1. ემიტენტი ვალდებულია უზრუნველყოს ამ მუხლით დადგენილი სარეზერვო აქტივებთან დაკავშირებული მოთხოვნების შესრულება.

2. ემიტენტი ვალდებულია ნებისმიერ დროს ფლობდეს და ინარჩუნებდეს ისეთი მოცულობის სარეზერვო აქტივებს, რომელიც წარმოადგენს გამოშვებული სტაბილური ვირტუალური აქტივის ნომინალური ღირებულების სულ მცირე სრულ (100%-იან) უზრუნველყოფას.

3. ემიტენტი ვალდებულია გამოშვებული სტაბილური ვირტუალური აქტივის მოცულობის ნებისმიერი ზრდის პარალელურად დაიცვას ამ მუხლით განსაზღვრული სარეზერვო მოთხოვნები.

4. ემიტენტის სარეზერვო აქტივები დენომინირებული უნდა იყოს მხოლოდ მის მიერ გამოშვებულ სტაბილურ ვირტუალურ აქტივზე მიბმულ შესაბამის ვალუტაში.

5. ემიტენტის სარეზერვო აქტივები უნდა აკმაყოფილებდეს წესის დანართი №1-ით განსაზღვრულ მოთხოვნებს.

6. ეროვნული ბანკის თანხმობის შემთხვევაში, ემიტენტი უფლებამოსილია, წესის დანართი №1-ით განსაზღვრული სარეზერვო აქტივების გარდა, რეზერვებად ასევე გამოიყენოს სხვა აქტივები.

7. 1 000 000 000 (ერთი მილიარდი) ლარზე მეტი სარეზერვო აქტივების ჯამური ღირებულების განთავსების შემთხვევაში (უცხოურ ვალუტაში განთავსებული/აღრიცხული რეზერვების მოცულობა დაიანგარიშება საანგარიშგებო პერიოდის ბოლოს არსებული ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად ეკვივალენტი ლარში) ემიტენტი უფლებამოსილია ეროვნულ ბანკთან შეთანხმების შემთხვევაში, ფლობდეს წესის დანართი №1-ით განსაზღვრულისგან განსხვავებული წილობრივი თანაფარდობის მქონე სარეზერვო  აქტივებს.

8. ემიტენტი ვალდებულია ეფექტურად და გონივრულად მართოს სარეზერვო აქტივები, სულ მცირე, შემდეგი გზით:

ა) სარეზერვო აქტივების კონკრეტული ტიპის შენახვისთვის გამოიყენოს შესაბამისი და ვალიდური უფლებამოსილების და ლიცენზიის მქონე პირი. საქართველოში სარეზერვო აქტივების განთავსების შემთხვევაში ასეთ პირად განიხილება ეროვნული ბანკის მიერ ლიცენზირებული კომერციული ბანკი/მიკრობანკი;

ბ)  სარეზერვო აქტივები სეგრეგირებული უნდა იყოს ემიტენტის საკუთარი აქტივებისგან ეფექტური შიდა კონტროლის მექანიზმების მეშვეობით, იმის უზრუნველსაყოფად, რომ გადახდისუუნარობის შემთხვევებში სარეზერვო აქტივები იყოს მკაფიოდ იდენტიფიცირებადი და დაცული კრედიტორების მოთხოვნებისაგან, იმ შემთხვევაში, თუ ემიტენტს ჰყავს სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელების გარდა სხვა კრედიტორები;

გ) სარეზერვო აქტივები შენარჩუნებული უნდა იყოს მხოლოდ და მხოლოდ სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელების სასარგებლოდ იმ მოცულობით, რაც აუცილებელია დაუფარავი ვალდებულებების დასაკმაყოფილებლად. ემიტენტმა უნდა დანერგოს ისეთი მექანიზმები, რომლებიც უზრუნველყოფს მათ ეფექტიან იზოლირებას გადახდისუუნარობის საქმისწარმოებისგან;

დ) ემიტენტი ვალდებულია დანერგოს შესაბამისი პოლიტიკა/პროცედურები გამოსყიდვის მოთხოვნის უზრუნველყოფის მიზნით, რის მიხედვითაც მას ნებისმიერ დროს უნდა  შეეძლოს სარეზერვო აქტივებზე წვდომა. სარეზერვო აქტივები არ უნდა იყოს იპოთეკით დატვირთული და არ უნდა ექვემდებარებოდეს რაიმე სახის გირაოს, ჩათვლის ან ვალის მოთხოვნას ან  კრედიტორების, სარეზერვო აქტივის მეურვის ან სხვა მესამე პირის მხრიდან რაიმე სახის რეგრესს;

ე) ემიტენტი ყოველდღიურად უნდა ახორციელებდეს სარეზერვო აქტივების შემადგენლობის შეფასებას ამ წესით განსაზღვრული მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით.

9. ემიტენტი ვალდებულია ეროვნულ ბანკთან შეათანხმოს ის ფინანსური ინსტიტუტი, სადაც გეგმავს თავისი სარეზერვო აქტივების განთავსებას.

10. ემიტენტი ვალდებულია მიიღოს ყველა შესაძლო ზომა, რათა თავიდან აიცილოს და ნებისმიერ შემთხვევაში გამოავლინოს, მართოს და საჯაროდ გაამჟღავნოს სარეზერვო აქტივების შექმნასა და მართვასთან დაკავშირებული ინტერესთა კონფლიქტი.

11. სარეზერვო აქტივებიდან მიღებული ნებისმიერი შემოსავალი ემიტენტმა უნდა მართოს და გამოიყენოს ისე, რომ არ შემცირდეს რეზერვების საჭირო მოცულობა ან/და სტრუქტურა, ასევე არ შეიზღუდოს სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელთა უფლება, ნებისმიერ დროს მოითხოვონ საკუთარი სტაბილური ვირტუალური აქტივის გადაცვლა ნომინალურ ღირებულებაში.

12. ემიტენტს ეკრძალება ისეთი ხელშეკრულების დადება, რომელიც პირდაპირ ან ირიბად გულისხმობს სარეზერვო აქტივებიდან მიღებული შემოსავლის ნებისმიერი ნაწილის გაზიარებას სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელებისთვის ან ნებისმიერი მესამე მხარისთვის. დამატებით, ემიტენტმა არ უნდა შესთავაზოს, წაახალისოს ან გაასაჯაროოს მოგების განაწილების, დივიდენდის, ანაზღაურების ან მსგავსი სქემა, რომელიც სტაბილური ვირტუალური აქტივის მფლობელებს ან სხვა პირებს შესაძლებლობას მისცემს მიიღონ სარგებელი სარეზერვო აქტივების შემოსავლიდან, დაკავშირებული იურიდიული პირის საშუალებით ან ნებისმიერი ირიბი მეთოდით.

13. ემიტენტი ვალდებულია თავის ვებგვერდზე გამოქვეყნებული ჰქონდეს თავისი რეზერვების შესახებ უახლესი ინფორმაცია, რომელიც, მათ შორის, უნდა მოიცავდეს:

ა) რეზერვების კომპოზიციას და მოცულობას;

ბ) თითოეული რეზერვის კატეგორიის საშუალო ვადიანობას;

გ) ემიტენტის მიერ გამოშვებული სტაბილური ვირტუალური აქტივის საერთო მოცულობა