ოპერატორმა უნდა აწარმოოს ნავთობისა და გაზის ოპერაციები ამ წესებისა და მე-15 მუხლში აღნიშნული სახელმძღვანელო სტანდარტების ფარგლებში, მაგრამ თუ აღნიშნული სტანდარტები არ მოიცავს ნავთობისა და გაზის ზოგიერთ სპეციფიკურ ოპერაციას, მაშინ ოპერატორმა უნდა იმოქმედოს ისე, როგორც ამას გააკეთებდა კომპეტენტური და მაღალკვალიფიცირებული ოპერატორი მსგავს პირობებში.

თავი VII

გამოყენებული ტერმინები

„ანგარიშვალდებული საწარმო“ ნიშნავს სააქციო საზოგადოებას ან სხვა იურიდიული პირს, რომელსაც გამოშვებული აქვს რომელიმე კლასის საჯარო ფასიანი ქაღალდები და ვალდებულია ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ შესაბამის ორგანოს წარუდგინოს ფინანსური ანგარიშები.

„არაანგარიშვალდებული საწარმო“ სააქციო საზოგადოება ან სხვა იურიდიული პირი, რომელიც არ არის ვალდებული ფინანსური ანგარიშები წარუდგინოს ფასიანი ქაღალდების მარეგულირებელ ორგანოს.

„აღმოჩენა” ნიშნავს ნავთობისა და გაზის ნებისმიერ აღმოჩენას სახელშეკრულებო ფართობზე, რომელიც შეიძლება განხილულ იქნეს ოპერატორის მიერ შესაფასებლად, რათა დადგინდეს, წარმოადგენს თუ არა ის კომერციულ აღმოჩენას.

„ბურღვის ნებართვა” ნიშნავს ხელშეკრულებისა და ლიცენზიისაგან განსხვავებულ, სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომლის თანახმადაც ოპერატორს ეძლევა კონკრეტული ჭაბურღილის ბურღვის უფლება, ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების, შეფასების ან დამუშავების მიზნით.

„გეგმა” ნიშნავს ძებნა-ძიების, შეფასებისა ან დამუშავების ნებისმიერ გეგმას.

გოგირდწყალბადის (H2S) მავნე ზემოქმედების ზღვარი” ნიშნავს 250 ppm-ის (ნაწილაკი/მილიონზე) ტოლ ან გაზის უფრო მეტ კონცენტრაციას, რომელმაც შეიძლება გამოიწვიოს სიკვდილი.

„გოგირდწყალბადის (H2S) ქვედა ზღვარი” ნიშნავს 20 ppm-ის (ნაწილაკი/მილიონზე) ტოლ დასაშვებ ზღვრულ კონცენტრაციას, 8-საათიანი ზემოქმედების პირობებში (40-საათიანი სამუშაო კვირის შემთხვევაში).

„დამტკიცებული მარაგები” ნიშნავს ნავთობისა და გაზის იმ რაოდენობას, რომელიც გეოლოგიური და საინჟინრო მონაცემთა ანალიზის საფუძველზე, შეიძლება იქნეს განსაზღვრული და დამტკიცებული როგორც კომერციულად ათვისებადი, არსებული ეკონომიკური, საოპერაციო მეთოდებისა და სახელმწიფო ნორმატიული აქტების პირობებში. დამტკიცებული მარაგები შეიძლება დაიყოს დამუშავებულ და დაუმუშავებელ მარაგებად.

„დამუშავება” ნიშნავს ნავთობისა და გაზის ყველა ოპერაციას, რომელიც განხორციელდება დამუშავების გეგმის თანახმად და შეიძლება მოიცავდეს (მაგრამ არ შემოიფარგლებოდეს), ჭაბურღილების ბურღვასა და ათვისებას ნავთობისა და გაზის მოპოვებას ან ამოღებას ჭაბურღილში თხევადი და აირადი ნივთიერებების ჩაჭირხნის მიზნით; მოწყობილობის, ხაზების, სისტემების, მიწისზედა ნაგებობებისა და დანადგარების დაპროექტებას, მშენებლობას, მონტაჟს, მიერთებასა და წინასწარ გამოცდას; ნავთობისა და გაზის მოპოვების, ამოღების, პირველადი გადამუშავების, დატვირთვა-გადმოტვირტვის, შენახვისა და ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად საჭირო საქმიანობას.

