1. წყალდიდობისას საგანგებო სიტუაციის კონკრეტული ხასიათიდან გამომდინარე, ამ წესის 24-ე მუხლით განსაზღვრული საავარიო-სამაშველო და სამაშველო სამუშაოების გარდა, ეროვნული სისტემის სუბიექტების მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში, შესაძლებელია საგანგებო სიტუაციების ზონაში ჩატარებულ იქნეს შემდეგი გადაუდებელი სამუშაოები:

ა) ადამიანებისა და ქონების ევაკუაციისათვის მარშრუტების მოძებნა და მათი გაყვანა;

ბ) მღობავი ჯებირების და მიწაყრილების მოწყობა;

გ) სამაშველო საშუალებების მარაგის შექმნა, რომლებიც აუცილებელია წყალზე ადამიანთა გადარჩენისათვის;

დ) ყინულხერგილების ლიკვიდაცია;

ე) მცურავი საშუალებებისათვის მისადგომების მოწყობა;

ვ) გზების დაცვა და აღდგენა;

ზ) ენერგომომარაგების აღდგენა;

თ) საგანგებო სიტაციების მეორადი დამაზიანებელი ფაქტორების ლოკალიზება.

2. რადიოაქტიური დაბინძურებისას საგანგებო სიტუაციის კონკრეტული ხასიათიდან გამომდინარე, ამ წესის 24-ე მუხლით განსაზღვრული საავარიო-სამაშველო და სამაშველო სამუშაოების გარდა, ეროვნული სისტემის სუბიექტების მიერ, მათი კომპეტენციის ფარგლებში, შესაძლებელია საგანგებო სიტუაციების ზონაში ჩატარებულ იქნეს შემდეგი გადაუდებელი სამუშაოები:

ა) რადიაციული დაზვერვა;

ბ) მოსახლეობისა და ტერიტორიის დოზიმეტრული კონტროლი;

გ) საფრთხის ზონიდან გამოყვანილი პირების, სანიტარული დამუშავება და დეკონტამინაცია (გასუფთავება, განეიტრალება);

დ) ტერიტორიის, გზების, შენობა-ნაგებობებისა და ტექნიკის დეზაქტივაცია;

ე) რადიოაქტიური ნივთიერების (ნარჩენები) და დაბინძურებული გრუნტის გატანა.

3. ქიმიური დაბინძურებისას საგანგებო სიტუაციის კონკრეტული ხასიათიდან გამომდინარე, ამ წესის 24-ე მუხლით განსაზღვრული საავარიო-სამაშველო და სამაშველო სამუშაოების გარდა, ეროვნული სისტემის სუბიექტების მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში შესაძლებელია საგანგებო სიტუაციების ზონაში ჩატარებულ იქნეს შემდეგი გადაუდებელი სამუშაოები:

ა) საშიში ქიმიური და სივრცეში წარმოქმნილი მომწამლავი ნივთიერებების ლოკალიზაციისა და გაუვნებელყოფა;

ბ) საფრთხის ზონიდან გამოყვანილი პირების, მათ შორის, სამსახურის დანაყოფებისა და სხვა რეაგირების ძალების შემადგენლობის დეკონტამინაცია (გასუფთავება, განეიტრალება);

გ) ტერიტორიის, შენობა-ნაგებობებისა და ტექნიკის დეკონტამინაცია (გასუფთავება, განეიტრალება);

დ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა.

4. მიწისძვრის დროს ან/და შენობა-ნაგებობების ნგრევისას საგანგებო სიტუაციის კონკრეტული ხასიათიდან გამომდინარე, ამ წესის 24-ე მუხლით განსაზღვრული საავარიო-სამაშველო და სამაშველო სამუშაოების გარდა, ეროვნული სისტემის სუბიექტების მიერ მათი კომპეტენციის ფარგლებში შესაძლებელია საგანგებო სიტუაციების ზონაში ჩატარებულ იქნეს შემდეგი გადაუდებელი სამუშაოები:

ა) წარმოქმნილი ხანძრების ჩაქრობა;

ბ) შენობა-ნაგებობების ნანგრევებისაგან ტერიტორიის გაწმენდის, გასასვლელების, ადამიანებისა და ტექნიკის განთავსებისათვის მოედნების მოწყობა;

გ) შენობა-ნაგებობის კონსტრუქციების ჩამოშლა ან გამაგრება;

დ) დაზიანებული კომუნალურ-ენერგეტიკული ქსელების გათიშვა;

ე) უბნებთან მისასვლელი გზების შეკეთება-გაწმენდა;

ვ) პირველი რიგის გადაუდებელი სასიციცხლო პროცესები და სოციალური ყოფის აღდგენა.

5. მეწყერის, თოვლის, ზვავის, ღვარცოფისა და ქარიშხლისას საგანგებო სიტუაციის კონკრეტული ხასიათიდან გამომდინარე, ამ წესის 24-ე მუხლით განსაზღვრული საავარიო-სამაშველო და სამაშველო სამუშაოების გარდა, ეროვნული სისტემის სუბიექტების მიერ, მათი კომპეტენციის ფარგლებში, შესაძლებელია საგანგებო სიტუაციების ზონაში ჩატარებულ იქნეს შემდეგი გადაუდებელი სამუშაოები:

ა) შენობა-ნაგებობის კონსტრუქციების ჩამოშლა ან გამაგრება;

ბ) სამაშველო სამუშაოების ჩატარების უბნებთან მისასვლელი გზებისა და გასასვლელების მოწყობა;

გ) გზების დროებითი აღდგენა;

დ) ტერიტორიის სანიტარული გაწმენდა;

ე) მეწყერ და ღვარცოფსაწინაღმდეგო ნაგებობების მოწყობა.

თავი V

ხანძრის ჩაქრობა და საავარიო-სამაშველო სამუშაოების/სამაშველო სამუშაოების ჩატარება რთულ პირობებ