ:
ვ.ა) გამოთხოვის უფლების გამოყენებისათვის ან სუბორდინირებული ვალის წინსწრებით დაფარვისთვის ემიტენტმა უნდა მიიღოს წინასწარი თანხმობა ეროვნული ბანკისგან;
ვ.ბ) ემიტენტმა არ უნდა შექმნას გამოთხოვის უფლების გამოყენების ან სუბორდინირებული ვალის წინსწრებით დაფარვის მოლოდინი;
ვ.გ) ემიტენტმა არ უნდა გამოიყენოს გამოთხოვის უფლება ან წინსწრებით არ უნდა დაფაროს სუბორდინირებული ვალი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც გამოთხოვილი მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტის ან სუბორდინირებული ვალის ჩანაცვლება ხდება იმავე ან უკეთესი ხარისხის კაპიტალით ან სუბორდინირებული ვალით და აღნიშნული კაპიტალის ან სუბორდინირებული ვალის ჩანაცვლება ხდება ისეთი პირობებით, რომელიც შეესაბამება ემიტენტის შემოსავლის მასშტაბებს ან ემიტენტს შეუძლია დემონსტრირება, რომ თანხის გამოთხოვის უფლების გამოყენების ან სუბორდინირებული ვალის წინსწრებით დაფარვის შემთხვევაში ემიტენტის კაპიტალი საკმარისად აღემატება საზედამხედველო კაპიტალის მოთხოვნებს;
ზ) ინვესტორს არ აქვს მომავალი გადახდების (პროცენტი ან ძირი თანხა) დაჩქარების უფლება, გაკოტრებისა და ლიკვიდაციის შემთხვევების გარდა;
თ) მეორადი კაპიტალის ინსტრუმენტზე დივიდენდის გაცემა ან სუბორდინირებულ ვალზე პროცენტის გადახდა არ უნდა იყოს ემიტენტის საკრედიტო მდგომარეობაზე დამოკიდებული, რაც გამოიწვევს დივიდენდის/პროცენტის ცვლილებას ემიტენტის საკრედიტო მდგომარეობის/რეიტინგის მიხედვით;
ი) სუბორდინირებულია ემიტენტის მომხმარებლების და არაუზრუნველყოფილი კრედიტორების მიმართ.
8. მეორად კაპიტალში ჩართული ინსტრუმენტის ან/და სუბორდინირებული ვალის ხელშეკრულების პირობების ნებისმიერი ცვლილება წინასწარ შეთანხმებული უნდა იყოს ეროვნულ ბანკთან.
9. ემიტენტს ეკრძალება სუბორდინირებული ვალის მოზიდვა ფიზიკური პირისგან (მათ შორის, ინდივიდუალური მეწარმისგან), გარდა ემიტენტის პარტნიორისა/აქციონერისა/ბენეფიციარი მესაკუთრისა.
10. დაფარვის ვადამდე დარჩენილი 5-წლიანი პერიოდის განმავლობაში სუბორდინირებული ვალის აღიარება საზედამხედველო კაპიტალში უნდა მოხდეს ამორტიზებული ღირებულებით წრფივად.
11. თუ ინსტრუმენტი დაყოფილია ტრანშებად, ამ მუხლით გათვალისწინებული პირობები უნდა დააკმაყოფილოს თითოეულმა მათგანმა ცალ-ცალკე.
12. ნებისმიერი ახლად გამოშვებული კაპიტალის ინსტრუმენტის, კონვერტირებადი ან სუბორდინირებული ვალის საზედამხედველო კაპიტალის დათვლაში ჩართვამდე ემიტენტმა უნდა მიიღოს ეროვნული ბანკის თანხმობა.
13. ეროვნული ბანკი განიხილავს საკითხს ემიტენტის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებზე/ინფორმაციაზე დაყრდნობით, რომელიც მკაფიოდ უნდა აღწერდეს ინსტრუმენტის შესაბამისობას ამ მუხლში მითითებულ კრიტერიუმებთა