„დასამუშავებელი ფართობი” ნიშნავს ტერიტორიას სახელშეკრულებო ფართობის საზღვრებში, რომელიც მოიცავს შესაფასებელი ოპერაციების შედეგად განსაზღვრულ და დამუშავების პროგრამაში შემოკონტურებულ სივრცულად დახშული ნავთობგაზიანი ბუდობ(ებ)ის სტრუქტურას.

„დამუშავების გეგმა” ნიშნავს ოპერატორის მიერ ხელშეკრულების შესაბამისად მომზადებულ დოკუმენტურ ანგარიშს, რომელიც დეტალურად აღწერს ნავთობისა და გაზის იმ ოპერაციებს, რომელთა ჩატარებასაც ოპერატორი გეგმავს დროის დადგენილი პერიოდის განმავლობაში და რომელიც შეიძლება მოიცავდეს ჭაბურღილების ბურღვასა და ათვისებას, ნავთობისა და გაზის მოპოვებას, ჭაბურღილში თხევადი და აირადი ნივთიერებებისა ან გაზის ჩატუმბვას; მოწყობილობის, ხაზების, სისტემების, მიწისზედა ნაგებობებისა და დანადგარების დაპროექტებას, მშენებლობას, მონტაჟს, მიერთებასა და წინასწარ გამოცდას; ნავთობისა და გაზის მოპოვების, ამოღების, პირველადი გადამუშავების, დატვირთვა-ჩამოტვირთვის, შენახვისა და ტრანსპორტირების უზრუნველსაყოფად საჭირო საქმიანობას.

„დაინტერესებული მხარე” ნიშნავს ეროვნულ ნავთობკომპანიას, ყველა ინვესტორსა და სახელმწიფო უწყებას საქართველოში და ყველა პირს, რომელიც ახორციელებს ან მართავს ნავთობისა და გაზის ოპერაციებს, ან სხვა ნებისმიერ პირს, რომელიც დაინტერესებულია ნავთობისა და გაზის ოპერაციების ეკონომიკური და ეკოლოგიური ზემოქმედებით, საქართველოს იურისდიქციაში მყოფ ტერიტორიაზე.

„დოკუმენტაცია” ნიშნავს წერილობითი და ფირზე აღბეჭდილი ფორმით დაცულ ან ფოტოგრაფიული, ელექტრონული ან სხვა მეთოდით შენახულ მონაცემებს.

„ერთობლივად დასამუშავებელი ფართობი” ნიშნავს ფართობს, რომელიც მდებარეობს ორი ან მეტი სახელშეკრულებო ან სალიცენზიო ფართობის ტერიტორიაზე და მოიცავს ნავთობისა და/ან გაზის სივრცულად დახშული ბუდობ(ებ)ის სტრუქტურას, რომელთა მდებარეობა და პროდუქტიულობა ორ ან მეტ სახელშეკრულებო ან სალიცენზიო ფართობზე დამტკიცებული და დამატებით აღნიშნულია როგორც ასეთი სააგენტოს მიერ.

„ერთობლივი დამუშავების გეგმა” ნიშნავს დოკუმენტურ ანგარიშს, რომელიც განსაზღვრავს ნავთობისა და გაზის იმ ოპერაციებს, რომელთა ჩატარებასაც აპირებს ოპერატორი ერთობლივად დასამუშავებელი ტერიტორიის ფართობზე.

„ერთობლივი დამუშავება” ნიშნავს ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარებას ორი ან მეტი ოპერატორის მიერ, ნავთობისა და/ან გაზის განუყოფელ ბუდობ(ებ)ზე ერთობლივად დასამუშავებელი ფართობის შიგნით.

„ექსპლუატაცია” ნიშნავს ნავთობისა და გაზის მოპოვებისა და მომპოვებელი ჭაბურღილების ექსპლუატაციის ოპერაციების ყველა ტიპს, ასევე ამოღებას, შენახვას, პირველად გადამუშავებას, ტრანსპორტირებას, გაზომვას, ნავთობისა და გაზის მარკეტინგსა და მიწოდებას, ჩაჭირხნას ან უკუ-ჩაჭირხნას და ნავთობისა და გაზის პირველადი და მეორადი ამოღების ყველა სხვა ოპერაციას, ისევე როგორც ამ ოპერაციებისათვის საჭირო ტრანსპორტირების, შენახვისა და სხვა სავალდებულო და დამხმარე სამუშაოებს

„ინვესტორი” ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს, რომელიც არის ლიცენზიის მფლობელი და კანონის შესაბამისად სახელმწიფოსთან გაფორმებული აქვს ხელშეკრულება.

