ძირითად პირველად კაპიტალში ჩასართავად კაპიტალის ინსტრუმენტები უნდა აკმაყოფილებდეს შემდეგ კრიტერიუმებს:
ა) მიკრობანკის ლიკვიდაციის შემთხვევაში წარმოადგენს ყველაზე სუბორდინირებულ მოთხოვნას;
ბ) მასზე ვრცელდება მოთხოვნის უფლება ლიკვიდაციის დროს უპირატესი ვალდებულებების დაფარვის შემდეგ დარჩენილ აქტივებზე გამოშვებულ კაპიტალში წილის პროპორციულად;
გ) ძირი თანხა არის უვადო და მისი ანაზღაურება არასდროს ხდება, გარდა ლიკვიდაციის შემთხვევისა (გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ხორციელდება ნებაყოფლობით გამოსყიდვა ან სხვა საშუალებით კაპიტალის ნებაყოფლობითი შემცირება საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთვევებში);
დ) ინსტრუმენტების გამოშვებისას მიკრობანკის რაიმე ქმედება არ ქმნის მოლოდინს, რომ მოხდება გამოშვებული ინსტრუმენტების გამოსყიდვა, დაფარვა ან გაუქმება, ასევე, არც კანონით განსაზღვრული ან სახელშეკრულებო პირობები არ უნდა იძლეოდეს ასეთი მოლოდინის შექმნის საფუძველს;
ე) განაწილება ხდება განაწილებადი ელემენტებიდან (გაუნაწილებელი მოგების ჩათვლით). განაწილების ოდენობა არ არის დამოკიდებული გამოშვების დროს გადახდილ თანხაზე და ხელშეკრულებით დადგენილ ზღვარზე (გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მიკრობანკი ვერ იხდის გასანაწილებელ ოდენობას, რადგან იგი მეტია გასანაწილებელი ელემეტების დონეზე);
ვ) არ არსებობს განაწილების სავალდებულო გარემოებები. შესაბამისად, განაწილებული თანხის გადაუხდელობა არ ითვლება დეფოლტად;
ზ) განაწილება ხდება მხოლოდ ყველა კანონისმიერი და სახელშეკრულებო და უპირატესი კაპიტალის ინსტრუმენტების მიმართ ვალდებულების გადახდის შემდეგ. აღნიშნული ნიშნავს, რომ არ არსებობს პრივილეგირებული განაწილების ვალდებულება, მათ შორის, კაპიტალის იმ ელემენტების მიმართ, რომლებიც კლასიფიცირებულია, როგორც ყველაზე მაღალი ხარისხის კაპიტალი;
თ) არის კაპიტალი, რომელიც პირველ რიგში და პროპორციულად უდიდესი წილით ფარავს ზარალს. ყველაზე მაღალი ხარისხის კაპიტალის ელემენტებს შორის თითოეული ინსტრუმენტი მიმდინარე დანაკარგებს ფარავს ფუნქციონირებადი საწარმოს პრინციპის მიხედვით პროპორციულად და ერთდროულად;
ი) საბალანსო უწყისით გადახდისუუნაროდ აღიარების მიზნებისათვის განაღდებული თანხა ითვლება სააქციო კაპიტალად და არა ვალდებულებად;
კ) განაღდებული თანხა ითვლება კაპიტალად შესაბამისი ბუღალტრული აღრიცხვის სტანდარტით;
ლ) ინსტრუმენტი არის პირდაპირი გზით გამოშვებული და განაღდებული და პირდაპირი თუ არაპირდაპირი გზით მის შესყიდვას მიკრობანკი არ აფინანსებს;
მ) განაღდებული თანხა არ არის უზრუნველყოფილი და მასზე არ ვრცელდება ინსტრუმენტის გამომშვების ან მასთან დაკავშირებული პირის მიერ გაცემული გარანტია, ასევე, მასზე არ ვრცელდება რაიმე სახის იურიდიული ან ეკონომიკური პირობები, რომელიც აღნიშნულ მოთხოვნას უპირატესობას ანიჭებს;
ნ) მისი გამოშვება ხდება მხოლოდ მიკრობანკის აქციონერების თანხმობით, ხოლო თუ ეს ნებადართულია „მიკრობანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონითა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით, სამეთვალყურეო საბჭოს ან აქციონერების თანხმობით სხვა უფლებამოსილი პირების თანხმობით;
ო) ის გარკვევით და ცალკე აისახება მიკრობანკის საბალანსო უწყისში