1. მიკრობანკის კაპიტალის ადეკვატურობა განისაზღვრება მისი საზედამხედველო კაპიტალით. მასში არ უნდა იყოს ჩართული ისეთი ინსტრუმენტები, რომელთა შესახებ შეთანხმება, ხელშეკრულება ან დაპირება ვერ უზრუნველყოფს მიკრობანკის სტაბილურობისა და მდგრადობის პრინციპებს.

2. მიკრობანკის საზედამხედველო კაპიტალი შედგება შემდეგი ელემენტების ჯამისაგან:

ა) პირველადი კაპიტალი, რომელიც შედგება შემდეგი ელემენტებისაგან:

ა.ა) ძირითადი პირველადი კაპიტალი;

ა.ბ) დამატებითი პირველადი კაპიტალი;

ბ) მეორადი კაპიტალი (სალიკვიდაციო კაპიტალი).

3. პირველადი კაპიტალი  შედგება ისეთი ინსტრუმენტებისაგან, რომელთაც შეუძლია ზარალის უპირობოდ მათი წარმოქმნისთანავე დაფარვა ისე, რომ მიკრობანკმა შეძლოს თავისი საქმიანობის შეფერხების გარეშე გაგრძელება. პირველადი კაპიტალის ინსტრუმენტები მიკრობანკს უნდა აძლევდეს გადახდების განხორციელებას შესაძლებლობას მხოლოდ საკუთარი შეხედულებისამებრ (მათი გადაუხდელობა არ უნდა იწვევდეს მიკრობანკის დეფოლტს) და ზარალის დაფარვისათვის მათი სრულად გამოყენების შესაძლებლობას.

4. მეორადი კაპიტალი არის სალიკვიდაციო კაპიტალი, რომელმაც უნდა უზრუნველყოს მიკრობანკის ზარალის დაფარვა დეპოზიტორებამდე და არაუზრუნველყოფილ კრედიტორებამდე მიკრობანკის ლიკვიდაციისას და/ან მნიშვნელოვანი ფინანსური სირთულეების დროს