„კანონი” ნიშნავს საქართველოს კანონს ნავთობისა და გაზის შესახებ.

„კაპიტალური რემონტის მნიშვნელოვანი ოპერაციები” ნიშნავს ოპერაციებს მომპოვებელ ჭაბურღილზე მოპოვების აღდგენისა ან გაზრდის მიზნით და არ მოიცავს ამ წესებში აღწერილ კაპიტალური რემონტის რუტინულ ოპერაციებს. კაპიტალური რემონტის მნიშვნელოვანი ოპერაციები, შეზღუდვების გარეშე, მოიცავს ჭაბურღილის ხელახალ ათვისებას ახალ ან დამატებით ჰორიზონტზე, პროდუქტიული ჰორიზონტის ლიკვიდაციას, სამაგრი კოლონის გამოცვლას ან ჭაბურღილისშიგა სხვა ოპერაციებს, რომელთა ღირებულება აღემატება 100 000 დოლარის ეკვივალენტ ლარს.

„კომერციული აღმოჩენა” ნიშნავს ნავთობისა და გაზის აღმოჩენას, რომელიც ოპერატორის დასაბუთებული აზრით და ყველა სათანადო მონაცემის ანალიზის და ოპერატიული, ტექნიკური და ეკონომიკური მაჩვენებლის შესწავლის შემდეგ, შეიძლება იქნეს დამუშავებული კომერციულად, ხელშეკრულების შესაბამისად.

„კალენდარული წელი” ნიშნავს პერიოდს, რომელიც მოიცავს თორმეტ (12) თვეს გრეგორიანული კალენდარის მიხედვით, იწყება 1 იანვარს და მთავრდება 31 დეკემბერს.

„კაპიტალური რემონტის ოპერაციები” ნიშნავს ჭაბურღილზე შესასრულებელ ოპერაციებს პირველადი ათვისების შემდეგ, ჭაბურღილის პროდუქტიულობის შენარჩუნებისა ან აღდგენისათვის.

„კაპიტალური რემონტის რუტინული ოპერაციები” ნიშნავს ნავთობისა და გაზის საშადრევნო არმატურიან ჭაბურღილზე ჩატარებული შემდეგი ოპერაციებიდან ნებისმიერს: პარაფინისაგან გასუფთავება, ჭაბურღილისშიგა მოწყობილობების ამოღება და ჩაშვება, რომელიც შეიძლება შეიცვალოს საბაგირო დანადგარის გამოყენებით; წნევის გაზომვა; ქვიშის ამოტუმბვა; ამოდგუშვა; მინადუღის მოშორება და ანტიკოროზიული დამუშავება; კავერნოგრამის აღება; კოროზიის ინჰიბატორებით დამუშავება; ჭაბურღილიდან ტუმბოს ამოღება ან მისი შეცვლა; კაროტაჟი სატუმბო-საკომპრესორო მილების საშუალებით (დიაგნოსტიკა); საჭერი ოპერაციები და ზედაპირზე ჭაბურღილის დებიტის საკონტროლო მოწყობილობის ჩაშვება ან ამოწევა.

„კორელაციური უფლებები” გამოიყენება მეზობელი სახელშეკრულებო ფართობების ოპერატორების მიმართ და ნიშნავს ყოველი ოპერატორის უფლებას, ფლობდეს საერთო წყაროდან ნავთობისა და გაზის რესურსების ძებნა-ძიების, დამუშავებისა და მოპოვების თანაბარ შესაძლებლობას.

„ლიცენზია” ნიშნავს ლიცენზიას ნავთობისა და გაზის რესურსებით სარგებლობაზე, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფოს სახელით ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელი სახელმწიფო სააგენტოს მიერ გაცემულ იურიდიულ დოკუმენტს, რომელიც ადასტურებს ინვესტორის უფლებას სახელშეკრულებო ფართობზე ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარებაზე.

