1. თუ საწარმო წარმოადგენს ჰოლდინგურ კომპანიას, ასეთ ჯგუფში შემავალი შვილობილი საწარმოების მმართველობითი სისტემის შექმნასა და ფუნქციონირებაზე პასუხისმგებელია მშობელი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭო. აღნიშნული მმართველობითი სისტემა უნდა შეესაბამებოდეს ჯგუფისა და მასში შემავალი საწარმოების სტრუქტურას, ბიზნესსაქმიანობასა და რისკებს.
2. მშობელი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭო უნდა ფლობდეს ინფორმაციას იმ არსებითი რისკებისა და საკითხების შესახებ, რასაც შესაძლოა გარკვეული გავლენა ჰქონდეს მასზე და მის შვილობილ საწარმოებზე. მშობელი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭო ადეკვატურ მონიტორინგს უნდა უწევდეს შვილობილ საწარმოებს, რა პროცესშიც შენარჩუნებული უნდა იყოს შვილობილი საწარმოების მმართველი ორგანოს სამართლებრივი და მმართველობითი პასუხისმგებლობა.
3. თითოეული შვილობილი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭო და დირექტორთა საბჭო პასუხისმგებელია საწარმოს შიგნით რისკების მართვის ეფექტური პროცესების შენარჩუნებაზე. საწარმოებმა ხელი უნდა შეუწყონ ჯგუფის დონეზე რისკების მართვის ეფექტურობას.
4. მშობელი საწარმოს მმართველი ორგანო უნდა აფასებდეს ჯგუფის ცალკეული პოლიტიკის შესაბამისობას ადგილობრივ კანონმდებლობასა და საზედამხედველო მოთხოვნებთან და საჭიროების შემთხვევაში, შეცვალოს აღნიშნული პოლიტიკები და შეიტანოს მასში გარკვეული შესწორებები, როდესაც ჯგუფის პოლიტიკები ეწინააღმდეგება კანონმდებლობას/საზედამხედველო მოთხოვნებს ან/და აღნიშნული ზიანის მომტანი იქნება შვილობილი საწარმოს ჯანსაღი და პრუდენციული მართვის მიზნებისათვის.
5. მშობელი საწარმოს სამეთვალყურეო საბჭო ეფექტურობის გაზრდის მიზნით უნდა ითხოვდეს პერიოდულ დამოუკიდებელ მიმოხილვას შვილობილი საწარმოების სტრუქტურის, მათი კონტროლებისა და საქმიანობის შესახებ ისევე, როგორც ინფორმაციას მათ მიერ დამტკიცებულ სტრატეგიასთან შესაფერისობის თაობაზე.
6. სამეთვალყურეო საბჭო მუდმივად უნდა იყოს მზად, ზედამხედველ ორგანოსთან საწარმოში არსებული პოლიტიკისა და სტრატეგიების თაობაზე შესაბამისი ანგარიშგების წარდგენისათვის.