1. კაპიტალის ადეკვატურობის გაანგარიშებისათვის საზედამხედველო კომპონენტებს უნდა გამოაკლდეს ამ მუხლით განსაზღვრული საზედამხედველო კორექტირებები.
2. საზედამხედველო კაპიტალის დათვლისას გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი კორექტირებები:
ა) აქტივების გადაფასების დადებითი რეზერვის დაქვითვა უნდა მოხდეს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან;
ბ) მოგებასა და ზარალში აქტივების არარეალიზებული გადაფასების შედეგად მიღებული აკუმულირებული მოგების ის ნაწილი (იგულისხმება ისტორიულად აკუმულირებული და არა მხოლოდ მიმდინარე წლის მოგება), რომელიც აღემატება მოგებასა და ზარალში არარეალიზებული გადაფასების შედეგად ასახულ აკუმულირებულ ზარალს (იგულისხმება ისტორიულად აკუმულირებული და არა მხოლოდ მიმდინარე წლის ზარალი), უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის მიკრობანკებმა არ უნდა გაითვალისწინონ მაღალი ლიკვიდურობის მქონე აქტივები, რომლებიც ივაჭრება ლიკვიდურ ბაზრებზე. ეროვნულ ბანკს შეუძლია მოსთხოვოს მიკრობანკს, კონკრეტული აქტივები არ მიიჩნიოს მაღალი ლიკვიდურობის მქონედ და კაპიტალიდან დაქვითოს მათი გადაფასების შედეგად აკუმულირებული მოგება, რომელიც აღემატება აკუმულირებულ ზარალს;
გ) გუდვილი და სხვა არამატერიალური აქტივები უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან. დაქვითვა უნდა მოხდეს შესაბამის გადავადებულ საგადასახადო ვალდებულებებთან გაქვითვის შემდეგ;
დ) გადავადებული საგადასახადო აქტივები, რომელთა რეალიზება დამოკიდებულია მიკრობანკის სამომავლო მომგებიანობაზე უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან. გადავადებული საგადასახადო აქტივი შეიძლება გაიქვითოს მასთან დაკავშირებულ გადავადებულ საგადასახადო ვალდებულებასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ორივე, გადავადებული საგადასახადო აქტივიც და ვალდებულებაც, გადაიხდება ერთსა და იმავე საგადასახადო ორგანოში და გაქვითვა დაშვებულია შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ. დროებითი სხვაობების (მაგ.: შესაძლო დანაკარგების რეზერვები) შედეგად წარმოშობილი გადავადებული საგადასახადო აქტივების თანხის დაქვითვა უნდა მოხდეს „ზღვრული დაქვითვის“ მეთოდის გამოყენებით. კერძოდ, აღიარებას ექვემდებარება დროებითი სხვაობების შედეგად წარმოშობილი გადავადებული საგადასახადო აქტივები არაუმეტეს ძირითადი პირველადი კაპიტალის (ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა” -„თ“ ქვეპუნქტების ჩათვლით ყველა საზედამხედველო კორექტირების გათვალისწინების შემდეგ) 10%-ის ოდენობით. ყველა სხვა ასეთი აქტივი, როგორიცაა საოპერაციო დანაკარგებთან დაკავშირებული მომავალ პერიოდზე გადატანილი გამოუყენებელი ზარალი ან გამოუყენებელი საგადასახადო კრედიტები, სრულად უნდა დაიქვითოს გადავადებულ საგადასახადო ვალდებულებებთან გაქვითვის შემდეგ, როგორც ეს ზემოთ არის აღწერილი. გადავადებული საგადასახადო ვალდებულება, რომელიც შეიძლება გაიქვითოს გადავადებულ საგადასახადო აქტივთან, არ უნდა შეიცავდეს თანხას, რომელიც უკვე გაიქვითა გუდვილის და სხვა არამატერიალური აქტივების კორექტირებისას და უნდა გადანაწილდეს გადავადებული საგადასახადო აქტივის სრულად და ზღვრული დაქვითვის პროპორციულად;
ე) ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვის თანხა, რომელიც დაკავშირებულია საბალანსო უწყისის იმ ელემენტების ჰეჯირებასთან, რომლებიც არ არის აღიარებული სამართლიანი ღირებულებით (მათ შორის, დაგეგმილი ფულადი ნაკადები), არ უნდა იქნეს გათვალისწინებული ძირითადი პირველადი კაპიტალის დათვლისას (დადებითი თანხა უნდა გამოაკლდეს, ხოლო უარყოფითი თანხა უნდა დაემატოს). ამგვარი მიდგომით, ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვი არ უნდა იქნეს აღიარებული პრუდენციული მიზნებისთვის. ელემენტები, რომლებიც იწვევენ ხელოვნურ მერყეობას ძირითად კაპიტალში არ აღიარდება;