„მაქსიმალური ეფექტურობის ნორმა” ნიშნავს საბადოდან ნავთობისა და გაზის საშუალო მოპოვების მაქსიმალურ ნორმას, რომლის შენარჩუნება შესაძლებელია და დადგენილია ოპერატორის მიერ საერთაშორისო ნავთობმრეწველობის პრაქტიკის შესაბამისად. მაქსიმალური ეფექტურობის ნორმამ შესაძლებელი უნდა გახადოს საბადოს დამუშავება ისე, რომ არ დაქვეითდეს ნავთობგაზგაცემის ეკონომიკურად დასაბუთებული საბოლოო მნიშვნელობა, რომელიც, როგორც წესი, დამოკიდებულია ოპერატორის მიერ ნავთობისა და გაზის ტრანსპორტირებისა და გასაღების შესაძლებლობებზე.

„მარაგები” ნიშნავს ნავთობისა და გაზის იმ მოსალოდნელ რაოდენობას, რომელიც კომერციულად შეიძლება ამოღებულ იქნეს ცნობილი ბუდობებიდან.

„მაქსიმალური მოპოვების ნორმა” ნიშნავს საშუალო დღიური მოპოვების მაქსიმალურ ნორმას, რომლის დროსაც ნავთობი და გაზი შეიძლება მოპოვებულ იქნეს კონკრეტული ნავთობისა თუ გაზის შემცველი ჭაბურღილის ჰორიზონტიდან, დამუშავების დამტკიცებული პროგრამისა ან შეფასების გეგმის შესაბამისად.

„მნიშვნელოვანი დაღვრა” ნიშნავს ნავთობის, მარილის ხსნარისა ან ქიმიური ნივთიერებების ნებისმიერ დაღვრას ნებართვის გარეშე, რომელიც აღემატება 0,5 ბარელს, რომელიც მოხვდა ან შეიძლება მოხვდეს წყალში ან ხმელეთზე ნავთობისა ან მარილის ხსნარის ათ (10) ბარელის, ან ქიმიური ნივთიერებების 0,5 ბარელის ერთჯერად დაღვრას.

„მნიშვნელოვანი ეკოლოგიური ინციდენტი” ნიშნავს:

ა) ყველა ხანძარს, აფეთქებასა და ამოფრქვევას, რომელიც მოხდა ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარების დროს;

ბ) ნავთობისა ან სხვა საშიში ნივთიერებების დიდ დაღვრას.

„მიწისქვეშა დამცავი მოწყობილობები” ნიშნავს ექსტრემალურ სიტუაციაში ჭაბურღილიდან ამოფრქვევის გასაჩერებლად განკუთვნილ ჭაბურღილში ჩასაშვებ ნებისმიერ მექანიკურ მოწყობილობას, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს ზედაპირზე ან მიწისქვეშ კონტროლირებად ჭაბურღილის შიგა დამცავ სარქველს, საჭირხნ სარქველს, სატუმბ-საკომპრესორო მილების ჰიდრავლიკურ საკვალთს.

„მილსადენები” ნიშნავს მილსადენების იმ მონაკვეთს, რომლებიც აღჭურვილია საჭირხნი ან საკომპრესორო სადგურებით, რეზერვუარებით, საკომუნიკაციო სისტემებითა და საკვალთეებით და ემსახურება სახელშეკრულებო ფართობზე მდებარე ჭაბურღილის პირიდან ნავთობისა და გაზის ტრასპორტირებას, მაგისტრალურ მილსადენთან შეერთების წერტილამდე.

„ნავთობის ეროვნული კომპანია” ნიშნავს ს/ს „ნავთობის ეროვნულ კომპანია „საქნავთობს” და მის სამართალმემკვიდრეს.

„ნავთობისა და გაზის საბადო” ნიშნავს ერთ ან მეტ სტრუქტურულ ინტერვალში ნავთობისა და/ან გაზის ბუდობების სივრცულ შერწყმას, რომლებიც ერთმანეთთან შეიძლება დაკავშირებული იყოს ფორიანი და შეღწევადი ქანებით მთელს მომპოვებელ სივრცეზე და შეიძლება შედგებოდეს რამდენიმე ფენისაგან.

„ნავთობისა და გაზის ოპერაციები” ნიშნავს ძებნა-ძიებას, შეფასებას, დამუშავებას, ექსპლუატაციასა და ლიკვიდაციას, ასევე ნავთობისა და გაზის შეგროვების, პირველადი გადამუშავების და მოპოვებული ნავთობისა და გაზის შენახვის ოპერაციებს, რომელსაც ოპერატორი აწარმოებს სახელშეკრულებო, ფართობზე, ხელშეკრულებისა და ლიცენზიის საფუძველზე.

