1. რისკების ეფექტური მართვის ფუნქციის მიზნებისთვის, მნიშვნელოვანია საწარმოს გააჩნდეს ჯანსაღი შიდა კონტროლის სისტემები, რაც, მათ შორის, მოიცავს ეფექტიან შიდა აუდიტის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც უზრუნველყოფს სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოსთვის დამოუკიდებელი რწმუნების წარდგენას საწარმოს შიდა კონტროლის, რისკის მართვის, მართვის სისტემებისა და პროცესების ეფექტურობის თაობაზე.

2. სამეთვალყურეო საბჭომ და დირექტორთა საბჭომ უნდა უზრუნველყონ შიდა აუდიტის დამოუკიდებლობა და ეფექტურობა, რაც გულისხმობს:

ა) შიდა აუდიტის სრულ წვდომას საწარმოში არსებულ ინფორმაციასთან, ჩანაწერებთან, ოქმებთან და სხვა მონაცემებთან;

ბ) შიდა აუდიტის დამოუკიდებლობის შენარჩუნებას, შიდა კონტროლის, რისკების მართვის სისტემებისა და პროცესების ეფექტურობისა და ეფექტიანობის შეფასებისას;

გ) შიდა აუდიტორებისგან მათი საქმიანობისას სრული შესაბამისობის მოთხოვნას შიდა და საერთაშორისო პროფესიულ სტანდარტებთან;

დ) შიდა აუდიტის თანამშრომლების საკმარის ცოდნას, უნარებსა და რესურსებს საქმიანობის ეფექტურად წარმართვის მიზნით, რაც უნდა შეესაბამებოდეს  საწარმოს საქმიანობასა და რისკებს;

ე) დირექტორთა საბჭოს მხრიდან აუდიტთან დაკავშირებული რეკომენდაციების გათვალისწინებასა და არსებული ნაკლოვანებების დროულ და ეფექტურ აღმოფხვრას;

ვ) შიდა აუდიტის სამსახურის მიერ საწარმოს მთლიანი რისკების მართვის ჩარჩოს შეფასებას, რომელიც, სულ მცირე, მოიცავს:

ვ.ა) რისკების მართვისა და შესაბამისობის ფუნქციების ეფექტურობის შეფასებას;

ვ.ბ) სამეთვალყურეო საბჭოსთან და დირექტორთა საბჭოსთან  რისკების შესახებ ანგარიშგების პროცესების ხარისხის შეფასებას;

ვ.გ) საწარმოს შიდა კონტროლების სისტემის ეფექტურობის შეფასებას.

3. შიდა აუდიტის სამსახური ანგარიშვალდებულია სამეთვალყურეო საბჭოსა და მასთან არსებულ აუდიტის კომიტეტთან. სამეთვალყურეო საბჭო იღებს გადაწყვეტილებებს შიდა აუდიტის სამსახურის უფროსის დანიშვნისა და გათავისუფლების, შეფასებისა და ანაზღაურების თაობაზე. დაუშვებელია შიდა აუდიტის თანამშრომლების ანაზღაურების დამტკიცებაში საწარმოს დირექტორთა საბჭოს მონაწილეობა.

4. სამეთვალყურეო საბჭოს წინაშე ანგარიშვალდებულების გარდა, შიდა აუდიტის სამსახურის მიერ დაუყოვნებლივი ანგარიშგება უნდა ხდებოდეს დირექტორთა საბჭოსთან იდენტიფიცირებულ პრობლემურ საკითხებსა და შეფასების შედეგებზე.

5. შიდა აუდიტის სამსახურის ზომა და სტრუქტურა უნდა შეესაბამებოდეს შიდა აუდიტისთვის განსაზღვრული მიზნების სირთულეს და საწარმოს წინაშე არსებულ რისკებს. საწარმოს აუდიტის კომიტეტმა შესაძლებლობა უნდა მისცეს შიდა აუდიტის სამსახურს, გარე სპეციალისტებისგან მიიღოს სამართლებრივი, ტექნიკური და სხვა სახის კონსულტაციები და მომსახურება.

6. აუდიტის კომიტეტმა, სულ მცირე, წელიწადში ერთხელ მაინც, უნდა შეაფასოს საწარმოს შიდა კონტროლის და რისკების მართვის სისტემების ეფექტურობა და ამის თაობაზე მოახსენოს აქციონერთა/პარტნიორთა საერთო კრება