ამ დებულებაში გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი მნიშვნელობები:

ა)საერთო რეზერვი – არაიდენტიფიცირებული ზარალის რეზერვი „კომერციული ბანკების მიერ აქტივების კლასიფიკაციისა და შესაძლო დანაკარგების რეზერვების შექმნისა და გამოყენების შესახებ“  ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მიერ დამტკიცებული წესის შესაბამისად;

ბ) სხვა სრული შემოსავალი –ფინანსური აღრიცხვის საერთაშორისო სტანდარტებით (შემდეგში – ფასს) განმარტებული სხვა სრული შემოსავალი;

გ)გაუნაწილებელი მოგება – ფასს–ით განმარტებული გაუნაწილებელი მოგება.;

დ) არამატერიალური აქტივები – ფასს–ით განმარტებული არამატერიალური აქტივები;

ე) ძირითადი საშუალებები - ფასს–ით განმარტებული ძირითადი საშუალებები;

ვ)ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვი - ფასს-ით განმარტებული ფულადი ნაკადების ჰეჯირების რეზერვი;

ზ) ფინანსური ინსტიტუტი – „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ფინანსური ინსტიტუტი, „საქართველოს ეროვნული ბანკის შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონით განსაზღვრული საფინანსო სექტორის წარმომადგენელი  და სალიზინგო კომპანიები, ასევე, ანალოგიური ორგანიზაციები, რომლებიც დაფუძნებული არიან საზღვარგარეთ;

თ)საჯარო დაწესებულება – საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით განსაზღვრული საჯარო დაწესებულება, ასევე ამ დებულების მიზნებისათვის საჯარო დაწესებულებად მიიჩნევა  სხვა ქვეყნების ცენტრალური, რეგიონული ან ადგილობრივი მთავრობის დაქვემდებარებაში მყოფი არაკომერციული ადმინისტრაციული ორგანოები ან სტრუქტურები, რომლებიც კომპეტენტური ორგანოების მიერ მიჩნეულია იმავე პასუხისმგებლობების მქონე ერთეულებად, რაც რეგიონულ და ადგილობრივ მთავრობებს აქვთ, ან ცენტრალური მთავრობის კუთვნილებაში მყოფი არაკომერციული იურიდიული პირები, რომელთაც აქვთ პირდაპირი საგარანტიო შეთანხმებები, მათ ასევე შეიძლება მიეკუთვნებოდეს თვითმმართველი ორგანოებიც, რომლებიც რეგულირდება შესაბამისი ქვეყნის  კანონმდებლობით;

ი)კრედიტის დაფინანსებული უზრუნველყოფა – საკრედიტო რისკის მიტიგაციის ფორმა, რომლის დროსაც  საკრედიტო რისკის შემცირება ხდება კომერციული ბანკის უფლებით, მეორე მხარის დეფოლტის ან საკრედიტო რისკთან დაკავშირებული სხვა მოვლენის დადგომის შემთხვევაში, დაიწყოს მეორე მხარის მიმართ გაკოტრების საქმის წარმოება ან ამოიღოს/დაისაკუთროს მისი კონკრეტული აქტივები ან თანხები ან შეამციროს/ჩაანაცვლოს მისი რისკის პოზიცია რისკის პოზიციასა და კომერციული ბანკის მიმართ მოთხოვნის თანხებს შორის სხვაობით;

კ)კრედიტის დაუფინანსებელი უზრუნველყოფა – საკრედიტო რისკის მიტიგაციის ფორმა, რომლის დროსაც საკრედიტო რისკის შემცირება ხდება მსესხებლის დეფოლტის ან საკრედიტო რისკთან დაკავშირებული სხვა  მოვლენების დადგომის შემთხვევაში, გადახდის ვალდებულების მესამე მხარის მიერ თავის თავზე აღებით;

ლ)ფულთან გათანაბრებული ინსტრუმენტი – კომერციული ბანკის მიერ გამოშვებული სადეპოზიტო სერტიფიკატი ან სხვა ანალოგიური ინსტრუმენტი;

მ)ურთიერთდაკავშირებული მსესხებლების ჯგუფი - ურთიერთდაკავშირებული მსესხებლების ჯგუფი, რომელიც განსაზღვრულია „კომერციულ ბანკებში კრედიტების კონცენტრაციისა და მსხვილი რისკების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე“ ეროვნული ბანკის პრეზიდენტის ბრძანებით;

ნ)მონათესავე საწარმო - იურიდიული პირის შვილობილი ან/და კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმო, აგრეთვე მისი მაკონტროლებელი პირები და მათი შვილობილი და კონტროლისადმი დაქვემდებარებული საწარმოები;

ო)საზედამხედველო კონსოლიდირება - რისკის მიხედვით შეწონილი აქტივების კალკულაციაში საწარმოს აქტივების გათვალისწინება, რომელშიც კომერციულ ბანკს  განხორციელებული აქვს ინვესტიცია;

პ)რისკის პოზიცია - აქტივი და/ან გარესაბალანსო ელემენტი.
თავი II
კაპიტალის მინიმალური მოთხოვნები – საკუთარი სახსრები (I პილარი