1.
კაპიტალის ადეკვატურობის გაანგარიშებისათვის საზედამხედველო კომპონენტებს უნდა გამოაკლდეს ამ მუხლით განსაზღვრული საზედამხედველო კორექტირებები.
2.
საზედამხედველო კაპიტალის დათვლისას გათვალისწინებული უნდა იქნას შემდეგი კორექტირებები:
ა)
აქტივების გადაფასების რეზერვის დაქვითვა უნდა მოხდეს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან;
ბ)
მოგებასა და ზარალში აქტივების არარეალიზებული გადაფასების შედეგად მიღებული აკუმულირებული მოგების ის ნაწილი (იგულისხმება ისტორიულად აკუმულირებული და არა მხოლოდ მიმდინარე წლის მოგება), რომელიც აღემატება მოგებასა და ზარალში არარეალიზებული გადაფასების შედეგად ასახულ აკუმულირებულ ზარალს (იგულისხმება ისტორიულად აკუმულირებული და არა მხოლოდ მიმდინარე წლის ზარალი), უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან. აღნიშნულის გაანგარიშება უნდა განხორციელდეს „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქციაში“ მოცემული ოთხნიშნა კოდით გამოსახული ცალკეული აქტივის კლასისათვის. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის კომერციულმა ბანკებმა არ უნდა გაითვალისწინონ მაღალი ლიკვიდურობის მქონე აქტივები, რომლებიც ივაჭრება ლიკვიდურ ბაზრებზე. ეროვნულ ბანკს შეუძლია მოთხოვოს კომერციულ ბანკს, კონკრეტული აქტივები არ მიიჩნიოს მაღალი ლიკვიდურობის მქონედ და კაპიტალიდან დაქვითოს მათი გადაფასების შედეგად აკუმულირებული მოგება, რომელიც აღემატება აკუმულირებულ ზარალს;
გ)
არამატერიალური აქტივები უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან;
დ)
გადავადებული საგადასახადო აქტივები, რომელთა რეალიზება დამოკიდებულია კომერციული ბანკის სამომავლო მომგებიანობაზე უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან. გადავადებული საგადასახადო აქტივი შეიძლება გაიქვითოს მასთან დაკავშირებულ გადავადებულ საგადასახადო ვალდებულებასთან მხოლოდ იმ შემთხვევაში თუ ორივე, გადავადებული საგადასახადო აქტივიც და ვალდებულებაც, გადაიხდება ერთსა და იმავე საგადასახადო ორგანოში და გაქვითვა დაშვებულია შესაბამისი საგადასახადო ორგანოს მიერ. დროებითი სხვაობების (მაგ: შესაძლო დანაკარგების რეზერვები) შედეგად წარმოშობილი გადავადებული საგადასახადო აქტივების თანხის დაქვითვა უნდა მოხდეს „ზღვრული დაქვითვის“ მეთოდის გამოყენებით ამ დებულების მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად. ყველა სხვა ასეთი აქტივი, როგორიცაა საოპერაციო დანაკარგებთან დაკავშირებული მომავალ პერიოდზე გადატანილი გამოუყენებელი ზარალი ან გამოუყენებელი საგადასახადო კრედიტები, სრულად უნდა დაიქვითოს გადავადებულ საგადასახადო ვალდებულებებთან გაქვითვის შემდეგ, როგორც ეს ზემოთ არის აღწერილი. გადავადებული საგადასახადო ვალდებულება, რომელიც შეიძლება გაიქვითოს გადავადებულ საგადასახადო აქტივთან, არ უნდა შეიცავდეს თანხას, რომელიც უკვე გაიქვითა გუდვილის, არამატერიალური აქტივებისა და საპენსიო აქტივების კორექტირებისას და უნდა გადანაწილდეს გადავადებული საგადასახადო აქტივის სრულად და ზღვრული დაქვითვის პროპორციულად;
ე)
ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვის თანხა, რომელიც დაკავშირებულია საბალანსო უწყისის იმ ელემენტების ჰეჯირებასთან, რომლებიც არ არის აღიარებული სამართლიანი ღირებულებით (მათ შორის, დაგეგმილი ფულადი ნაკადები), არ უნდა იქნას გათვალისწინებული ძირითადი პირველადი კაპიტალის დათვლისას (დადებითი თანხა უნდა გამოაკლდეს, ხოლო უარყოფითი თანხა უნდა დაემატოს). ამგვარი მიდგომით, ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვი არ უნდა იქნას აღიარებული პრუდენციული მიზნებისთვის. ელემენტები, რომლებიც იწვევენ ხელოვნურ მერყეობას ძირითად კაპიტალში არ აღიარდება;
ვ)