„ნავთობისა და გაზის ბუდობი’’ ნიშნავს წიაღში ნავთობისა და გაზის მნიშვნელოვანი რაოდენობის ბუნებრივ დაგროვებას.

„ნავთობისა და გაზის ნარჩენები” ნიშნავს ნავთობისა და გაზის ოპერაციების წარმოებისას წარმოქმნილ ნარჩენებს, რომლებიც მიეკუთვნება და დამახასიათებელია მხოლოდ ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიების, დამუშავებისა და მოპოვების ოპერაციებისათვის და მოიცავს, მაგრამ არ შემოიფარგლება: ფენურ წყლებს, საბურღ ხსნარებსა და ამონაბურღ შლამს; ჭაბურღილის ათვისების და კაპიტალური რემონტის ნარჩენებს, ხსნარებს, სანტიარიულ და საყოფაცხოვრებო ნარჩენებს და სხვა.

„ნავთობგაზგაცემის ეკონომიკურად დასაბუთებული მნიშვნელობა” ნიშნავს ნავთობისა და გაზის მაქსიმალურ ფიზიკურ მოცულობას, რომელიც, ოპერატორის დასაბუთებული აზრით, შეიძლება იქნეს ამოღებული ეკონომიკური დანაკარგების გარეშე და წიაღის დაცვის პრინციპების გათვალისწინებით.

„ნავთობისა და გაზის რესურსების რაციონალური გამოყენება” ნიშნავს ნავთობისა და გაზის დანაკარგების თავიდან აცილებასა და მინიმუმამდე დაყვანას, კორელაციური უფლებების დაცვასა და ნავთობგაზგაცემის ეკონომიკურად დასაბუთებული საბოლოო მნიშვნელობის გაზრდას.

„ნავთობისა და გაზის დანაკარგები” ნიშნავს:

– ნავთობისა და გაზის ფიზიკურ დანაკარგებს;

– ფენური ენერგიის (გაზის ენერგიისა და ფენის წყალდაწნევის რეჟიმის ჩათვლით) არაეფექტურ, გადაჭარბებულ ან არასწორ გამოყენებას;

– ნავთობისა და გაზის ჭაბურღილების ისეთ ადგილმდებარეობას, განლაგების ბადეს, ბურღვას, აღჭურვას, ექსპლუატაციასა და მოპოვებას, რომელიც იწვევს, ან აქვს ტენდენცია გამოიწვიოს სწორი და წინდახედული მუშაობისას ამოღებული ნავთობისა და გაზის მაქსიმალური რაოდენობის შემცირება; ან რომელიც იწვევს, ან აქვს ტენდენცია გამოიწვიოს ნავთობისა და გაზის ფუჭი ან ზედმეტი კარგვა ან განადგურება ზედაპირზე;

– ოპერატორის კორელაციური უფლებების დარღვევას ნავთობისა და გაზის ბუდობ(ებ)ის ერთობლივი დამუშავებისას, ამ ბუდობიდან ნავთობისა და გაზის არაერთგვარი, არაპროპორციული ან ჭარბი ამოღების მიზეზით.

„ნახშირორჟანგი (CO2)” არის უფერული, უსუნო და სუსტი მჟავე გაზი, რომელსაც ზოგჯერ უწოდებენ ნახშირმჟავა გაზს და რომლის მოლეკულა შედგება ნახშირბადის ერთი და ჟანგბადის ორი ატომისაგან.

„ნაგებობა” ნიშნავს მიწისზედა და მიწისქვეშა მუდმივად ან დროებით დამონტაჟებულ მოწყობილობას, რომელიც გამოიყენება ნავთობისა და გაზის ოპერაციების დროს ნავთობისა და გაზის მოპოვების, გადამუშავების, დამუშავებისა და ტრანსპორტირებისათვის.

„ნავთობის ჩაღვრა ” ნიშნავს განზრახულ ან გაუფრთხილებელ ქმედებას, რომლის შედეგადაც ნავთობი დაიღვარა, გაჟონილ იქნა, გადმოისხა ან გადატუმბვისას დაიღვარა მიწის ზედაპირზე ან ზღვაში.

„ოპერატორი” ნიშნავს საოპერაციო კომპანიას და/ან ინვესტორს.