ვ) ინვესტიციები საკუთარ აქციებში უნდა დაიქვითოს საზედამხედველო კაპიტალიდან. მიკრობანკის პირდაპირ თუ არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული ინვესტიციები საკუთარ ჩვეულებრივ აქციებში მთლიანად დაიქვითება ძირითადი პირველადი კაპიტალიდან (თუ უკვე არ მოხდა მათი აღიარების შეწყვეტა შესაბამისი ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებით). გარდა ამისა, ნებისმიერი საკუთარი აქცია, რომელიც მიკრობანკმა უნდა გამოისყიდოს ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობების თანახმად, უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან. დამატებითი პირველადი კაპიტალის დათვლისას უნდა დაიქვითოს მიკრობანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციები საკუთარ დამატებით პირველად კაპიტალში და მეორადი კაპიტალის დათვლისას უნდა დაიქვითოს მიკრობანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციები საკუთარ მეორად კაპიტალში;
ზ) მიკრობანკის, კომერციული ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების კაპიტალში ჯვარედინი მფლობელობა (ურთიერთმფლობელობა), რომელიც კაპიტალის ხელოვნურ გაზრდას იწვევს, სრულად დაიქვითება საზედამხედველო კაპიტალიდან. მიკრობანკებმა უნდა დაქვითონ სხვა მიკრობანკების, კომერციული ბანკებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტებისა და სადაზღვევო ორგანიზაციების კაპიტალში აღნიშნული ტიპის ინვესტიციები „შესაბამისი დაქვითვის მეთოდის“ გამოყენებით. ეს ნიშნავს, რომ დაქვითვა უნდა მოხდეს კაპიტალის იმ კომპონენტიდან, რომლის ნაწილიც ის იქნებოდა ამ დებულების შესაბამისად, თუ იგი თავად მიკრობანკის მიერ იქნებოდა გამოშვებული. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის კაპიტალი წარმოადგენს ამ დებულებით განსაზღვრულ პირველად და მეორად კაპიტალს;
თ) ინვესტიციები მიკრობანკების, კომერციული ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების კაპიტალში, რომლებიც არ ექვემდებარება საზედამხედველო კონსოლიდირებას უნდა დაიქვითოს საზედამხედველო კაპიტალიდან. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის კაპიტალი წარმოადგენს ამ დებულებით განსაზღვრულ პირველად და მეორად კაპიტალს. თუ მოცემული ორგანიზაციის კაპიტალის ინსტრუმენტი, რომელშიც მიკრობანკს აქვს ინვესტიცია განხორციელებული, არ აკმაყოფილებს ამ დებულების IX თავში განსაზღვრულ ძირითადი პირველადი, და მეორადი კაპიტალის კრიტერიუმებს, ამ საზედამხედველო კორექტირების მიზნებისთვის ინსტრუმენტი უნდა მიეკუთვნოს ჩვეულებრივ აქციებს (ძირითადი პირველადი კაპიტალი), ხოლო თუ ინსტრუმენტი გამოშვებულია მიკრობანკის მიერ და არ მიეკუთვნება საზედამხედველო კაპიტალს, იგი არ უნდა დაიქვითოს საზედამხედველო კაპიტალიდან;
ი) ამ პუნქტის „თ“ ქვეპუნქტში განსაზღვრული ინვესტიციები, რომლებიც არ წარმოადგენს ჩვეულებრივ აქციებს, სრულად უნდა დაიქვითოს შესაბამისი დაქვითვის მეთოდის გამოყენებით. შესაბამისი დაქვითვის მეთოდის მიხედვით, დაქვითვა უნდა მოხდეს კაპიტალის იმ კომპონენტიდან, რომლის ნაწილიც ის იქნებოდა ამ დებულების შესაბამისად, თუ იგი თავად მიკრობანკის მიერ იქნებოდა გამოშვებული. თუ კაპიტალის კონკრეტული კომპონენტიდან დაქვითვის მოთხოვნის შემთხვევაში მიკრობანკს არ აქვს აღნიშნული კომპონენტის საკმარისი ოდენობა, დარჩენილი თანხა უნდა დაიქვითოს მომდევნო (უფრო მაღალი) რანგის კაპიტალიდან;
კ) აქციების ფლობა და სხვა სახით 10%-ზე მეტი წილის ფლობა კომერციული იურიდიული პირების კაპიტალში დაიქვითება ძირითადი პირველადი კაპიტალიდან.
თავი III
კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები. საზედამხედველო კაპიტალის მინიმალური დონე და რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციები (პილარ