ინვესტიციები საკუთარ აქციებში უნდა დაიქვითოს საზედამხედველო კაპიტალიდან. კომერციული ბანკის პირდაპირ თუ არაპირდაპირ მფლობელობაში არსებული ინვესტიციები საკუთარ ჩვეულებრივ აქციებში მთლიანად დაიქვითება ძირითადი პირველადი კაპიტალიდან (თუ უკვე არ მოხდა მათი აღიარების შეწყვეტა შესაბამისი ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტებით). გარდა ამისა, ნებისმიერი საკუთარი აქცია, რომელიც კომერციულმა ბანკმა უნდა გამოისყიდოს ხელშეკრულებაში გათვალისწინებული პირობების თანახმად, უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან. დამატებითი პირველადი კაპიტალის დათვლისას უნდა დაიქვითოს კომერციული ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციები საკუთარ დამატებით პირველად კაპიტალში და მეორადი კაპიტალის დათვლისას უნდა დაიქვითოს კომერციული ბანკის მიერ განხორციელებული ინვესტიციები საკუთარ მეორად კაპიტალში;
ზ)
კომერციული ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების კაპიტალში ჯვარედინი მფლობელობა (ურთიერთმფლობელობა), რომელიც კაპიტალის ხელოვნურ გაზრდას იწვევს, სრულად დაიქვითება საზედამხედველო კაპიტალიდან. კომერციულმა ბანკებმა უნდა დაქვითონ სხვა ბანკების, სხვა ფინანსური ინსტიტუტებისა და სადაზღვევო ორგანიზაციების კაპიტალში აღნიშნული ტიპის ინვესტიციები „შესაბამისი დაქვითვის მეთოდის“ გამოყენებით. ეს ნიშნავს, რომ დაქვითვა უნდა მოხდეს კაპიტალის იმ კომპონენტიდან, რომლის ნაწილიც ის იქნებოდა ამ წესის შესაბამისად თუ იგი თავად კომერციული ბანკის მიერ იქნებოდა გამოშვებული. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის კაპიტალი წარმოადგენს ამ დებულებით განსაზღვრულ პირველად და მეორად კაპიტალს;
თ)
აქტივების კლასიფიკაციის შედეგად მიღებული რეზერვების უკმარისობა უნდა დაიქვითოს ძირითადი პირველადი კაპიტალიდან, კერძოდ, დაქვითვას ექვემდებარება ეროვნული ბანკი მიერ დადგენილი აქტივების კლასიფიკაციის წესზე დაყრდნობით გაანგარიშებული შესაძლო დანაკარგების რეზერვების მეტობა ფასს–ით გაანგარიშებულ შესაძლო დანაკარგების რეზერვზე. ამასთან, ღირებულება სრულად უნდა დაიქვითოს და არ უნდა მოხდეს ღირებულების შემცირება რაიმე საგადასახადო ეფექტებით, რომლებიც წარმოიშობოდა თუ რეზერვების დონე მიაღწევდა მოსალოდნელი დანაკარგების დონეს;
ი)
ინვესტიციები კომერციული ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების კაპიტალში, რომლებიც არ ექვემდებარება საზედამხედველო კონსოლიდირებას უნდა დაიქვითოს საზედამხედველო კაპიტალიდან. ამ ქვეპუნქტის მიზნებისათვის კაპიტალი წარმოადგენს ამ დებულებით განსაზღვრულ პირველად და მეორად კაპიტალს. თუ მოცემული ორგანიზაციის კაპიტალის ინსტრუმენტი, რომელშიც კომერციულ ბანკს აქვს ინვესტიცია განხორციელებული, არ აკმაყოფილებს ამ დებულების XIII თავში განსაზღვრულ ძირითადი პირველადი, დამატებითი პირველადი და მეორადი კაპიტალის კრიტერიუმებს, ამ საზედამხედველო კორექტირების მიზნებისთვის ინსტრუმენტი უნდა მიეკუთვნოს ჩვეულებრივ აქციებს (ძირითადი პირველადი კაპიტალი), ხოლო თუ ინსტრუმენტი გამოშვებულია კომერციული ბანკის მიერ და არ მიეკუთვნება საზედამხედველო კაპიტალს, იგი არ უნდა დაიქვითოს საზედამხედველო კაპიტალიდან;
კ)
ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტში განსაზღვრული ინვესტიციები, რომლებიც არ წარმოადგენს ჩვეულებრივ აქციებს, სრულად უნდა დაიქვითოს შესაბამისი დაქვითვის მეთოდის გამოყენებით. შესაბამისი დაქვითვის მეთოდის მიხედვით, დაქვითვა უნდა მოხდეს კაპიტალის იმ კომპონენტიდან, რომლის ნაწილიც ის იქნებოდა ამ წესის შესაბამისად, თუ იგი თავად კომერციული ბანკის მიერ იქნებოდა გამოშვებული. თუ კაპიტალის კონკრეტული კომპონენტიდან დაქვითვის მოთხოვნის შემთხვევაში კომერციულ ბანკს არ აქვს აღნიშნული კომპონენტის საკმარისი ოდენობა, დარჩენილი თანხა უნდა დაიქვითოს მომდევნო (უფრო მაღალი) რანგის კაპიტალიდან;
ლ)
აქციების ფლობა და სხვა სახით 10%–ზე მეტი წილის ფლობა კომერციული იურიდიული პირების კაპიტალში დაიქვითება ძირითადი პირველადი კაპიტალიდან.
3.
