1. 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული იმ სუბიექტის შესახებ, რომელსაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 254-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის (2 წელი) განმავლობაში შესაბამისობაში არ მოუყვანია რეგისტრირებული მონაცემები, რეესტრიდან ამონაწერი გაიცემა შეუზღუდავად, 2022 წლის 1 იანვრამდე მოქმედი ამონაწერის ფორმით. სარეგისტრაციო მონაცემების კანონთან შესაბამისობაში მოყვანის ვალდებულებისა და ამ ვალდებულების დადგენილ ვადაში შეუსრულებლობის შემთხვევაში ამონაწერში აისახება ინფორმაცია სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების თაობაზე.
2. 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული ინდივიდუალური მეწარმის, სამეწარმეო საზოგადოების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, უცხო ქვეყნის საწარმოს და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის ფილიალის, თავისუფალ ინდუსტრიულ ზონაში ან მის გარეთ რეგისტრირებული მეწარმის ფილიალის რეგისტრაცია გაუქმებულად მიიჩნევა, თუ ის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნებთან შესაბამისობაში არ მოიყვანს თავის სარეგისტრაციო მონაცემებს კანონით დადგენილი წესით.
3. „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 4 აგვისტოს კანონის ამოქმედებამდე სააგენტოში დაწყებული სარეგისტრაციო წარმოება დასრულდება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 1994 წლის 28 ოქტომბრის კანონით განსაზღვრული წესით, გარდა იმ შემთხვევისა, თუ დაინტერესებული პირის მიერ მოთხოვნილია სარეგისტრაციო წარმოების დასრულება „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს 2021 წლის 4 აგვისტოს კანონით.
4. 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული სუბიექტის „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანის მიზნით სააგენტოს უნდა წარედგინოს დამფუძნებელთა გადაწყვეტილება, რომელიც უნდა მოიცავდეს ამ ინსტრუქციის მე-18 მუხლით განსაზღვრულ მონაცემებს. დამფუძნებელთა გადაწყვეტილება მიიღება სუბიექტის 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული ბოლო წესდებით, საერთო კრების გადაწყვეტილების მისაღებად განსაზღვრული ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით.
5. თუ 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრირებული წესდებით ცალკეულ საკითხზე გადაწყვეტილების მიღებისთვის განსაზღვრულია ზოგადი წესით დადგენილ ხმათა რაოდენობაზე მეტი, სუბიექტის რეგისტრირებული მონაცემების „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონთან შესაბამისობაში მოყვანისას კონკრეტულ საკითხზე დამფუძნებელთა გადაწყვეტილება მიიღება რეგისტრირებული წესდებით გათვალისწინებული ხმათა რაოდენობით. ზოგადი წესით დადგენილი ხმათა რაოდენობით გადაწყვეტილების მიღება დასაშვებია, თუ რეგისტრირებული წესდების ცალკეული საკითხის შინაარსი უცვლელად ასახულია ახალ სადამფუძნებლო შეთანხმებაში და არ ეწინააღმდეგება კანონს.
6. 2022 წლის 1 იანვრიდან, „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის ამოქმედებისთანავე, სააგენტოს ვებგვერდზე (www.napr.gov.ge) სუბიექტთან დაკავშირებით არსებული მონაცემები და სარეგისტრაციო დოკუმენტაცია სააგენტოს მიერ ავტომატურად აისახება ერთიანი ელექტრონული პორტალის რეგისტრირებული მონაცემების გვერდზე.
7. 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებული მეწარმის ელექტრონული მისამართის აქტივაცია განხორციელდება ამ ინსტრუქციით დადგენილი წესით, სამეწარმეო საზოგადოების, არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირის, საზღვარგარეთ რეგისტრირებული იურიდიული პირის ფილიალის, ინდივიდუალური მეწარმის რეგისტრირებული მონაცემების კანონმდებლობის მოთხოვნებთან შესაბამისობის უზრუნველყოფასთან ერთად, ასეთი მოთხოვნის ან ამ სუბიექტის რეგისტრირებული მონაცემების ცვლილების შემთხვევაში.
8. სადამფუძნებლო შეთანხმების კონსოლიდირებული ტექსტის სააგენტოში წარდგენა არ მოეთხოვება 2022 წლის 1 იანვრამდე რეგისტრირებულ სუბიექტს, რომელსაც „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის 254-ე მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის განმავლობაში შესაბამისობაში არ მოუყვანია რეგისტრირებული მონაცემები.
9. სააგენტო, დაინტერესებული პირის მოთხოვნის ან შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლების არსებობის შემთხვევაში, საკუთარი ინიციატივით ანიჭებს საიდენტიფიკაციო ნომერს იმ რეგისტრირებულ სუბიექტს, რომელსაც საგადასახადო რეგისტრაცია არ გაუვლია მოქმედი კანონმდებლობით დადგენილ წესით და შესაბამისად, არ აქვს მინიჭებული ცხრანიშნა საიდენტიფიკაციო ნომერ