„ოპერაციები ნავთობგაზგაცემის გაზრდის მიზნით” ნიშნავს ფენური წნევის შესანარჩუნებლად ჩატარებულ ოპერაციებს, მოპოვების მეორადი და მესამე რიგის მეთოდების გამოყენებას, ფენში გაზის ჩატუმბვას და სხვა ამგვარ საქმიანობას, რომლის მიზანია ნავთობგაზგაცემის ეკონომიკურად დასაბუთებული საბოლოო მნიშვნელობის გაზრდა.

„პირი” ნიშნავს ფიზიკურ ან იურიდიულ პირს.

„სახელშეკრულებო ფართობი” ნიშნავს გეოგრაფიული კოორდინატებით შემოხაზულ და განსაზღვრულ ტერიტორიას, როგორც ეს აღნიშნულია ხელშეკრულებაში და შემდგომში შესწორებულია ტერიტორიის დაბრუნებით ან სხვა ცვლილებებით, რომლის ფარგლებში ოპერატორს მინიჭებული აქვს ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარების ექსკლუზიური უფლება.

„სერტიფიკატი ღია ალთან დაკავშირებულ ოპერაციებზე” ნიშნავს ხელშეკრულებისა და ლიცენზიისაგან განსხვავებულ, სააგენტოს მიერ გაცემულ დოკუმენტს, რომლის შესაბამისად ოპერატორი იძენს ელექტრული და გაზის შედუღების, ჭრის, კუთხვილის მოჭრის, მკვრივი მორჩილვის და მსგავსი, ნაპერწკლებისა და ალის გამომწვევი ოპერაციების ჩატარების უფლებას.

„საერთაშორისო ნავთობმრეწველობის პრაქტიკა” ნიშნავს ნებისმიერ პრინციპს, პრაქტიკასა თუ პროცედურას, რომელიც, როგორც წესი, გამოიყენება საერთაშორისო ნავთობისა და გაზის მრეწველობაში, როგორც კარგი, უსაფრთხო, ეფექტური და აუცილებელი ძებნა-ძიების, დამუშავებისა და ექსპლუატაციის განსახორციელებლად, და შეზღუდვის გარეშე უნდა მოიცავდეს ნებისმიერ პრინციპს, პრაქტიკასა თუ პროცედურას, რომელიც დამტკიცებულია საერთაშორისოდ აღიარებული ორგანიზაციების მიერ და არ ეწინააღმდეგება კანონს.

„სანაპირო ტერიტორია” ნიშნავს სანაპირო წყლებთან მოსაზღვრე ან ახლომდებარე ხმელეთს, რომელზედაც განლაგებული ნავთობისა და გაზის ნაგებობიდან მოსალოდნელია ნავთობისა ან მავნე ნივთიერებების ჩაღვრა სანაპირო წყლებში.

„სანაპირო წყლები” ნიშნავს შავ ზღვასა და მასთან დაკავშირებულ ყურეებს, ტბებს, ჭაობებს, მდინარეებსა და ნაკადულებს, რომელიც ვრცელდება მიწაზე მიქცევა-მოქცევის უკიდურეს წერტილამდე და მოიცავს, ზღვის მიქცევისა და მოქცევას შორის არსებულ ფართობს, სანაპირო ზოლებსა და პლაჟებს.

„საზღვაო ზონა” ნიშნავს წყალსა და შავი ზღვის აუზის მიმდებარე სანაპირო ტერიტორიას, რომლის წიაღი და ფსკერი ეკუთვნის საქართველოს და იმყოფება მისი იურისდიქციისა და კონტროლის ქვეშ.

„სააგენტო” ნიშნავს საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების მარეგულირებელ სახელმწიფო სააგენტოს, რომელიც წარმოადგენს სახელმწიფო საქვეუწყებო დაწესებულებას და აქვს განსაკუთრებული უფლება წარმართოს მოლაპარაკებები, გასცეს ლიცენზიები და ყველა შესაბამისი უფლება ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარებაზე, გააფორმოს ხელშეკრულებები, ასევე ზედამხედველობა და კონტროლი გაუწიოს საქართველოს ნავთობისა და გაზის რესურსების გამოყენებასთან დაკავშირებული ხელშეკრულებებისა და ლიცენზიების პირობებისა და საქმიანობების შესრულებას.

