1. საწარმომ უნდა დანიშნოს კორპორაციული მდივანი, რომელიც ხელს შეუწყობს კარგი კორპორაციული მართვის პრაქტიკის დამკვიდრებას. კორპორაციული მდივნის ძირითად ფუნქციებს წარმოადგენს:

ა) ორგანიზაციული და ინფორმაციული მხარდაჭერის გზით, დაეხმაროს საერთო კრებას, სამეთვალყურეო საბჭოსა (კომიტეტების ჩათვლით) და დირექტორთა საბჭოს თავიანთი საქმიანობის განხორციელებაში;

ბ) სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორთა საბჭოს მისცეს კორპორაციულ დოკუმენტაციასთან და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებული რჩევები;

გ) მჭიდროდ ითანამშრომლოს სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორთა საბჭოსთან  მათი სხდომის დღის წესრიგის შედგენისა და დაგზავნის, სხდომის ორგანიზებისა და ჩატარების, აგრეთვე, შეტყობინებების დაგზავნის საკითხებში;

დ) დაგეგმოს საჭირო ტრენინგები და მოსამზადებელი საორიენტაციო შეხვედრები უკვე მომუშავე თუ ახლად დანიშნულ/არჩეულ სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორთა საბჭოს წევრებისათვის;

ე) აწარმოოს და/ან შეინახოს ყველა კორპორაციული დოკუმენტი, ოქმი თუ სხვა საჭირო საბუთი და ინფორმაცია მინიმუმ 6 წლის ვადით;

ვ) განახორციელოს დამაკავშირებელი რგოლის ფუნქცია აქციონერებს/პარტნიორებს, სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორთა საბჭოს  შორის;

ზ) ორგანიზება გაუკეთოს აქციონერთა/პარტნიორთა საერთო კრების ჩატარებას, რიგგარეშე კრების მოწვევას და უზრუნველყოს ყველა საჭირო ვადებისა და პროცედურების დაცვა კრების ჩასატარებლად. უზრუნველყოს, რომ კრების ოფიციალური მოწვევის განმახორციელებელ პირს მიეწოდოს სრული ინფორმაცია იმ საკითხების შესახებ, რომელთა დღის წესრიგში შეტანა, კანონმდებლობის და წესდების დაცვით, მოთხოვნილ იქნა აქციონერთა/პარტნიორთა, სამეთვალყურეო საბჭოსა თუ დირექტორთა საბჭოს  წევრების მიერ;

თ) უზრუნველყოს მარეგულირებელი/ზედამხედველი ორგანოების მიერ მიღებულ კორპორაციულ მართვასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო და  ასევე, საწარმოს მიერ მიღებული კორპორაციული მართვის კოდექსით გათვალისწინებულ პრინციპებთან შესაბამისობა;

ი) განახორციელოს სამეთვალყურეო საბჭოსა და დირექტორთა საბჭოს  სხდომების, აგრეთვე აქციონერთა/პარტნიორთა საერთო კრების მდივნის ფუნქცია და აწარმოოს ოქმები.

2. კორპორაციული მდივანი წარმოადგენს უშუალოდ სამეთვალყურეო საბჭოს დაქვემდებარებაში მყოფ პირს, რომელიც ახორციელებს საწარმოს მმართველი ორგანოს, აქციონერების/პარტნიორებისა და სხვა დაინტერესებული პირების ინფორმაციულ და ორგანიზაციულ უზრუნველყოფას.

3. სამეთვალყურეო საბჭო დეტალურად უნდა განსაზღვრავდეს კორპორაციული მდივნის უფლებამოსილებასა და ვალდებულებებს, ფუნქციების ჩამონათვალს, საჭირო განათლებასა და კვალიფიკაციას, რომელსაც უნდა ფლობდეს კანდიდატი.

4. სამეთვალყურეო საბჭო ნიშნავს კორპორაციულ მდივანს და განსაზღვრავს შრომითი ხელშეკრულების პირობებს.

5. კორპორაციული მდივანი ამავე დროს არ უნდა იყოს საწარმოს მმართველი ორგანოს წევრი, მინიჭებული ჰქონდეს გადაწყვეტილებების მიღების უფლებამოსილება, ან სხვაგვარად იყოს დაკავშირებული საწარმოსთან ისეთი ფორმით, რამაც შეიძლება ხელი შეუშალოს მას თავისი მოვალეობების მიუკერძოებლად და დამოუკიდებლად შესრულებაშ