1.
მერის წარმომადგენელი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ ერთეულში (შემდგომში – მერის წარმომადგენელი) არის ადგილობრივი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე, რომელსაც საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ და „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ადმინისტრაციული ხელშეკრულებით სამსახურში იღებს და ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას უწყვეტს მერი.
2.
მერის წარმომადგენელი თავის უფლებამოსილებას ახორციელებს მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში.
3.
მერის წარმომადგენელი შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში საქართველოს კანონმდებლობით და ამ დებულებით დადგენილი წესით:
ა) მერს წარუდგენს წინადადებებს შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში არსებული პრობლემებისა და მათი შესაძლო გადაწყვეტის გზების შესახებ;
ბ) უზრუნველყოფს სტატისტიკურ და სხვა მონაცემთა შეგროვებას, ადგილობრივი თვითმმართველობის სამართლებრივი აქტების მოსახლეობისათვის გაცნობას;
გ) უზრუნველყოფს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის კავშირს ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოებთან და ადგილობრივი თვითმმართველობის თანამდებობის პირებთან;
დ) ორგანიზებას უწევს, აკონტროლებს და მერს წარუდგენს ინფორმაციას შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების მიერ მიღებულ გადაწყვეტილებათა შესრულების მიმდინარეობის შესახებ;
ე) ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობის გამოკითხვის და სახალხო განხილვების ჩატარებას;
ვ) მონაწილეობს თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტის პროექტის შედგენაში, ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დასაფინანსებელი ღონისძიებების შესახებ; ორგანიზებას უწევს ადმინისტრაციული ერთეულის მოსახლეობისათვის ბიუჯეტის პროექტის გაცნობას და საჯარო განხილვებს; ახორციელებს ბიუჯეტის პროექტთან დაკავშირებით მოსახლეობის შენიშვნებისა და წინადადებების სისტემატიზაციას და მერისთვის მათ მიწოდებას;
ზ) აკონტროლებს ადმინისტრაციულ ერთეულში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დაფინანსებული პროგრამებისა და ღონისძიებების განხორციელების მიმდინარეობას და შესაბამის ინფორმაციას პერიოდულად წარუდგენს მერს .
თ) ამზადებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში ინვესტირების მიმართულებების და მიზნობრივი პროგრამების შესახებ, უზრუნველყოფს მათი განხორციელების კოორდინაციას;
ი) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციულ ერთეულში მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ქონებით სარგებლობისა და მისი განკარგვის საკითხებზე;
კ) კოორდინაციას უწევს ადმინისტრაციულ ერთეულში თვითმმართველი ერთეულის ქონების აღრიცხვას, აკონტროლებს ამ ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;
ლ) შეიმუშავებს წინადადებებს ადმინისტრაციული ერთეულის ტერიტორიის ზონებად დაყოფის, მათი საზღვრების დადგენისა და შეცვლის, დასახლებების ქუჩების, მოედნების სახელდებისა და ნუმერაციის შესახებ;
მ) მონაწილეობს ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიულ დაგეგმვაში, ადმინისტრაციული ერთეულის სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის ნორმებისა და წესების, მიწათსარგებლობის გენერალური გეგმის, განაშენიანების რეგულირების გეგმის, დასახლებათა ტერიტორიების გამოყენებისა და განაშენიანების რეგულირების წესების, ტერიტორიის კეთილმოწყობისა და საინჟინრო ინფრასტრუქტურის განვითარების პროგრამათა პროექტების მომზადებაში და მათი განხორციელებისა და დაცვის უზრუნველყოფის ღონისძიებებში;