„საუკეთესო და უსაფრთხო ტექნოლოგიები” ნიშნავს მოწყობილობებს, პროცედურებსა და პრაქტიკას, რომელსაც გამოიყენებდა გამოცდილი და კომპეტენტური საერთაშორისო ოპერატორი ამგვარი საქმიანობის განხორციელებისას მსგავს გარემოებებში, საერთაშორისო ნავთობმრეწველობის პრაქტიკის შესაბამისად. ამ წესების მე-15 მუხლში განსაზღვრული სტანდარტების, წესისა და მეთოდის შესრულება უნდა განიხილებოდეს საუკეთესო და უსაფრთხო ტექნოლოგიების გამოყენებად.

„საშიში ნივთიერებები” ნიშნავს ელემენტებს, შეერთებებს ან ნარევს, მათ შორის: ნავთობს, ბუნებრივ გაზს ან გაზებს და მისგან მიღებულ ნივთიერებებს (ბუნებრივად შემცველი დაუმუშავებელი ან გაუსუფთავებელი რადიოაქტიური ნივთიერებების გარდა); ისეთ ნივთიერებებს, რომლებიც მნიშვნელოვან საფრთხეს წარმოადგენენ ადამიანისათვის, გარემოსა და საკუთრებისათვის, ასეთი ნივთიერებების გარემოში ან ცოცხალ ორგანიზმებში დაგროვებით ან პირდაპირი გზით, როგორც ეს განსაზღვრულია საქართველოს საგადასახადო კოდექსის მე-200 თავში, საგადასახადო კანონმდებლობის და საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის 1997 წ. 25 ნოემბრის №139 ბრძანებულების „სტაციონარული წყაროებიდან ატმოსფეროში ან წყალში გაშვებული მავნე ნივთიერებების შედარებითი საშიშროების კოეფიციენტის დამტკიცების შესახებ” საფუძველზე.

„სერიოზული ტრავმა” ნიშნავს ტრავმას, რომლის გამოც პიროვნება ვერ გამოდის სამუშაოზე ორმოცდარვა (48) საათზე მეტი დროის განმავლობაში.

„საცდელი ექსპლუატაცია” ნიშნავს ოპერატორის მიერ კომერციულ დამუშავებამდე ნავთობისა და გაზის დროებით მოპოვებას, სადაც ასეთი მოპოვების მიზანი არის ბუდობის მომზადება კომერციული დამუშავებისათვის. ტერმინი „საცდელი ექსპლუატაცია” არ ნიშნავს იმ ნავთობისა და გაზის მოპოვებას, რომელიც მიიღება საბურღი ოპერაციების ან ჭაბურღილების მოკლევადიანი გამოცდის დროს.

„სავარაუდო მარაგები” ნიშნავს იმ დაუმტკიცებელ მარაგებს, რომელთა გეოლოგიური და საინჟინრო მონაცემთა ანალიზი უჩვენებს, რომ მოპოვება მოსალოდნელია. ამ კონტექსტში, შეფასების ალბათობის მეთოდების გამოყენებით, ალბათობა იმისა, რომ ფაქტობრივად მოპოვებული რაოდენობა აღემატება ან ტოლი იქნება დამტკიცებული და სავარაუდო მარაგების ჯამისა უნდა იყოს არანაკლებ 50%-ისა.

„საოპერაციო კომპანია” ნიშნავს საქართველოში შექმნილ იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს ნავთობისა და გაზის ოპერაციებს ინვესტორის ინტერესების შესაბამისად ან მისი სახელით, სახელმწიფოსა და ინვესტორს შორის გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად.

„ხელშეკრულება“ ნიშნავს წერილობით შეთანხმებას ინვესტორსა და სახელმწიფოს შორის ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარებაზე.

„შემოსავლების გადამხდელი” ნიშნავს ინვესტორს, ოპერატორს ან სხვა პირს, რომელიც ხელშეკრულების ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, ვალდებულია გადაუხადოს საქართველოს სახელმწიფოს გადასახდელი ნავთობისა და გაზის და/ან მომყოლი ნახშირწყალბადების მოპოვებიდან და/ან განაწილებიდან ხელშეკრულების შესაბამისად.

„შეფასება” ნიშნავს ნავთობისა და გაზის ოპერაციებს იმ ტექნიკური მონაცემების ანალიზთან ერთად, რომლებიც ჩატარებულია აღმოჩენის შემდგომ, აღმოჩენის კომერციული მნიშვნელობის დასადგენად.

