1. ამ წესის მიზნებისთვის მასში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაბილური ვირტუალური აქტივი – კონვერიტირებადი ვირტუალური აქტივი, რომელიც გამოხატული ან დენომინირებულია ერთეულებში, ხოლო მისი ღირებულება მიბმულია ფიატური ლარის ან სხვა რომელიმე ფიატური უცხოური ვალუტის (აშშ დოლარი, ევრო ან სხვა) ან სხვა აქტივის ღირებულებაზე და მისი ღირებულების შენარჩუნება შესაძლებელია ლიკვიდური აქტივებით ან/და ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული სხვა აქტივებით, რომლის მეშვეობით ხორციელდება ფასის სტაბილურობის შენარჩუნება და მიწოდების კონტროლი. სტაბილური ვირტუალური აქტივი არ მოიცავს ფულადი სახსრების, ფასიანი ქაღალდებისა და სხვა ფინანსური ინსტრუმენტების ციფრულ გამოხატულებას;
ბ) ლარის სტაბილური ვირტუალური აქტივი – სტაბილური ვირტუალური აქტივი, რომლის ღირებულება მიბმულია ფიატური ლარის ღირებულებაზე, როგორც ძირითად აქტივზე, მისი ღირებულების შესანარჩუნებლად;
გ) უცხოური ვალუტის სტაბილური ვირტუალური აქტივი – სტაბილური ვირტუალური აქტივი, რომლის ღირებულებაც მიბმულია რომელიმე ერთი ფიატური უცხოური ვალუტის ღირებულებაზე (მაგ., აშშ დოლარი, ევრო ან სხვა), როგორც ძირითად აქტივზე, მისი ღირებულების შესანარჩუნებლად;
დ) სხვა აქტივით უზრუნველყოფილი სტაბილური ვირტუალური აქტივი – სტაბილური ვირტუალური აქტივი, რომლის ღირებულებაც მიბმულია რომელიმე სხვა აქტივის ღირებულებაზე, როგორც ძირითად აქტივზე, მისი ღირებულების შესანარჩუნებლად;
ე) სტაბილური ვირტუალური აქტივის ემიტენტი (შემდგომში – ემიტენტი) – ვირტუალური აქტივის მომსახურების პროვაიდერი, რომელიც უშვებს სტაბილურ ვირტუალურ აქტივს და პასუხისმგებელია სტაბილური ვირტუალური აქტივის სქემის მართვაზე, ადეკვატური სარეზერვო აქტივების შენარჩუნებაზე და მფლობელების მოთხოვნის შემთხვევაში სტაბილური ვირტუალური აქტივის ნომინალური ღირებულებით გამოსყიდვაზე;
ვ) პირველადი შეთავაზება – სტაბილური ვირტუალური აქტივის გამოშვება და მისი საჯაროდ ხელმისაწვდომობა შეძენის, გაყიდვის ან/და გაცვლის მიზნით;
ზ) ლიკვიდური აქტივი – ფიატური ვალუტა ან/და როგორც ადგილობრივი, ასევე უცხოური სამთავრობო ფასიანი ქაღალდები;
თ) სტაბილური ვირტუალური აქტივის სარეზერვო აქტივი – ლიკვიდური აქტივი ან/და ეროვნულ ბანკთან შეთანხმებული სხვა აქტივი, რომელიც წარმოადგენს მიმოქცევაში არსებული სტაბილური ვირტუალური აქტივის უზრუნველყოფას და რომელთა ჯამური ღირებულება ნებისმიერ დროს სტაბილური ვირტუალური აქტივის ღირებულების 100%-ზე ნაკლები არ უნდა იყოს;
ი) გამოსყიდვა – სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელის მოთხოვნის საფუძველზე სტაბილური ვირტუალური აქტივის გადაცვლა ემიტენტის მიერ წინასწარ განსაზღვრულ შესაბამის აქტივში;
კ) ემიტენტის კლიენტი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არის ემიტენტის მიერ იდენტიფიცირებული/ვერიფიცირებული და ემიტენტის მიერ განსაზღვრული წესებისა და პირობების შესაბამისად კლიენტად დარეგისტრირებული;
ლ) ემიტენტის არაკლიენტი – ნებისმიერი ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც არ არის ემიტენტის კლიენტი;
მ) სტაბილური ვირტუალური აქტივის რეზერვების სეგრეგაცია – სარეზერვო აქტივების სამართლებრივად და ოპერაციულად განცალკევება ემიტენტის საკუთარი აქტივებისგან;
ნ) ნომინალური ღირებულება – სტაბილური ვირტუალური აქტივის ფიქსირებული ან სხვაგვარად დადგენილი ღირებულება, რომელიც განისაზღვრება შესაბამისი აქტივით ან აქტივების ერთობლიობით (მათ შორის, ფიატური ვალუტა, ფასიანი ქაღალდი და სხვა) და გულისხმობს სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელის უფლებას მისი გამოსყიდვისას მიიღოს შესაბამისი ღირებულება;
ო) შეთავაზების დოკუმენტი – დოკუმენტი, რომელიც სტაბილური ვირტუალური აქტივის შესახებ იძლევა დეტალურ, გამჭვირვალე და საჯარო ინფორმაციას, მოიცავს ტექნიკურ, ფინანსურ, სამართლებრივ და ოპერაციულ ასპექტებს და განკუთვნილია დაინტერესებული მხარეებისა და ინვესტორებისთვის, რათა მათ შეძლონ ინფორმირებული გადაწყვეტილების მიღება;
პ) ფიატური ვალუტა – სახელმწიფოს მიერ გამოცემული ოფიციალური ვალუტა, რომელსაც აქვს იურიდიული ძალა ქვეყნის ტერიტორიაზე ვალდებულებების გასტუმრებისთვის, გადასახადების გადასახდელად და სხვა ფინანსური ოპერაციების შესრულებისთვის;
ჟ) საზედამხედველო კაპიტალი – კაპიტალის სახეობა, რომელსაც ემიტენტი ქმნის თავისი საქმიანობის განხორციელებისთვის, მოსალოდნელი თუ მოულოდნელი ფინანსური დანაკარგების/ზარალის გასანეიტრალებლად და სხვადასხვა სახის რისკისგან დასაცავად;
რ) სუბორდინირებული ვალი – ვალი, რომელსაც სხვა მოზიდულ სახსრებთან შედარებით აქვს გადახდის (დაფარვის) უფრო დაბალი პრიორიტეტი – ხელშეკრულების საფუძველზე მხარეები თანხმდებიან, რომ ემიტენტის მძიმე ფინანსური მდგომარეობის, გადახდისუუნარობის ან ლიკვიდაციის შემთხვევაში, სუბორდინირებული ვალის კრედიტორის მოთხოვნების დაკმაყოფილება მოხდება მხოლოდ ყველა სხვა არააქციონერ/არაპარტნიორ კრედიტორთა მოთხოვნების სრულად დაკმაყოფილების შემდეგ;
ს) კონვერტირებადი ვალი – ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვადის დადგომისას ან ეროვნული ბანკის მოთხოვნის შემთხვევაში ემიტენტის კაპიტალში უპირობოდ კონვერტირებადი ვალი;
ტ) სხვა სრული შემოსავალი – ბუღალტრული აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტების საბჭოს მიერ დამტკიცებული „ფინანსური ანგარიშგების საერთაშორისო სტანდარტებით“ (ფასს) განმარტებული სხვა სრული შემოსავალი.
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს აქვს „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით, რეგისტრაციის წესითა და საქართველოს სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული მნიშვნელობ