ნ) ვალდებულია მოახდინოს დროული რეაგირება, დაუყონებლივ აცნობოს მუნიციპალიტეტის მერიას და სხვა შესაბამის უწყებებს კანონით გათვალისწინებული სავარაუდო სამართალდარღვევების შესახებ, მათ შორის:
ნ.ა) უკანონო ტყითსარგებლობა, ხე ბუჩქნარისა და ტყის კულტურების მოსპობა ან დაზიანება, მერქნიან მცენარეთა უკანონო გაჩეხვა/დაზიანება;
ნ.ბ) ტყის ტერიტორიის ან დაცული ტერიტორიების სარგებლობის ფარგლებში მიწის თვითნებური დაკავება;
ნ.გ) თევზჭერისა და ნადირობის წესების დარღვევა;
ნ.დ) მყარი ნარჩენების შეგროვებისა და გატანის წესების დარღვევა;
ნ.ე) ბუნებისა და კულტურული ძეგლის დაზიანება;
ნ.ვ) უნებართვო მშენებლობა;
ნ.ზ) სახელმწიფოს ან მუნიციპალური საკუთრების მიწის ნაკვეთის უნებართვოდ დაკავება და სარგებლობა;
ნ.თ) წიაღის დაცვის მოთხოვნათა დარღვევა და წიაღით სარგებლობა სათანადო ლიცენზიის გარეშე;
ნ.ი) წყლის დაცვისა და წყლით სარგებლობის წესების დარღვევა, სახანძრო უსაფრთხოების მოთხოვნათა დარღვევა;
ნ.კ) სანიტარულ-ეპიდსაწინააღმდეგო და პანდემიის წესების დარღვევა;
ნ.ლ) და სხვა სავარაუდო სამართალდარღვევათა თაობაზე.
ო) მონაწილეობს მოქალაქეთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის და სამხედრო სავალდებულო სამსახურში გაწვევის, სამხედრო სასწავლო შეკრებების ჩატარების, დაწყებითი სამხედრო სწავლების, სამხედრო-პატრიოტული აღზრდის და სამოქალაქო თავდაცვის ორგანიზების საკითხებში;
პ) მერის ან შესაბამისი სამსახურის მოთხოვნის შემთხვევაში აწვდის ინფორმაციას იმ პირთა შესახებ, რომელთა დახმარება ხორციელდება სახელმწიფო ან თვითმმართველი ერთეულის ბიუჯეტიდან.
ჟ)საჯარო რეესტრს მოთხოვნის შემთხვევაში, უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის მიზნით აწვდის ინფორმაციას.
რ) „სამოქალაქო აქტების შესახებ“ საქართველოს კანონით განსაზღვრული წესით ახორციელებს დაბადების (თუ ბავშვი დაიბადა სამედიცინო დაწესებულების გარეთ, დაბადების შესახებ სამედიცინო ცნობის გაცემის უფლებამოსილების მქონე პირის დახმარების გარეშე) რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვას, პირის გარდაცვალების ფაქტის დადასტურების შესახებ ოქმის შედგენას და პირის გარდაცვალების რეგისტრაციის თაობაზე სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოსთვის მიმართვას.
ს) მოქალაქეებზე გასცემს ცნობებს:
ს.ა) ნივთის/ საქონლის ადგილწარმოშობის შესახებ;
ს.ბ) პირის ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შესახებ;
ს.გ) პირის მიერ უძრავი ქონების ფლობის შესახებ;
ს.დ) მაღალმთიან დასახლებაში ფაქტობრივად ცხოვრების დადასტურების შესახებ;
ს.ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ცნობებს;
ტ) მერის წარმომადგენლის ცნობა გაიცემა მხოლოდ მუნიციპალიტეტის ერთიანი ელექტრონული საქმისწარმოების სისტემის გამოყენებით;
უ) მუნიციპალიტეტის შესაბამის ადმინისტრაციულ ერთეულში მცხოვრები პირების მდგომარეობის შესახებ ინფორმაციის შეგროვების პროცესში, შეისწავლის ბავშვთა უფლებრივ მდგომარეობას, ადგილზე ამოწმებს ბავშვზე სავარაუდო ძალადობასთან დაკავშირებულ გადაუდებელ შემთხვევას, ახდენს ბავშვზე ძალადობის ნიშნების იდენტიფიკაციას, საფუძვლიანი ეჭვის არსებობისას, სავალდებულო წესით აგზავნის შეტყობინებას სააგენტოსა და პოლიციაში;
ფ) ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობითა განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებს.
ქ) კანონით დადგენილი წესით ასრულებს მუნიციპალიტეტის მერის სხვა დავალებებს