„შესაძლებელი მარაგები” ნიშნავს იმ დაუმტკიცებელ მარაგებს, რომელთა გეოლოგიური და საინჟინრო მონაცემთა ანალიზი უჩვენებს, რომ ასეთი მარაგების მოპოვება უფრო ნაკლებად მოსალოდნელია, ვიდრე სავარაუდო მარაგებისა. ამ კონტექსტში, შეფასების ალბათობის მეთოდების გამოყენებით, ალბათობა იმისა რომ ფაქტიურად მოპოვებული რაოდენობა აღემატება ან ტოლი იქნება დამტკიცებული, სავარაუდო ან შესაძლებელი მარაგების ჯამისა, უნდა იყოს არანაკლებ 10%-ისა.

„შეფასების გეგმა” ნიშნავს დოკუმენტურ ანგარიშს, რომელიც მომზადებულია ოპერატორის მიერ ხელშეკრულების შესაბამისად და განსაზღვრავს ნავთობისა და გაზის ოპერაციებს, რომელთა ჩატარებასაც გეგმავს ოპერატორი ნავთობისა და გაზის რესურსების აღმოჩენის შემდეგ ბუდობის შემოკონტურების მიზნით და რეზერვუარის სიმძლავრის, ლატერალური გავრცელებისა და ნავთობისა და გაზის ამოსაღები რესურსების რაოდენობრივი შეფასების მიზნით. შეფასების გეგმა შეიძლება მოიცავდეს აგრეთვე გეოლოგიურ და გეოფიზიკურ კვლევებს, აეროფოტოგადაღებასა და სხვა გამოკვლევებს, ასევე შესაფასებელი და სხვა დანიშნულების ჭაბურღილების გაბურღვას.

„შესაფასებელი ჭაბურღილი” ნიშნავს ნებისმიერ ჭაბურღილს, რომელიც გაბურღულია შეფასების გეგმის განხორციელების პროცესში.

„შესაბამისობის დასკვნა” ნიშნავს გეგმის განხილვის შემდეგ სააგენტოს გადაწყვეტილებას იმის შესახებ, რომ ეს გეგმა შეესაბამება ხელშეკრულებას, საქართველოს კანონმდებლობასა და ამ წესებს.

„წესები” ნიშნავს წესებს მთლიანად ან მათ ნებისმიერ ნაწილს, რომელიც მიღებულია სააგენტოს მიერ და რეგისტრირებულია იუსტიციის სამინისტროში.

„ძებნა-ძიების გეგმა” ნიშნავს ოპერატორის მიერ ხელშეკრულების შესასრულებლად მომზადებულ დოკუმენტურ ანგარიშს, რომელშიც განსაზღვრულია ნავთობისა და გაზის ძებნა-ძიებასთან დაკავშირებული ის ოპერაციები, რომელთა განხორციელებასაც გეგმავს ოპერატორი ლიცენზიის პირობების შესაბამისად. გეგმა შეიძლება შეიცავდეს აეროფოტოგადაღებას, გეოლოგიურ, გეოფიზიკურ, სეისმიურ და სხვა კვლევებს, აგრეთვე სეისმიური და სტრუქტურული ჭაბურღილების ბურღვას, სტრატიგრაფიულ კვლევებს და ძებნითი და ძიებითი ჭაბურღილების ბურღვას, რაც შეესაბამება ოპერატორის მიერ ხელშეკრულების შესაბამისად მომზადებულ სამუშაო პროგრამასა და ბიუჯეტს.

„წინასწარი ღონისძიებები” ნიშნავს ხელშეკრულებების გაფორმებას, მასალების შეკვეთას, დაგეგმვას, გარემოზე ზემოქმედების შეფასების სამუშაოებს და სხვა მსგავს ან მოსამზადებელ საქმიანობას, რომელიც არ ახდენს ფიზიკურ ზემოქმედებას სახელშეკრულებო ფართობზე.

„ჯანმრთელობასა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული მნიშვნელოვანი შემთხვევა” ნიშნავს: ნავთობისა და გაზის ოპერაციების ჩატარების დროს მომხდარ უბედურ შემთხვევას, რომელმაც გამოიწვია სიკვდილი ან სერიოზული ტრავმა; ან ჯანმრთელობისა და უსაფრთხოების დაცვის მოწყობილობების მწყობრიდან გამოსვლა, რომელმაც გამოიწვია მსხვილი ეკოლოგიური ინციდენტი.

კარი II

ნებართვის გაცემა და საგარანტიო ვალდებულებები

თავი VIII

ზოგადი მოთხოვნები ნებართვის მისაღებ