1. საწარმო ამ კოდექსთან შესაბამისობას აღწერს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-3 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტისა და „გამჭვირვალობის წესის“ მე-3 მუხლის მე-4 და მე-5 პუნქტების შესაბამისად მომზადებულ საწარმოს წლიური ანგარიშის მმართველობით ანგარიშში, რაც გულისხმობს, რომ მან სრულად და ნათლად უნდა აღწეროს თუ როგორ აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
2. კოდექსთან შესაბამისობის აღწერისას, საწარმომ უნდა გაითვალისწინოს შემდეგი:
ა) მოთხოვნებთან სრული შესაბამისობის შემთხვევაში, საწარმო აღწერს თუ რა საშუალებები გამოიყენა კორპორაციული მართვის პრინციპებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად;
ბ) თუ საწარმო ნაწილობრივ შეესაბამება ან არ შეესაბამება კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს, მან უნდა განმარტოს შეუსაბამობის მიზეზი და წარმოადგინოს ალტერნატივა, რომელიც აღწერს თუ რა ღონისძიებები გაატარა საწარმომ ან აპირებს, რომ გაატაროს კოდექსის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველსაყოფად.
3. კოდექსს თან ერთვის შესაბამისობის ანგარიშგება დანართი №2-ის სახით, დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაცია დანართი №3-ის სახით და განაცხადის ფორმა დანართი №1-ის სახით, რომელსაც ხელს უნდა აწერდეს „ფასიანი ქაღალდების ბაზრის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-11 მუხლის მე-12 პუნქტის შესაბამისად, საწარმოს წარმომადგენლობის უფლებამოსილების მქონე პირები და სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე. ეს პირები საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად პასუხისმგებელი არიან ანგარიშში შეტანილი არსებითი ინფორმაციის სისწორისა და სისრულისთვის. დანართები №2 და №3 უნდა შეივსოს შემდეგი პრინციპების დაცვით:
ა) დანართი №2-ის მე-3 სვეტში („მოთხოვნის შესრულება: კი, არა, ალტერნატივა“) წარმოდგენილია შესაბამისი პასუხების სამი არჩევანი. აღნიშნულ ველში საწარმომ უნდა მიუთითოს არის თუ არა ის კოდექსით დადგენილ მოთხოვნებთან შესაბამისობაში და აირჩიოს მოცემული ვარიანტებიდან ერთ-ერთი;
ბ) დანართი №2-ის მე-4 სვეტში („მითითება წლიურ ანგარიშში გამჟღავნებულ შესაბამის ინფორმაციაზე (ქვეთავი/გვ.)“) საწარმომ უნდა მიუთითოს წლიურ ანგარიშში გამჟღავნებული შესაბამისი ინფორმაციის ქვეთავი და გვერდი;
გ) დანართი №2-ის მე-5 სვეტში (შესაბამისი დოკუმენტაცია, რომელშიც დამატებით განსაზღვრულია კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნები) საწარმო უთითებს შესაბამის დოკუმენტაციას, რომელშიც დამატებით განსაზღვრულია ამ კოდექსით დადგენილი მოთხოვნები.
დ) დანართი №3-ით განსაზღვრულია დამატებით წარმოსადგენი დოკუმენტაცია. აღნიშნულ დანართში საწარმომ უნდა მიუთითოს, არის თუ არა შესაბამისი დოკუმენტი საჯაროდ ხელმისაწვდომი და დადებითი პასუხის შემთხვევაში, შემდეგ სვეტში მიუთითოს განთავსებული დოკუმენტის შესაბამისი მისამართი. თუ შესაბამისი დოკუმენტი არ არის საჯაროდ ხელმისაწვდომი, საწარმომ აღნიშნული დოკუმენტი/ინფორმაცია საქართველოს ეროვნულ ბანკს უნდა უნდა წარუდგინოს უშუალოდ, კორპორაციული მართვის შესრულების ანგარიშის წარდგენისთანავ