ჩვეულებრივ აქციებში განხორციელებული ინვესტიციები დაექვემდებარება ზღვრულ მიდგომას (ზღვრული დაქვითვის მეთოდი):
ა)
ძირითადი პირველადი კაპიტალის დათვლისას ქვემოთ მოცემული ელემენტები დაექვემდებარება ლიმიტირებულ აღიარებას/ჩათვლას ძირითად პირველად კაპიტალში სრულად დაქვითვის ნაცვლად. აღიარებას ექვემდებარება თითოეული ელემენტი არაუმეტეს ძირითადი პირველადი კაპიტალის (ამ მუხლის მე–2 პუნქტის „ა” -„ი“ ქვეპუნქტების ჩათვლით ყველა საზედამხედველო კორექტირების გათვალისწინების შემდეგ) 10%–ის ოდენობით:
ა.ა)
ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული მნიშვნელოვანი ინვესტიციები არაკონსოლიდირებული კომერციული ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების ჩვეულებრივ აქციებში, როდესაც კომერციული ბანკი ფლობს მათ მიერ გამოშვებული ჩვეულებრივი აქციების 10%-ზე მეტს და ინვესტიციები კომერციულ ბანკთან მონათესავე არაკონსოლიდირებული კომერციული ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების ჩვეულებრივ აქციებში;
ა.ბ)
ამ მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით განსაზღვრული დროებითი სხვაობების შედეგად წარმოშობილი გადავადებული საგადასახადო აქტივები.
ბ)
კომერციულმა ბანკმა ასევე უნდა დაქვითოს ზემოთ ხსენებული ორი ელემენტის ჯამის ის ნაწილი, რომელიც აჭარბებს ძირითადი პირველადი კაპიტალის (დათვლილი ზემოხსენებული ელემენტების დაქვითვამდე, მაგრამ ძირითადი პირველადი კაპიტალის ყველა სხვა დანარჩენი საზედამხედველო კორექტირებების გათვალისწინების შემდეგ) 15%–ს;
გ)
ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტით განსაზღვრული ინვესტიციები არაკონსოლიდირებული კომერციული ბანკების, სადაზღვევო ორგანიზაციებისა და სხვა ფინანსური ინსტიტუტების ჩვეულებრივ აქციებში, როდესაც კომერციული ბანკი ფლობს მათ მიერ გამოშვებული ჩვეულებრივი აქციების 10%-ზე ნაკლებს დაექვემდებარება ლიმიტირებულ აღიარებას/ჩათვლას: თუ ინვესტიციები ჯამურად აჭარბებს კომერციული ბანკის ძირითადი პირველადი კაპიტალის 10%–ს (ამ მუხლის მე–2 პუნქტის „ა” -„თ“ ქვეპუნქტების ჩათვლით ყველა საზედამხედველო კორექტირების გათვალისწინების შემდეგ), ნამეტი თანხა უნდა იქნას დაქვითული. ძირითადი პირველადი კაპიტალიდან უნდა დაიქვითოს ინვესტიცია, რომელიც აჭარბებს 10%–ს გამრავლებული ძირითადი პირველადი კაპიტალის მთლიან საზედამხედველო კაპიტალში წილზე. დამატებითი პირველადი კაპიტალიდან უნდა დაიქვითოს ინვესტიცია, რომელიც აჭარბებს 10%–ს გამრავლებული დამატებითი პირველადი კაპიტალის მთლიან საზედამხედველო კაპიტალში წილზე. მეორადი კაპიტალიდან უნდა დაიქვითოს ინვესტიცია, რომელიც აჭარბებს 10%–ს გამრავლებული მეორადი კაპიტალის მთლიან საზედამხედველო კაპიტალში წილზე.თავი III
კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები. საკუთარი სახსრების მინიმალური დონე და რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციები( I პილარი
კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე · რედაქცია 31.01.2025
მუხლი 7. საზედამხედველო კორექტირებები
თავი II — კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები – საკუთარი სახსრები (I პილარი)
მთავარი მონაცემები
- განაკვეთი 10%
- განაკვეთი 15%
მსგავსი ნორმები სხვა აქტებში
მეზობელი მუხლები
- მუხლი 1. ზოგადი დებულებები
- მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
- მუხლი 3. საზედამხედველო კაპიტალი
- მუხლი 4. ძირითადი პირველადი კაპიტალი
- მუხლი 5. დამატებითი პირველადი კაპიტალი
- მუხლი 6. მეორადი კაპიტალი
- მუხლი 8. საკუთარი სახსრების მინიმალური დონე
- მუხლი 9. საკრედიტო რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციები
- მუხლი 10. რისკის პოზიციები
- მუხლი 11. რისკის პოზიციის კლასები
- მუხლი 12. რისკის პოზიციების გაანგარიშება
როგორ დავიმოწმოთ
საქართველოს ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანება „კომერციული ბანკების კაპიტალის ადეკვატურობის მოთხოვნების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“, მუხლი 7, №100/04, 28.10.2013, სარეგისტრაციო კოდი 220020000.18.011.016109 (კონსოლიდირებული რედაქცია 31.01.2025). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/2060636/muxli-7/