1.
ყველა კომერციული ბანკი ვალდებულია, ჰქონდეს საკუთარი სახსრების ის ოდენობა, რომელიც ყოველთვის მეტი ან ტოლი იქნება  კაპიტალის შემდეგ მინიმალურ მოთხოვნებზე:
ა)
ძირითადი პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი – კომერციული ბანკის ძირითადი პირველადი კაპიტალის თანაფარდობა რისკის მიხედვით შეწონილ რისკის პოზიციებთან, უნდა იყოს 7%–ზე მეტი ან ტოლი;
ბ)
პირველადი კაპიტალის კოეფიციენტი – კომერციული ბანკის პირველადი კაპიტალის თანაფარდობა რისკის მიხედვით შეწონილ რისკის პოზიციებთან, უნდა იყოს 8.5%–ზე მეტი ან ტოლი;
გ)
საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტი – კომერციული ბანკის საზედამხედველო კაპიტალის თანაფარდობა რისკის მიხედვით შეწონილ რისკის პოზიციებთან, უნდა იყოს 10.5%–ზე მეტი ან ტოლი.
2.
ძირითადი პირველადი კაპიტალისა და საზედამხედველო კაპიტალის კოეფიციენტების დათვლისათვის გამოყენებული რისკის მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციები წარმოადგენს ამ დებულების IV-XI თავებით განსაზღვრული საკრედიტო, საბაზრო და საოპერაციო რისკების მიხედვით შეწონილი რისკის პოზიციების ჯამს.
3.
მოცემული მუხლით განსაზღვრული კოეფიციენტების დათვლის მიზნებისათვის კომერციულმა ბანკებმა უნდა ისარგებლონ „საქართველოს საბანკო დაწესებულებებისათვის ბუღალტრული აღრიცხვის ანგარიშთა გეგმის და ანგარიშთა გეგმის გამოყენების ინსტრუქციის“ საფუძველზე გაანგარიშებული რიცხვებით.
4.
საქართველოს ეროვნული ბანკი ადგენს კაპიტალის კონსერვაციისა და კონტრციკლური ბუფერების დაჭერის ვალდებულებასა და მათი მოცულობის შესაბამისად კომერციულ ბანკებზე დაწესებულ შეზღუდვებს