1. მმართველი ორგანოს ანაზღაურების ოდენობისა და სტრუქტურის დამტკიცებაზე პასუხისმგებელია საერთო კრება.

2. საწარმოს დოკუმენტურად უნდა ჰქონდეს განსაზღვრული ანაზღაურების პოლიტიკა, რაც სხვა საკითხებთან ერთად უნდა მოიცავდეს საქმიანობის შესაბამის ზომებს, ანაზღაურების ფორმებსა და მათ კომბინაციებს, მათ შორის, ფიქსირებული და ცვალებადი ანაზღაურების ფორმებს, ბონუსური სისტემის ელემენტებს  და ასევე გადახდების გრაფიკებისა და პერიოდულობის საკითხებს.

3. ანაზღაურების თაობაზე კორპორაციული მართვის ანგარიშში გამჟღავნების მიზნით უნდა მომზადდეს ანგარიში, სადაც გამჟღავნებული უნდა იყოს მმართველი ორგანოს ანაზღაურების პოლიტიკა, ანაზღაურების ოდენობა და ნებისმიერი სარგებელი. ასევე, ნებისმიერი ცვლილება, რაც განხორციელდება ანაზღაურების პოლიტიკაში საანგარიშგებო პერიოდის დასრულების შემდეგ ნათლად უნდა იყოს ასახული ანაზღაურების ანგარიშში.

4. დირექტორთა საბჭოს მიერ ანაზღაურების სისტემის ეფექტური ფუნქციონირების მონიტორინგზე პასუხისმგებელია სამეთვალყურეო საბჭო, რომელიც თავად ან ანაზღაურების კომიტეტის (ასეთის არსებობის შემთხვევაში)  მეშვეობით, სულ მცირე, ყოველწლიურად გადახედავს ანაზღაურების გეგმებს, პროცესებსა და შედეგებს.

5. სამეთვალყურეო საბჭო, ანაზღაურების კომიტეტთან ერთად ამტკიცებს, შიდა აუდიტის, კორპორაციული მდივნისა და, არსებობის შემთხვევაში, სხვა კომიტეტების ანაზღაურების პოლიტიკას, ოდენობას და ამასთან, მონიტორინგს უწევს ანაზღაურების პოლიტიკების, სისტემისა და დაკავშირებული კონტროლის პროცესების ეფექტურ ფუნქციონირებას.

6. დირექტორთა საბჭოს წევრთა ანაზღაურება უნდა იყოს საკმარისი (მაგრამ არა გაუმართლებლად დიდი), იმისათვის რომ მოიზიდოს, შეინარჩუნოს და სათანადო მოტივაცია მისცეს მათ. დირექტორთა საბჭოს წევრთა ანაზღაურება უნდა ეფუძნებოდეს როგორც მთლიანად საწარმოს გრძელვადიან შედეგებს, ისე ცალკეული წევრების საქმიანობის შედეგებსაც. თითოეული წევრის ანაზღაურების განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იქნეს მათი მოვალეობები და პასუხისმგებლობა, აგრეთვე საწარმოს ფინანსური, საოპერაციო მაჩვენებლები და კონკურენტების პოზიციები ბაზარზე.

7. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურება უნდა შეესაბამებოდეს მათ ჩართულობას, დაკისრებულ პასუხისმგებლობებს, გაწეულ ძალისხმევასა და დროის რესურსს. ანაზღაურება რისკის ქვეშ არ უნდა აყენებდეს მათ დამოუკიდებლობას. სამეთვალყურეო საბჭოს წევრთა ანაზღაურება უნდა მოიცავდეს მხოლოდ ფიქსირებულ ანაზღაურებას და არ უნდა შეიცავდეს პრემიას ან ცვალებად კომპონენტს, რომელიც საწარმოს მიერ გარკვეული ფინანსური თუ საოპერაციო მაჩვენებლების მიღწევასთან არის დაკავშირებული.

8. ანაზღაურების პოლიტიკა, სულ მცირე, უნდა შეიცავდეს შემდეგ ელემენტებს:

ა) ანაზღაურების ფიქსირებული და ცვალებადი კომპონენტების განსაზღვრებებს;

ბ) ანაზღაურების თითოეული კომპონენტისთვის დაწესებულ მაქსიმალურ ზღვარს;

გ) მმართველი ორგანოს წევრების საქმიანობის ეფექტურობის განმსაზღვრელ კრიტერიუმებს;

დ) კავშირს ანაზღაურებასა და საქმიანობის ეფექტურობას შორის;

ე)  პრემიების სქემის პირობებს და პარამეტრებს;

ვ) სხვა არაფულად ანაზღაურებას (საწარმოს აქციები, ოფციონები საწარმოს შეძენაზე, დაზღვევა, საპენსიო სქემა და ა.შ.).

თავი IV. აქციონერთა/პარტნიორთა და დაინტერესებულ მხარეთა უფლებე